LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მიმართულება ქართულ სიმღერას და გენიალური კომპოზიტორების შექმნილ ნაწარმოებებს ეფუძნება… ჩვენი მიზანი ძველი სიმღერების გახსენება და გაახლებაა“ – „ჩვენი კვარტეტი“ სტუმრად „არ დაიდარდოში“

133
ჩვენი-კვარტეტი

13 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ „ჩვენი კვარტეტის“ წევრები, ირაკლი სირბილაძე, მანუჩარ კობახიძე და დავით ნემსიწვერიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების პოპურის პრემიერა შედგა.

როდის და როგორ ჩამოყალიბდა „ჩვენი კვარტეტი“?

ირაკლი: „ჩვენი კვარტეტი“ 5 წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საფუძვლად ქართული სიმღერის სიყვარული უდევს, თუმცა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი იყო ის, რომ გვინდოდა ქუთაისში, ამხელა ტრადიციების ქალაქში ბევრი ანსამბლი, კვარტეტი, ტრიო ყოფილიყო, რადგან მოგეხსენებათ, რომ ქალაქური სიმღერის ტრადიცია ქუთაისიდან მოდის და სხვანაირად უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა. ავიღეთ ჩვენს თავზე ეს დიდი პასუხისმგებლობა და ვიმედოვნებთ, რომ ამას ძალიან ბევრი ადამიანი მიბაძავს და ქუთაისი ისევ ამღერდება. ზუსტად ამ იდეით დავიწყეთ ეს საქმე და დღემდე ასე მოვდივართ.

ქალაქური სიმღერის გარდა სხვა სტილის, ჟანრის შესრულებაზე თუ გიფიქრიათ და თუ გქონიათ მცდელობა?

ირაკლი: სხვა ჟანრზე ჯერჯერობით არ გვიფიქრია. ჩვენი მიმართულება ძირითადად მაინც ქართულ სიმღერას და იმ გენიალური კომპოზიტორების შექმნილ ნაწარმოებებს ეფუძნება, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. ჩვენი მიზანი ძველი სიმღერების გახსენება და გაახლებაა. ყოველთვის ვცდილობთ, ისეთი სიმღერები მოვძებნოთ და შევიტანოთ ჩვენს რეპერტუარში, რომელიც ჩვენთან და ჩვენს ხასიათთან ახლოს იქნება.

ვისი სიმღერები ჭარბობს თქვენს რეპერტუარში?

ირაკლი: ჩვენს რეპერტუარში ძალიან ბევრია ჯანო კახიძის, რეზო ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის და მაცაცო სებისკვერაძის სიმღერები.

2019 წელს ძალიან დიდ საქმეს ჩაუყარეთ საფუძველი და მინდა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ.

ირაკლი: 2019 წელს ქუთაისში რამდენიმე კარგი ქუთაისელის, მათ შორის, ნოდარ მეტრეველის, ლაშა კერვალიძის, ირაკლი აბჟანდაძის და ლევან ქუთათელაძის თაოსნობით შეიქმნა სიმღერის აკადემია. აკადემიის შექმნა „შვიდკაცას“ „ტრიო ბალადას“ და „ჩვენი კვარტეტის“ წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ. გვინდოდა, ბავშვებისთვის სიმღერის კომპლექსურად სწავლის საშუალება მიგვეცა. ჩვენთან ისწავლება: ქალაქური სიმღერა, ხალხური სიმღერა, ქართული საგალობლები. გვყავს მეტყველების და ვოკალის პედაგოგები. მთელი სულით და გულით ვართ ამ საქმეში ჩართულები.

მანუჩარი: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან სპეციფიკურია და პლუს ამას, ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან მომავალ თაობას უნდა გადავცეთ ის, რასაც ქართული სიმღერის სიყვარული ჰქვია.

როგორ შეიქნა და ვის ეკუთვნის პოპურის ჩაწერის იდეა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ირაკლი: იდეა ერთობლივი იყო, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს ეს სიმღერები. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ დავით მაზანაშვილს არანჟირებისთვის. დიდი მადლობა ასევე ჩვენს მეგობარს, რომა გიორგაძეს, რომელმაც ხმაზე იმუშავა.

 

ჩვენი კვარტეტი – პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“ჩვენი კვარტეტი” – იასამანო. Live

 

“ჩვენი კვარტეტი” – პოპური. Live

 

“ჩვენი კვარტეტი”. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები