LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართული კულტურა წარმოგვეჩინა… მოწიწებით ვუდგებით იმას, რომ სიმღერა არ გასცდეს ხალხურ ჩარჩოებს, რომ არ დაიკარგოს ჟღერადობა, პოლიფონია, ხასიათი“ – ანსამბლი „ოდა“

26
ანსამბლი-ოდა

13 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლ ოდას წევრები, გელა ბერაძე, დავით ჩაჩხიანი, ლაშა აბხაზავა, ირაკლი ფერცულიანი სტუმრობდნენ, რომლებმაც ანსამბლის შექმნის ისტორიაზე, თავიანთ შემოქმედებაზე და რეპერტუარზე ისაუბრეს და მსმენელს მათი და ღამის შოუს ერთობლივი ნამუშევარი, „მარებელი“ წარუდგინეს.

როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?

დავით ჩაჩხიანი: ჩვენი ანსამბლი 2021 წლის 10 აპრილს ჩამოყალიბდა. ეს იყო პეტერბურგში. ჩვენ, ქართველებს, ასე ვთქვათ, ჩვენი საქართველო გვქონდა იქ, ვგალობდით ქართულ ტაძარში, სულ ვმღეროდით, ვმეგობრობდით, ერთად ვიყავით. ჯგუფში სულ 7 წევრი ვართ, ჩვენი წევრები ასევე არიან დავით მეგრელიშვილი, ზაზა როგავა და გიორგი თოდუა.

რაც შეეხება ანსამბლის შექმნის იდეას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთად ხშირად ვმღეროდით, ერთმა პროდიუსერმა მოგვისმინა სუფრაზე და მან მოგვაწოდა იდეა, რომ ანსამბლი გაგვეკეთებინა. საკმაოდ ამბიციური გეგმები ჰქონდა მას ჩვენთან დაკავშირებით, უნდოდა, რომ რაც შეიძლებოდა მალე, ჩაგვეტარებინა სოლო კონცერტი და კარგი სტარტი აგვეღო. დაიგეგმა კონცერტი, მაგრამ მოხდა ისე, რომ გადაიდო, რადგან პანდემია, რეგულაციები დაგვემთხვა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, 2021 წლის 28 დეკემბერს გვქონდა საშობაო კონცერტი. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის და რეგულაციების მიუხედავად, სრულად შეივსო სივრცე.

გელა ბერაძე: ისეთი კონცერტი გამოვიდა, რომ დიდი ოვაციები და გამოხმაურება მოჰყვა.

როგორია თქვენი რეპერტუარი?

ლაშა აბხაზავა: ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, რომ ჩვენი, ქართული კულტურა წარმოგვეჩინა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფოლკლორული შესრულება ყოფილიყო. რადგანაც ჩვენ ძირითადად დასავლეთ საქართველოდან ვართ, ჩვენთვის გაცილებით ახლოს იყო ჩვენი კუთხის სიმღერების გაჟღერება, შესაბამისად, ძალიან სახასიათო სიმღერები ავიღეთ, მარებელი, ჭიჭე ტურა, აჭარული, სვანური სიმღერა…

რატომ სახელწოდება „ოდა“?

დავით ჩაჩხიანი: ბევრი ვიფიქრეთ, რადგან მოკლე სახელწოდება გვინდოდა. „ოდა“ შევარჩიეთ, რადგან ჩვენ ხომ ჩვენი სახლი, ჩვენი საქართველო გვქონდა იქ, ერთ ოდაში ვიყავით, ერთ ნავში ვისხედით… შინაურული და მეგობრული გარემო გვაქვს ანსამბლში და აქედან გამომდინარეც მოგვეწონა ეს სახელწოდება.

რომელ სტუდიაში იწერება თქვენი სიმღერები?

დავით ჩაჩხიანი: ჩვენ ძალიან პედანტურად და მოწიწებით ვუდგებით იმას, რომ სიმღერა არ გასცდეს ხალხურ ჩარჩოებს, რომ არ დაიკარგოს ჟღერადობა, პოლიფონია, ხასიათი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს ვერ მიანდობ ამ საქმეს. გელას შემოთავაზება იყო, რომ ზაზა ხუბუკელაშვილს გაეკეთებინა ჩვენი ალბომი და ისე მოხდა, რომ ზაზა მაშინ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და ჩაწერები პეტერბურგში დავიწყეთ. სიმღერების ნაწილი იქ ჩაიწერა და შემდგომ უკვე თბილისში, ზაზას სტუდიაში გაგრძელდა. ჯერჯერობით 5 საალბომე სიმღერა გვაქვს ჩაწერილი. ამ ეტაპზე სტუდიურ რეჟიმზე ვართ, ანუ ვმუშაობთ ალბომზე და გრანდიოზულ კონცერტებს და რაღაცებს არ ვგეგმავთ, რადგან გვინდა, რომ ბოლომდე ალბომზე ვიყოთ გადართულები.

ვისაუბროთ თქვენი და „ღამის შოუს ბენდის“ ერთობლივ ნამუშევარზე, „მარებელი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

გელა გნოლიძე: ჩვენ ძალიან მოგვწონს „ოდას“ ბიჭები. „მარებელის“ მათი ვერსია რომ მოვისმინე, ისე ძალიან მომეწონა, რომ ეგრევე გადავწყვიტე, ჩვენთან, შოუში მომეპატიჟებინა და ერთად გაგვეკეთებინა ცოტა ახლებური, ჩემებური ვერსია. მგონია, რომ ძალიან კარგი გამოვიდა.

დავით ჩაჩხიანი: გელას დიდი მადლობა პერფორმანსისთვის. ბენდის გოგოებმა ისეთი ხალისი და ფერები შემოიტანეს… ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა და კიდევ უფრო შემაყვარეს ამ ადამიანებმა.

 

ანსამბლი “ოდა” & ღამის შოუს ბენდი – მარებელი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანს. “ოდა” – ყაყაჩო. Live

 

ანს. “ოდა”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები