თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
“თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც ჩვენს თვალსა და გარემოს არ მოსწონს, მაგრამ თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს, სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი. ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი.”- განაცხადა გახარიამ.
მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა თბილისის მერმა. კალაძის განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.
„ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ ჩვენს დედაქალაქს, ულამაზეს თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმ ყველაფრის უკან, რასაც ვაკეთებთ, დგას დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყველას დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი გამოიყო.
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/2739383532996660/