LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ერთად ჩაწერილი სიმღერების წარმატების 80% ხვიჩას დამსახურებაა“- მაცაცო თოხაძე

37
macacodaxvicha

23 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ხვიჩა მაღლაკელიძე და მაცაცო თოხაძე სტუმრობდნენ, გადაცემაში სიმღერის „გარგარი“ პრემიერა შედგა.

 პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ გადალახეთ კოვიდის პერიოდი?

მაცაცო: მიუხედავად ჩემი ხასიათისა, ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედა ჩემზე, რადგან საშინელი დეფიციტი მქონდა ურთიერთობების, კომუნიკაციის, მეგობრებთან ჩახუტების. ამასწინათ ცოტა სევდიანი „პოსტი“ დავწერე და ხვიჩამ მიპასუხა, შემხვდი სადმე, ცოტა ხნითო. ხვიჩა არის ჩემი „წამალი“, ცუდი ხასიათის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ გიჟი ოპტიმისტი ვარ, მჯერა, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მგონი, ნელ-ნელა გამოვდივართ კიდეც ამ საშინელი მარწუხებიდან.

ხვიჩა: ახალი წლის პერიოდში, ჩემს მეუღლეს და ჩემს 2 ბიჭს ჰქონდა კოვიდი. კოვიდიანი ბავშვი მეწვა გვერდით, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიმართე, არ დამემართა, არ მოვეწონე კოვიდს. ვამბობდი თუ უნდა დამემართოს, ბარემ ახლა დამემართოს-მეთქი, მაგრამ არა. ასე რომ, არ ვიცი, რა შეგრძნებაა კოვიდი.

მამაცო, პანდემიის პერიოდში თუ გქონდა მუსიკალური „გამონათება“, თუ დაწერე რამე ახალი სიმღერა?

მაცაცო: არა, არანაირი. „გამონათება“ მქონდა იმ კუთხით, რომ დავთესე პომიდორი, დავიწყე პურის ცხობა და დავიწყე ხატვა, თან ისე წარმატებულად, რომ თავადაც მიკვირს. აღარ მემღერება და ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. ღმერთს მადლობა, რომ ოჯახში ყველა ჯანმრთელად ვართ, სიხარულში და სიყვარულში ვართ, მაგრამ ზოგადი ფონი ისეთია, ალბათ, მაინც დაილექა ეს ყველაფერი ჩემში და მინგრევს ქვეცნობიერს. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, რადგან შეუძლებელია თქვენთან არ მემღერებოდეს.

ეთერს გარეთ აღნიშნე, რომ ამერიკის ძალიან ბევრი რესტორნიდან გიგზავნიან შენს სიმღერებზე გადაღებულ ვიდეოებს. მინდა ამ თემასაც შევეხოთ.

მაცაცო: კი და არა მარტო ამერიკის რესტორნებიდან, მიგზავნიან ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ვინმე ქართველი მაინც „ჭაჭანებს“. ერთხელ შემომდის ზარი, ძალიან ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსისგან, სიმონე ერმინისგან, რომელიც ქართულ ენაზე არაჩვეულებრივად ასრულებს ჩემს სიმღერას „საკუთარი ბედნიერება“ და დიდი მოკრძალებით მთხოვს ამ სიმღერის იტალიურად გადათარგმნის ნებართვას, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჩემი მეგობრები დღემდე ხალისობენ, ერთი „თბილისოა“ ნათარგმნი და მეორე შენი სიმღერაო. სხვათა შორის, არაჩვეულებრივად ჟღერს იტალიურად.

ხვიჩა, მახსოვს ერთ-ერთ ესპანურ სიმღერას უკრავდი ხოლმე გიტარაზე…

ხვიჩა: კი, ანტონიო ბანდერასის „Desperado”-ს ვასრულებდი. მოსწავლემ მომიტანა კასეტა და მთხოვა, ეს სიმღერა მესწავლებინა. მე თვითონ არ ვიცოდი ეს სიმღერა, მაგრამ მომეწონა სიმღერაც, ფილმიც და ვისწავლე და ამ ბავშვსაც ვასწავლე. ჩემი მოსწავლე მეგრელი იყო და მეორე დღეს გაკვეთილზე სასწაული მეგრული აქცენტით მომიტანა ეს სიმღერა. ეს ამბავი  ჩემს გურულ მეგობარს მოვუყევი და თქვა, ნეტა გურული როგორ იმღერებდაო, მერე, ნეტა რაჭველი როგორ იმღერებდაო და ასე შეიქმნა ნომერი ამ სიმღერაზე, სადაც სხვადასხვა ვერსიები იყო გაერთიანებული.

ხვიჩა, აუცილებლად უნდა გკითხო სიმღერაზე, რომელსაც შენ და შენი მეუღლე, მარიამ ჩახვაძე ასრულებთ. როგორ შეიქმნა სიმღერა „მთვრალი საღამო“ ?

ხვიჩა: ქალბატონი ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნა დათო არჩვაძემ ეს სიმღერა და მითხრა, რომ აუცილებლად მე და ჩემს მეუღლეს უნდა გვემღერა. ამ სიმღერით სრულიად დავანგრიეთ უდიდესი სტერეოტიპი „ქალი ვიცი სამზარეულოში“ (იცინის). გამოვიყვანეთ ადამიანი სამზარეულოდან და თურმე არაჩვეულებრივად მღერის, თუმცა რატომ არ იმღერებს, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ყოფილი მოსწავლეა. დღემდე ძალიან მადლიერი ვარ დათოსი, ოღონდ ერთი მინუსი აქვს ამ სიმღერას, ვერცერთ საღამოზე და კონცერტზე ვერ ვასრულებ, რადგან ცოლი არ მომყვება.

მაცაცო, შენი მეუღლე თუ მღერის?

მაცაცო: არა, არც მღერის და არც ცეკვავს.

ძალიან ბევრი სიმღერა გაქვს შექმნილი, უმეტესად სიყვარულზე, რა არის შენი მუზა?

მაცაცო: ადამიანი მღერი იმაზე, რაც გიყვარს, გენატრება და რაც გხიბლავს. ბუნებრივია, ვერ იმღერებ იმაზე, რაც არ გიყვარა. ძალიან ცოტა მყოფნის განწყობისთვის, ასამღერებლად.

დღეს გვაქვს სიმღერის „გარგარი“ პრემიერა. მომიყევით ამ სიმღერაზე.

მაცაცო: ეს სიმღერა 10 წლის მაინც არის, მეტის თუ არა. როდესაც ჩემი და ხვიჩას დუეტის იდეა მომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი მუსიკალურად ჩემზე ბევრად მაღალ დონეზეა, სხვანაირ, სენსიტიურ და სერიოზულ სიმღერაში ხვიჩასთან ჩემი თავი ვერ წარმოვიდგინე, ამიტომაც ცოტა არასერიოზული სიმღერაა.

ხვიჩა: როდესაც მივედი სტუდიაში და დაკვრა დავიწყე, მაცაცოს ვუთხარი, ემღერა, რომ შავ მასალად ჩამეწერა. თავიდან საერთოდ არ მეუბნებოდა, მეც თუ უნდა მემღერა. მითხრა, ეს ადგილი რაღაც კარგად არ გამომდის და მაჩვენე, როგორ ვიმღეროო, ვაჩვენე და დატოვა სიმღერაში (იცინის).

მაცაცო: პროდიუსერები რომ მირეკავენ, და სხვადასხვა გადაცემაში გვიწვევენ, ვეუბნები, დაძველდა ეს სიმღერა-მეთქი, მაგრამ მაინც არ ეშვებიან ამ „გარგარს“ და ძალიან მიხარია, ეს ხვიჩას დამსახურებაა. სიმღერას, ტექსტს და მუსიკას რომ დავწერ და ამ სამუშაო ვერსიას ხვიჩას რომ გადავუგზავნი ხოლმე და მერე ის რომ გადმომიგზავნის ხოლმე თავის დაკრულს, მეცოდება სიმღერის დასადებად, ისე საოცრად უკრავს. ჩვენი ერთად ჩაწერილი სიმღერების წარმატების 80% ხვიჩას დამსახურებაა.

 

ხვიჩა მაღლაკელიძე და მაცაცო თოხაძე  – გარგარი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მაცაცო თოხაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე & ლაშა რამიშვილი – საკუთარი ბედნიერება. Live

 

ხვიჩა მაღლაკელიძე & მაცაცო თოხაძე. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

 

მაცაცო თოხაძე & ხვიჩა მაღლაკელიძე – სულის მტრედო. Live

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები