12 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კომპანიის GMI Rights Management-ის ხელმძღვანელი ზუკა ბეჟაშვილი, ცნობილი კომპოზიტორის კონსტანტინე პევზნერის მემკვიდრე გიორგი როშჩუპკინი და მომღერალი გიგა ჯალაღონია სტუმრობდნენ, რომელთაც ქართული მუსიკის უნიკალურ მემკვიდრეობაზე ისაუბრეს და 1960-იანი წლების პოპულარული სიმღერის „გაზაფხულის დუეტის“ ახალი ვერსია წარადგინეს.
– ზუკა, რას წარმოადგენს კომპანია GMI Rights Management?
– ჩვენი კომპანია საავტორო უფლებებს იცავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ფასდაუდებელი კულტურული საგანძურის მფლობელები ვართ, რადგან ჩვენს კატალოგში ყველა ქართველი კომპოზიტორის, ყველა ხელოვანის, ტექსტისა და კომპოზიციის ავტორის ნამუშევარია თავმოყრილი, ანუ ჩვენი კომპანია საქართველოში შექმნილი მუსიკალური მემკვიდრეობის 80%-ს ფლობს. მართალია, უამრავი პროექტი გვაქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ძველი შედევრების გაცოცხლება და მსმენელისთვის მათი ახლებურად შეთავაზებაა.
– გიორგი, თქვენ მართლაც საოცარი მემკვიდრეობის მფლობელი ხართ,
– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია GMI-ს და Temo’s Studio-ს, ვისი დახმარებითაც „გაზაფხულის დუეტების“ ახალი ვერსია შეიქმნა. ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და მსმენელსაც ძალიან მოეწონება.
– ზუკა, რას გულისხმობს საავტორო უფლებების დაცვა?
– ალბათ იცით, რომ საავტორო უფლება ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის მანძილზე ვრცელდება, ამიტომ ჩვენ საავტორო უფლებების სრული დაცვით ვქმნით ახალ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ უფლებების დარღვევად ითვლება პევზნერის ნებისმიერი კომპოზიციის ფონოგრამის გამოყენება, ეთერში გაშვება და YouTube-ვიდეოს გაკეთება, რადგან ყველაფერს ლიცენზია სჭირდება, რომელსაც GMI გასცემს პევზნერის მემკვიდრეებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ლიცენზირებულია კონსტანტინე პევზნერის და ლევან ჭუბაბრიას ერთობლივი ნამუშევარიც „გაზაფხულის დუეტი“, რომელიც მართლაც საოცარი პოპულარობით სარგებლობდა გასული საუკუნის 60-იან წლებში. სხვათა შორის, პირველად სიმღერა გადაცემაში „აკუსტიკა“ გაჟღერდა ელენე ლეკვეიშვილისა და გიგა ჯალაღონიას შესრულებით. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ შესანიშნავი ვერსიის მიუხედავად, სრულიად განსხვავებული არანჟირებით, განსხვავებულ რიტმში შეიძლებოდა მისი გაკეთება იმავე მომღერლების შესრულებით.
– გიგა, რატომ გადაწყვიტეთ ამ სიმღერის ჩაწერა?
– ზუკა რამდენიმე წლის წინ გავიცანი, როცა რუსუდან სებისკვერაძის „მეფის ქალი“ მოვისმინე და ისე მომეწონა, აუცილებლად საკუთარი ვერსიის ჩაწერა გადავწყვიტე. სწორედ მაშინ შედგა ჩვენი თანამშრომლობა პირველად, მეორე პროექტად კი, „გაზაფხულის დუეტი“ შევარჩიეთ. ძალიან მომწონს პევზნერის შემოქმედება, მადლიერება მინდა გამოვხატო უნიჭიერესი კომპოზიტორის მისამართით, რომელმაც მართლაც საოცარი კომპოზიციები აჩუქა ქართულ მუსიკას.
– ზუკა როგორ მოგეწონათ „გაზაფხულის დუეტის“ ახალი ვერსია?
– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ უზარმაზარი წვლილი მიუძღვის სიმღერის ჩაწერაში Temo’s Studio-ს და პირადად თემოს, რადგან ზუსტად შეასრულა ტექნიკური დავალება და საოცრად ჰარმონიული, რიტმული, სასიამოვნო ჟღერადობის სიმღერა შექმნა, რომლის მოსმენა განსაკუთრებით ავტომობილშია სასიამოვნო.
– თქვენი აზრით, რამდენად დაცულია საქართველოში საავტორო უფლებები?
– ჩვენმა კომპანიამ შექმნისთანავე უზარმაზარი მისია იტვირთა საკუთარ თავზე, რადგან იმ პერიოდში არავინ სცემდა პატივს ე.წ. სინქრონიზაციის უფლებას, რაც ერთი ნაწარმოების სხვა ნაწარმოებში ჩართვას გულისხმობს. მაგალითად, ნებისმიერი ვიდეოს ანუ კამერით გადაღებული მასალის სხვა მასალაში გამოყენებისთვის აუცილებელია ლიცენზიის მიღება. სწორედ ამ უფლების მოპოვებისთვის დავიწყეთ ბრძოლა. ზოგადად, უფლებების მართვა სამ ძირითად პუნქტს აერთიანებს: სინქრონიზაციას, ციფრულ დისტრიბუციას და მექანიკურ უფლებებს, საჯარო შესრულებას და საჯარო გადაცემას. პირველ ორ პუნქტს თვითონ ვმართავთ, საჯარო შესრულებასა და გადაცემას კი, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, რათა არ დაირღვეს ჩვენი ავტორების უფლებები. 2002 წელს ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ციფრული პლატფორმებიდან დაგენერირდა 200 ათასი ევროს ჰონორარი, რაც ძალიან კარგი შედეგია, რადგან წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართულ ციფრულ ბაზარზე მსგავსი ჰონორარის მიღება შეიძლებოდა. არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს სინქრონიზაციის კუთხითაც, რადგან ნახევარ მილიონზე მეტი ჰონორარი გავანაწილეთ ქართველ ავტორებს შორის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არა მხოლოდ გავცემთ ლიცენზიას, არამედ ვიცავთ ავტორების უფლებებსაც, ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს და სამართლებრივად აღვადგინოთ დარღვეული უფლებები. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ უამრავი საქმე მოვიგეთ და მომავალშიც ამავე რეჟიმით ვგეგმავთ მუშაობას, ამასთანავე, ძალიან მიხარია, რომ საქმეთა უმეტესობა არა ჯარიმით, არამედ მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგებით სრულდება.