შაორის ტბაზე მდებარე ამავე სახელწოდების სასტუმრო გაფართოვდა. „შაორს“ ახალი ღია სივრცეები დაემატა, მათ შორის: მინი სტადიონები, გაიზარდა ეზოს ფართობი, გაფართოვდა ასევე არსებული რესტორანიც.
როგორც „ფორტუნას“ სასტუმრო „შაორის“ გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი ჯმუხაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, განთავსების ობიექტი თითქმის სრულად დატვირთულია და ჯავშნები აგვისტოს ბოლომდე აქვთ. „მიმდინარე წელს, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით, რაჭაში პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ჩვენი სასტუმრო დამსვენებლებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს, განსაკუთრებით კი ევროპის კონტინენტიდან. ჩვენი 30 თანამშრომელი მზად არის, უმასპინძლოს დამსვენებლებს, შეუქმნას მათ მაქსიმალური კომფორტი, სასიამოვნო გარემო“, – ამბობს ირაკლი ჯმუხაძე.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო „შაორს“ შეუძლია ერთდროულად 60-70 ადამიანის მიღება. „ჩვენთან დაგხვდებათ კეთილმოწყობილი ეზო, ღია აუზით, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზაფხულში, ასევე ბავშვებისთვის მოწყობილი სივრცე, ფეხბურთის და ფრენბურთის მინი სტადიონები. რაც მთავარია, მინდა გამოვყო, რომ ჩვენს სასტუმროს აქვს ასევე რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული რაჭული კერძები“, – დასძინა „შაორის“ გენერალურმა მენეჯერმა.
ცნობისთვის, სასტუმრო „შაორში“ ჯამში დასაქმებულია 30-დან 50-ამდე ადამიანი, ისინი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. დასაქმებულთა უმეტესობა არის 30 წლამდე ახალგაზრდა. როგორც „შაორის“ გენერალური მენეჯერი განმარტავს, ამ ახალგაზრდებს მიეცათ შანსი, რომ იმუშაონ საკუთარ რეგიონში, არ დატოვონ რეგიონი და გააძლიერონ რაჭა.
დეტალური ინფორმაციას სასტუმროს შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე