ქართული ჩაი “ბუეთი” ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვანი არომატის ორგანულ ჩაის სთავაზობს. სად იწარმოება ქართული ჩაი და რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე, კომპანიის წარმომადგენელმა მინდია ძნელაძემ “ბიზნესნიუსის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
როდის გაჩნდა ბაზარზე ქართული ჩაი “ბუეთი” და სად იწარმოება თქვენი პროდუქტი?
კომპანია დაარსდა 2017 წელს. ჩვენი ქარხანა არის ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ასევე, ჩვენს მფლობელობაშია დაახლოებით 50 ჰა ჩაის პლანტაციები. ჩვენი პროდუქტი ბაზარზე წელიწად-ნახევარია არსებობს, ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ქართულ ჩაის. გვჯერა, რომ შეგვიძლია პრემიუმ ხარისხის ქართული პროდუქცია ვაკეთოთ. ჩვენი პროდუქცია არის სრულიად ორგანული, წარმოებისას ყველაფერი ხელით დაკრეფილია. ქარხანა ახალი აშენებულია, ყველა დანადგარი ახალია. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორგანული პროდუქცია ვაწარმოოთ.
რა სახეობის ჩაის სთავაზობთ მომხმარებელს და რაზეა უფრო მეტად მოთხოვნა?
დღეისათვის, ვაწარმოებთ 6 სახეობის ჩაის, დასაყენებელ და “პაკეტების” ჩაის. ძირითადი მოთხოვნა მაინც არის შავ ჩაიზე, რადგან სტატისტიკურად ყველა ქვეყანაში უფრო მეტად შავი ჩაი ისმება. მეორე ადგილზე არის ველური მოცვის ჩაი, ეს პირდაპირ ტყეში დაკრეფილი მოცვის ფოთოლია. საინტერესოა ის, რომ ზოგადად, ჩაის უფრო მეტი კოფეინი აქვს, ვიდრე ყავას. მოცვის ჩაის მთლიანი აზრი და განსაკუთრებულობა ისაა, რომ უკოფეინოა, უფრო მჟავე და ცოტა მოტკბოა. მისი დალევისას, სულ არ გახსენდება, რომ ჩაის სვამ.
სად იყიდება თქვენი ჩაი? რამდენად მასშტაბურად ხართ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი?
ჩვენი ჩაი იყიდება “აგროჰაბში”, “გუდვილში” და ევროპროდუქტში. საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველგან ვართ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მთლიანი საქართველო მოვიცვათ და შევახსენოთ ქართველ ხალხს, რომ ქართული ჩაი არსებობს და უმაღლესი ხარისხის შეიძლება იყოს.
თქვენი აზრით, რამდენად აქვს პოტენციალი ქართულ ჩაის, რომ ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქტი?
შანსი და პოტენციალი აქვს. მთავარია, ვაჩვენოთ მომხმარებელს, რომ შეგვიძლია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ და დავაჯეროთ, რომ ჯობს იყიდო ქართული და არა ინგლისური, ინდური, ჩინური, რომელიც ძალიან მასშტაბურად შემოდის ქართულ ბაზარზე. დღეს იმატებს და იმატებს ქართული ჩაის მწარმოებელთა რაოდენობა და გვჯერა, რომ შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ.
როგორ მუშაობთ ექსპორტის მიმართულებით და რომელ ქვეყნებში გაგაქვთ პროდუქტი?
დღეს ექსპორტზე გავდივართ გერმანიაში და ინგლისში, მანდაც გამოკვეთილად ჭარბობს შავი ჩაი, მაგრამ არ ჩამორჩება არც ერთი სხვა. ჩვენი კომპანიის ფილოსოფია ისაა, რომ ჯერ დავმკვიდრდეთ საქართველოში, რადგან ჩვენთვის მთავარი მიზანი ადგილობრივი ბაზარია და შემდეგ ექსპორტი. ვთანამშრომლობთ გერმანიასთან და ინგლისთან. იანვარში და თებერვალში ვიყავით გამოფენაზე გერმანიაში, სადაც გვქონდა საშუალება, გაგვეცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. გავიცანით ჩინელი ჩაის მწარმოებლები და შემსყიდველები, ასევე, ავსტრალიიდანაც გავიცანით, სადაც მოთხოვნა არის და დაინტერესდნენ ქართული ჩაით. ქართულ ჩაიზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე იქმნება მოთხოვნა.
რა გამოწვევებს აწყდებით ხოლმე, თუნდაც წარმოების, რეალიზაციის ან ექსპორტის პროცესში?
ყველაზე რთული ექსპორტის მიმართულებით არის, რომ დაარწმუნო ხარისხში. როდესაც მიდიხარ იტალიელთან და უყვები ქართული ჩაის შესახებ, გეტყვის, რომ მან ქართული ღვინო იცის და ჩაი – არა. ამიტომ, კარგია ეს გამოფენები, სადაც გვაქვს საშუალება, რომ არა მხოლოდ ვაჩვენოთ, გავასინჯოთ ჩაი და ამით დავარწმუნოთ იმპორტიორი თუ ექსპორტიორი, რომ ნამდვილად არსებობს მაღალი ხარისხის ქართული ჩაი და ეს არ არის ზღაპარი.
თუ გაქვთ კადრების დეფიციტის პრობლემა?
კადრების პრობლემა არის. წარმოებაში არ გვაქვს ეს პრობლემა, უმაღლესი ხარისხის პროფესიონალები გვყავს, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე. მთავარი პრობლემა კადრების მიმართულებით გვაქვს გაყიდვებში, სადაც ვფიქრობთ, შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და უფრო დიდ მასშტაბებზე ვისაუბროთ.
რა რაოდენობის ადამიანი გყავთ დასაქმებული?
თბილისში შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულებით 5 ადამიანი ვართ. რაც შეეხება წარმოებას, აქ დიდ რაოდენობაზე გავდივართ. მხოლოდ ჩაის საკრეფად 40 ადამიანი, ასევე, წარმოება, ტექნოლოგიები, სხვადასხვა მიმართულებით. საერთო ჯამში, 70 ადამიანზე ადის, რომელთა 100% ადგილობრივი მოსახლეობას წარმოადგენს. აქ არ არის რთული კადრების მოძიება. ისტორიულად, ტყიბული სულ იყო ჩაის კუთხე, ამიტომ მათ აქვთ გამოცდილება კრეფის, წარმოების, დანადგარების შესწავლის. აქ პრობლემა არ გვაქვს, გამოცდილი ხალხია და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ავირჩიეთ ეს ადგილი.
რატომ “ბუეთი”? რატომ აირჩიეთ ეს სახელწოდება?
ესეც საინტერესოა. როდესაც ვფიქრობდით კომპანიის სახელწოდებაზე, ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა, რომ ჩვენს პლანტაციას ჰქვია ბუეთი. ავიღეთ სიტყვა ბუ, რაც ჩვენი ლოგოა და “თი” ჩაის ნიშნავს.
როგორც ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდინგი მომხმარებლებთან კომუნიკაციის დროს?
ბრენდინგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან როდესაც შედიხართ მაღაზიაში, რაც გხვდება თვალში, უნდა დაგამახსოვრდეს და მგონია, რომ ჩვენ მაგას მივაღწიეთ და შევძელით. ჩვენს ასორტიმენტს რომ გადახედოთ, ყველა ჩაის თავისი ფერი და ემოცია აქვს. შავ ჩაიზე შავი ყუთი გვაქვს, ციტრუსის ჩაიზე – სტაფილოსფერი, თვალში გხვდება და გამახსოვრდება, დიდი ხანი ვიმუშავეთ ამაზე და მგონი, წარმატებულადაც.