LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მხარდაჭერით ფერმერებმა 7 000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა შეიძინეს“ – სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებს შეხვდა

118
სოფლის მეურნეობის მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით“ მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფერმერების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება სწორედ ასეთი შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხების საფუძველზე ხდება.

„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ, საჭირო ღონისძიებები აგროვადების დაცვით განახორციელონ. აქედან გამომდინარე, ჩვენ წლებია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების კუთხით, მასშტაბურ მხარდაჭერას ვახორციელებთ.

ჩვენი მხარდაჭერით ფერმერებმა შვიდი ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა შეიძინეს. წელს დავიწყეთ ახალი პროგრამა უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ გადავცემთ ხელის ტრაქტორებს – მოტობლოკებს საკმაოდ მაღალი, 70 პროცენტიანი თანადაფინანსებით. მიმდინარე წელს ამ მხარდაჭერას 5 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს. განაცხადები უკვე შემოსულია სოფლის განვითარების სააგენტოში. მიმდინარეობს პროცედურული განხილვა და ყველა შესაბამისი განცხადება, რომელიც არის სათანადო წესით შევსებული და წარმოდგენილი, დაკმაყოფილებული იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფერმერებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ახალი პროგრამით კმაყოფილები არიან. ტრაქტორების ქირაობა და მიწის დამუშავება, რიგების გამო, დროს მოითხოვდა და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. ხელის ტრაქტორების შეძენა კი, დიდი შეღავათია.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა და ბევრი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა მოტობლოკების დაფინანსების პროგრამაც, რაც ადგილობრივებისთვის სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებაა.

„მიმდინარე წლის 17 ივნისის მდგომარეობით, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში მიღებული განცხადებიდან 1147-ზე მეტს უკვე დადებითი პასუხები ეცნობა, მათ შორის, იმერეთის რეგიონიდან 308, ხოლო უშუალოდ საჩხერის მუნიციპალიტეტიდან – 166 განმცხადებელს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს განაცხადების განხილვის პროცესი“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g