“ოპოზიციას თუ ჰგონია, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის”, ეს ასე არ არის. “ქართული ოცნება” ამჯერადაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა ჩვენი ნაბიჯი დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ “ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა, მზად არის, ისაუბროს ყველა საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი საერთოდ არ ყოფილა, ახლა კი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ძალები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ:
“იცით, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნორები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა, მზად ვართ, ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ნაბიჯები აუცილებლად სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული იქნება. ყველაფერი, რასაც აქამდე ვისმენდით კომპრომისად, ეს იყო “ქართული ოცნების’ მხრიდან გადადგმული. სამწუხაროდ, მეორე მხრიდან კომპრომისი საერთოდ არ ყოფილა. ამდენად, ვფიქრობ, ოპოზიციური ძალები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციასაც ანიჭებს პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მომეტებულად არის ხელისუფლების მხარეს, ამიტომ, როდესაც “ქართული ოცნება” კომპრომისზე ვსაუბრობთ, ყველა იმ საკითხზე გვაქვს ხელშესახები მიდგომა, რომელსაც ჩვენი დასასვლელი პარტნიორები და საზოგადოება ელოდება.” – თქვა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, საქართველოში უკვე მეორე ვიზიტით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი იმყოფება.
დიპლომატი, რომელმაც მხარებს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, დილიდან შეხვედრებს მართავს.
დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, პოლიტიკურ პარტიებთან აუდიენციას კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში გამართავს.
“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრები მედიატორთან 14:00 საათზეა ჩანიშნული.