“ჩვენ მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებით რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას დავამტკიცებთ.” – ამის შესახებ პრეზიდენტმა “მტკიცე სული 2021” სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში:
“საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ – ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას.
საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს, ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული.
ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებით დავამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია.” – თქვა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, “დღევანდელი დღე ნათელი დასტურია იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია”.
მისივე თქმით, საქართველო და მისი ჯარისკაცები ძალისხმევას არ დაიშურებენ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ღირსეული წვლილი შეიტანონ.
შეგახსენებთ, დღეს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit-2021-ის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მე-10 საიუბილეო მრავალეროვნული სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.