ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „მათი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას“.
როგორც ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ევროკავშირი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას.
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ღრმად შეშფოთებული ვართ ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ადამიანების გაუჩინარებით, წამებით, მკვლელობებით, ყირიმელი თათრების სიკვდილით დასჯით, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადვოკატების დაშინებით. ეს არის პუტინის ოკუპაციის ბნელი რეალობა. ევროკავშირი დაუღალავად იმუშავებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ დარღვევების გამოსააშკარავებლად, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს.
ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას. ევროკავშირის სოლიდარობით 10 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას იმისთვის, რომ უკრაინიდან მოხდეს მარცვლეულის გატანა, რაც რუსეთის მიერ პორტების ცინიკური ბლოკადის გამო ბლოკირებული იყო“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.