საქართველოს მთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს. მასთან ერთად ადვოკატის სტატუსით გამოკითხვაზე იმყოფება მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძეც.
მისი თქმით, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად და მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ საგამოძიებო ორგანოებმა. ეკა გიგაური აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის საგამოძიებო ორგანო და მტკიცებულებებს პროკურატურას ვერ მიაწვდის.
“გამოძიებას უნდა მივაწოდო ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გვაქვს განცხადებაში ნათქვამი, რადგან ამაზე მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გუშინ ვსაუბრობდით კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამ დანაშაულში არიან ჩართულები. ასევე როდის და რა პირობებში ხდებოდა ეს. ამიტომ, ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და გამოძიებამ კონკრეტული შედეგები დადოს. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება და ეს არის ძალიან კარგი, თუმცა ამის შემდეგ არ ვიცით რა შედეგს დადებს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც გუშინ დავსვით, პასუხები გაეცეს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე.
მისივე თქმით, გამოკითხვაზე ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ აპირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ისინი არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.
