პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ თავის გუნდთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, – აღნიშნული განცხადება გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
გახარია სხვა პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რადგან ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ.
„შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის… ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში…“ – აღნიშნა გახარიამ.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას, რას იზამს პარტია, თუ ორი არჩევნები ერთად არ დაინიშნება, გახარიამ უპასუხა:
„რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. [თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულად უარს] რა თქმა უნდა, არ ვამბობ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ ვერ მათქმევინებს იმიტომ, რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ეხლა სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც ზიან ეხლა და რაღაცაზე ოცნებობენ, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე…
მე ეხლა თქვენ დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლებიც თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არავის საქმე არ არის ეს… დიახ, ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით…“ – განაცხადა გახარიამ.