„ჩვენი ღირსეული ნაბიჯია, რომ ზელენსკის დღეს პასუხი არ გავცეთ“, – ასე ეხმიანება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.
„ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, უკვე ფაქტები გამოჩნდა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობა“]. ჩვენთვის ხომ მარტივად გასაშიფრია, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას მართავდნენ და ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და როდესაც მრჩევლად ჰყავს ასეთი ადამიანები, დარწმუნებული ვარ მოახერხეს ის, რაც მოახერხეს. ამდენი ქვეყანაა მის გარშემო, ასეთ მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და იცლის [ზელენსკი] იმისთვის, რომ საქართველო გააკრიტიკოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია და თქვა, რომ “არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – მოძებნეთ სხვა სამსახური”