პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ ინიცირებული წერილი ევროკავშირისადმი, იმ კაცის ქცევას შეადარა, ვისაც შვილის გათხოვება სურს და ამბობს, „ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო“. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, “არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ”.
“ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი გავიმეორებ [ჰგავს], როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილის წერილში, ზუსტად. რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ.
ვართ ბევრად უფრო ლამაზები, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. სერიოზულად, ყველა კრიტერიუმი რომ ავიღოთ, თუნდაც უსაფრთხოება, გამოწვევების მიმართ პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ყველა პარამეტრით, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.