LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის ოფშორად ყალიბდება – ეს კანონი თავისი შედეგებით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც „აგენტების შესახებ“ კანონი – გია ხუხაშვილი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე

195
Untitled design (18)

ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის ოფშორად ყალიბდება – ეს კანონი თავისი შედეგებით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც „აგენტების შესახებ“ კანონი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც ე.წ. ოფშორებთან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ეხმაურება.

გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ არასწორია, როდესაც აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტას უკავშირებენ.

„ფაქტობრივად საქართველოსკენ მხოლოდ კრიმინალური ფული წამოვა და ასევე სპეცსამსახურების ფული, რომელიც პოლიტიკურ ბოროტებას ემსახურება სამყაროში. შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პირადი პრობლემების გადაწყვეტაც არის ამის ნაწილი, მაგრამ ის მხოლოდ ერთი პატარა ელემენტია ამ ყველაფრის, ჩვენ დიდი სურათი უნდა დავინახოთ, რა არის მოსალოდნელი, რა რისკებია. ჩვენ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს რუსეთში გავიღვიძოთ. ცივილიზებული ოფშორები საქართველოში არ წამოვა, მხოლოდ კორუფციული, კრიმინალური შავი სალარო“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოსთვის „დასავლეთი დაიკეტება“.

„ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ ჩამოვა ამის გარანტიას გაძლევთ. დასავლეთი დაიკეტება, როგორც კი ეს პროცესი ამოიქოქება, ჩათვალეთ, რომ მეორე დღეს უკვე გავიღვიძებთ რუსეთში. ქვეყნების დაპყრობა მარტო ტანკებით კი არ ხდება ან მარტო „აგენტების შესახებ კანონით“. აქ შემოვა ასჯერ მეტი ფული, ვიდრე ამ ქვეყნის მთელი კაპიტალია და იყიდის ამ ქვეყანას ეს ხალხი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა და ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს“, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესს აზიანებს.

„ბიძინაზე ხომ ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ სააკაშვილზეც ძალიან გაბრაზებული ვარ, დაინახა, რომ შანსი გაჩნდა, წყალგამყოფი გატარდა, მორალური და პოლიტიკური სიცხადე შემოვიდა პროცესში და ისევ მოინდომა, რომ მოაჯდეს პროცესს. იყავი რა მანდ და იმკურნალე, გაგვანებე თავი, შეგვეშვი. მხოლოდ ბიძინაზე მუშაობს მისი აბსოლუტურად არაადეკვატური, უაზრო განცხადებები.

ისევ უნდა, რომ მოვლენების ცენტრში დადგეს. გავანებოთ თავი, იყოს თავისთვის, იმკურნალოს, კარგად იყოს, 120 წელი იცოცხლოს, მაგრამ თავი გაგვანებოს. მხოლოდ აზიანებს და აფუჭებს პოლიტიკურ პროცესს. არაადეკვატური აღქმა აქვს. აღარაფრის ცენტრი აღარ ხარ მიშა, ვის დაკარგვიხარ საერთოდ? აღარავინ აღარა ხარ და დაწყნარდი. მემუარები დაწერე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

mazda magti 5g