“მე ვფიქრობ და მოგიწოდებთ ყველას, ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე. ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.” – ასე მიმართა მოქალაქეებს პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ მოქალაქეებს, თქვა, რომ მედიის გარდა, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და აღნიშნა, რომ ქვეყანას, მთელი ხელისუფლების გადადგომის გარდა, სხვა არჩევანი და ხსნა არ აქვს:
“ეს არის სოლიდარობა მედიისთვის და დიდი მადლობა, რომ გვეუბნებით – საჭირო ვართ, გიყვარვართ, მზად ხართ ჩვენს დასაცავად.
ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე, ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.
არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, სამარცხვინო კაციჭამია ღარიბაშვილის და ასევე, მთავრობის არაწევრის, სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილის, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა ამ ქვეყანას არ გააჩნია.
პირველ რიგში, ჩვენ დღეს ვიცავთ არა საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ ჩვენს ტელემაყურებელს და ამ ქვეყნის ხალხს, იმიტომ, რომ ყველას კართან დაიჩოქებს უსამართლობის და ძალადობის აქლემი. ჩვენ გარეშე ეს დაცვა ვერ მოხდება. მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას.
მე ვფიქრობ და მოგიწოდებთ ყველას, ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.” – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავა ერთ-ერთია მედიის იმ წარმომადგენლებიდან, რომელსაც 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მას შემდეგ, რაც ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პარლამენტის წინ 18:00 საათზე საპროტესტო აქცია დაიგეგმა.