20 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ცირა ბზიშვილი, თემურ თათარაშვილი და „თეატრალურის კვარტეტი“ სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „ცხოვრება ღირდა“ პრემიერა შედგა.
ცირა, ვისაუბროთ თქვენს თანამშრომლობაზე. შენი და თემურის ერთობლივი ნამუშევრები ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ „თეატრალურის კვარტეტთან“ ეს შენი პირველი თანამშრომლობაა…
ცირა ბზიშვილი: როდესაც სიმღერას ასეთი ადამიანები ასრულებენ და როდესაც ასეთი მასშტაბური სინთეზი ხდება, ალბათ, ავტორისთვის არა მხოლოდ მუსიკალურ ნაწილს აქვს მნიშვნელობა, არამედ იმასაც, რა მესიჯს მიიტანენ ხალხთან. კი, „თეატრალურის კვარტეტთან“ ჩემი პირველი და ძალიან განსაკუთრებული თანამშრომლობაა.
თემურ თათარაშვილი: რა თქმა უნდა, ცირას ბიჭებთან ეს არ ექნება ნათქვამი, მაგრამ მე მეუბნებოდა, რომ ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო მათთან მუშაობით.
ცირა ბზიშვილი: რა თქმა უნდა, ბიჭები, მათი შესაძლებლობები ვიცოდი, მათი მაღალი აკადემიური დონე მე კი არა, მთელმა საქართველომ იცის და ამით ყველა ვამაყობთ, თუმცა ჩემთვის ნდომის ფაქტორი არის ხოლმე, მაგალითად, როცა თემურთან ერთად ვაკეთებ რამეს, ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ და ზედმეტს არ ვეძიები ხოლმე, რადგან თვითონ თემურის სახელი ქმნის ამ ამინდს და მის გარშემო ნამდვილად ყოველთვის ყველაფერი ხარისხიანი არის წარმოდგენილი. მუშაობის დროს ყველაფერი ჩანს ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები თავისი მოწესრიგებულობით, თავიანთი საქმისადმი ძალიან დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. მუშაობის დროს ისინი ასმაგად დავაფასე. რაც შეეხება თემურის, მართლა ძალიან კარგად შედგა ჩვენი ტანდემი და ჩვენი საერთო სიმღერები ძალიან დიდი რეიტინგით სარგებლობს. ეს რეიტინგები გვაძლევს იმის უფლებას, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ და კიდევ რაღაც სიახლეები შევთავაზოთ მსმენელს. ამ შემთხვევაში, მოვინდომე, რომ ეს სიმღერა ბუმბერაზი ადამიანების პირიდან გაჟღერებულიყო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სიმღერები დროს და სოციალურ გარემოს უნდა შეესაბამებოდეს და ჩემი აზრით, რომ დროული იყო ის მესიჯი, რაც ამ სიმღერაში დევს.
როდის და როგორ შეიქმნა სიმღერა სიმღერა „ცხოვრება ღირდა“?
ცირა ბზიშვილი: თემურის ინიციატივა და იდეა იყო, რომ ბიჭებთან ერთად შეესრულებინა სიმღერა. ეს სიმღერა სპეციალურად მათთვის დაიწერა.
სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა, როგორი შეფასება მოჰყვა თქვენს ერთობლივ ნამუშევარს?
ირაკლი აბჟანდაძე: ყველამ ისე თბილად მიიღო, როგორც ჩაფიქრებული იყო.
თემურ თათარაშვილი: ერთ მაგალითს მოვიყვან. როგორც კი ჩავწერეთ, სიმღერა მაია ჯაბუას ჩავუგდე და ცრემლები მომადგა თვალზე, ძველი თბილისი გამახსენდაო, მომწერა და მაიას დონის მომღერალი რომ ამას მოგწერს, უკვე ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩვენი საკუთარი, პირადად ჩვენთვის შექმნილი სიმღერა ჩაგვეწერა და ცირას ვთხოვე სიმღერის შექმნა და რა თქმა უნდა, ცირამ ძალიან ბევრი მაწვალა, მაგრამ შედეგი ნამდვილად ძალიან კარგია. მე ძალიან მიხარია და დიდი მადლობა ცირას და ბიჭებს.
როდის გეგმავთ კლიპის გადაღებას და ვინ იმუშავებს მასზე?
თემურ თათარაშვილი: ვიდეორგოლს ზურა ციციშვილი გადაიღებს. ზურა არის რეჟისორი, რომელმაც გადაიღო ჩემი სიმღერა „გული ადამიანობს“.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
კობა ჭეფხოძე: 27 აპრილს მივდივართ ანტალიაში, სადაც ასევე იქნებიან კახა გრიგალაშვილი, დათუნა სირბილაძე, გელა დონაძე, ანუკი ცქვიტინიძე, ლელუკა თელია. ამ ყველაფერზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე იხილოთ.
ირაკლი აბჟანდაძე: განსაკუთრებულად ვემზადებით ჩვენი 20 წლის იუბილესთვის, რომელიც შემოდგომაზე იქნება.
ლაშა კირვალიძე: იუბილესთვის ძალიან აქტიურად ვემზადებით. შესრულდება ყველასთვის საყვარელი სიმღერები და იქნება ახალი ვერსიებიც და რა თქმა უნდა, ორკესტრთან ერთად.
კობა ჭეფხოძე: კონცერტის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
თემურ თათარაშვილი: მე 11 მაისს „ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში“ მაქვს სოლო კონცერტი. მაქვს სხვა კონცერტებიც, გეგმაში მაქვს პრაღა, ბარსელონა.
ცირა ბზიშვილი: მე არ მიყვარს წინასწარ თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრ საავტორო სიმღერაზე მიდის მუშაობა და ნელ-ნელა წარვუდგენ ჩვენს მსმენელს.
თემურ თათარაშვილი & თეატრალურის კვარტეტი – ცხოვრება ღირდა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თემურ თათარაშვილი, თეატრალურის კვარტეტი & ცირა ბზიშვილი. ვიდეო კოლაჟი