28 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2023“ მომღერალი ნინო კრავეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „მითხარი ლამაზო“ წარუდგინა.
ნინო, როგორ შეაჯამებდით 2022 წელს?
დადებითად შევაფასებ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვარ ხშირად ეკრანზე, მეუბნებიან, რომ ხალხს ვაკლივარ თვალში და ეს უკვე დიდი მიღწევაა. 2022 წელს ახალი სიმღერები გავაკეთე. სიმღერები ხშირად იწერება, უბრალოდ, ფინანსებიდან გამომდინარე ვერ ხდება მათი ხშირად ჩაწერა. ამას ხშირად ვერ და არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ყველა ის სიმღერა, რაც თქვენთა მოვიტანე, მაჩუქეს. ეს საჩუქარი მარი სანიკიძემ გამიკეთა.
რამდენად გამორჩეული დღესასწაულია თქვენთვის ახალი წელი?
ახალი წელი რომ მოდის, პირველ რიგში ბუშტებს ვყიდულობ, სანთლები, რა თქმა უნდა, თავისთავად მაქვს სახლში. ამას სიხალისეს დავარქმევდი, რომელიც ბავშვს უფრო აქვს, ვიდრე მოზრდილს. როგორ შეიძლება, ახალი წელი არ გიყვარდეს. კი, წელი გვემატება, მაგრამ არ უნდა ამას დამძიმება.
როგორია თქვენი საახალწლო ტრადიცია?
ყველა ზეიმს და დღესასწაულს ყოველთვის ლოცვით ვიწყებ, ეს არის ჩემი ტრადიცია.
ზოგადად, ახალი წელი ერთ-ერთი სარფიანი დღე არის ხელოვანი ადამიანებისთვის. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
ჩემთვის სარფიანი არ არის. სურვილი როგორ არ მაქვს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ როცა სიმღერა გადავწყვიტე, ჩვენ ვინღა მოგვისმენსო, ასე მითხრეს ქალაქური სტილის მომღერალმა ხალხმა. მოკლედ, მითხრეს, რომ ხალხს ვჩრდილავ. მე კიდევ გული მწყდება, მეც ხომ მინდა შემოსავალი, მეც მყავს ოჯახი. ხომ შეიძლება, რომ არ შეეშინდეთ, მე ჩემსას ვიმღერებდი, ვენატრები და ვაკლივარ ხალხს.
როგორი გეგმები გაქვთ 2023 წლისთვის?
არ მიყვარს წინასწარ დაგეგმვა. მაგალითად, ამ სიმღერის ჩაწერას ძალიან დიდი ხანი ველოდი, მაგრამ თავისით მოხდა 2 დღეში. საერთოდ რომ არ ველოდი, ისე წავედი საბერძნეთშიც. ერთი შემიძლია იმის სიტყვა მოგცეთ, რომ არ გავჩერდები და ვიმღერებ.
როდის შეიქმნა სიმღერა „მითხარი ლამაზო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?
დაახლოებით, 5-7 წლის წინ დავწერე, მაგრამ ვერ ვახერხებდი ჩაწერას, ფანდურის თანხლებით ვასრულებდი და კარგიც გამოდიოდა. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ითავა ჩაწერა. სტუდიაში ერთხელ მაქვს ნამღერი მხოლოდ თავიდან ბოლომდე, ერთ ცდაზე ჩაიწერა. არანჟირება მარი სანიკიძეს ეკუთვნის.
თქვენს შემოქმედებით საღამოს თუ გეგმავთ?
ამას ორგანიზატორობა სჭირდება, თორემ მე ახლაც თანახმა ვარ. იყო დაპირებები მაგრამ, მერე ჩერდებიან და მე როგორ შევახსენო.
ნინო კრავეიშვილი – მითხარი ლამაზო
გადაცემის აუდიოჩანაწერი