LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ უნდა ვიყენებდეთ სოციალურ ქსელებს, როგორც ინსტრუმენტს და არა სოციალური ქსელები გვიყენებდნენ ჩვენ, როგორც რესურსს…“ – რა ხერხებით შეიძლება, ადამიანი სოცქსელებისგან დისტანცირდეს, რას ამბობს ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე

810
ნინი დგებუაძე

რა ხერხებით შეიძლება, ადამიანი სოცქსელებისგან დისტანცირდეს?

ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მოზარდებისა და ზრდასრულების პრობლემებზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და მათი გადაჭრის ხერხებს გვთავაზობს.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყენებდეთ სოციალურ ქსელებს, როგორც ინსტრუმენტს და არა ისე, რომ სოციალური ქსელები გვიყენებდნენ ჩვენ, როგორც რესურსს:

„სოციალური ქსელებისგან დისტანცირება არ არის მხოლოდ ნებისყოფის საკითხი. ეს არის ბრძოლა ალგორითმებთან, რომლებიც ჩვენს ნეირობიოლოგიურ სუსტ წერტილებზეა გათვლილი. ამიტომ, გადაწყვეტილება უნდა იყოს არა ემოციური (მაგალითად, აპლიკაციის წაშლა გაბრაზებულ გულზე), არამედ სტრატეგიული.

დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. დააწესეთ დღეში რამდენიმე საათი. მაგალითად, გაღვიძებიდან პირველი ერთი საათი და დაძინებამდე ორი საათით ადრე. ასევე როდესაც ტელეფონი სხვა ოთახშია. ეს ეხმარება ნერვულ სისტემას, დაუბრუნდეს ბუნებრივ რიტმს და შეამციროს მუდმივი სტიმულაციის მოთხოვნილება.

ჩვენ ხშირად სოციალურ ქსელში შევდივართ არა იმიტომ, რომ რამე გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ უკვე ჩვევად გვაქვს. გადაიყვანეთ ტელეფონის ეკრანი შავ-თეთრ რეჟიმზე. ფერადი ხატულები სპეციალურად არის შექმნილი ჩვენი ტვინის მოსახიბლად. ნაცრისფერ ფერებში სოციალური ქსელი კარგავს თავის მიმზიდველობას. გამორთეთ ყველა შეტყობინება. გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა. შეტყობინება არის ციფრული კაუჭი, რომელიც თქვენს ყურადღებას იქცევს. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ჩვევას ვერ წაშლი, ის უნდა ჩაანაცვლო.

თუ თქვენ სოციალურ ქსელს მოწყენილობის შესამცირებლად იყენებთ, წინასწარ განსაზღვრეთ, რას გააკეთებთ იმ მომენტში, როცა ტელეფონისკენ გაგიწევთ ხელი მაგალითად, წაიკითხავთ 5 გვერდს წიგნიდან, გააკეთებთ სუნთქვით ვარჯიშს ან უბრალოდ გაივლით.

ყოველ ჯერზე, როცა აპლიკაციას ხსნით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რატომ ვარ აქ ახლა? ეძებთ კონკრეტულ ინფორმაციას, გსურთ ვინმეს გამოხმაურება თუ უბრალოდ გაურბიხართ რეალურ ემოციას (შფოთვას, მარტოობას)? მიზეზის გაცნობიერება ავტომატურად ამცირებს ეკრანთან გატარებულ დროს.

ნუ მოგერიდებათ ახლობლების გაფრთხილება, რომ გარკვეულ საათებში არ ხართ ხელმისაწვდომი ონლაინ სივრცეში. ეს ამცირებს იმ სოციალურ წნეხს, რომელიც გვაიძულებს, მუდმივად ხაზზე ვიყოთ.

ჩემი, როგორც ფსიქოლოგის მთავარი რეკომენდაციაა: დისტანცირების მიზანი არ არის ტექნოლოგიაზე უარის თქმა, არამედ ურთიერთობის ხარისხის შეცვლა. ჩვენ უნდა ვიყენებდეთ სოციალურ ქსელებს, როგორც ინსტრუმენტს და არა სოციალური ქსელები გვიყენებდნენ ჩვენ, როგორც რესურსს“, – ამბობს ფსიქოლოგი.

magti 5g