ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი შეიცვალა.
მთავარი საფინანსო რეგულატორის განმარტებით, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარზე და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა.
„ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რას გულისხმობს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რა ეფექტი ექნება და ვისთვის რას ცვლის ახალი რეგულაცია – საკითხს “ბიზნესკურიერში” გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს გივი ადეიშვილი – IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
– აღნიშნული ცვლილებით ერთ ადამიანზე რომ განვაზოგადოთ, მოდით, დავუშვათ რომ ჩვენ გვაქვს შემოსავალი 2 ათასი ლარი. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში?
მივმართავთ კომერციულ ბანკს, რომელიც გვითვლის იმ მაქსიმალური სესხის მოცულობას, რომელიც შეგვიძლია, რომ ამ 2 ათასი ლარით გამოვიტანოთ.
2 ათასი ლარის შემთხვევაში ჩვენი ყოველთვიური გადასახადი რეგულაციების მიხედვით არ უნდა აჭარბებდეს 1000 ლარს. შესაბამისად ეს არის მაქსიმალური ჭერი.
ბანკი ითვლის ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდით სესხის რამდენი მოცულობის სესხი შეგვიძლია, რომ გავიტანოთ.
ამას როდესაც ითვლის, ის იღებს მიმდინარე საპროცენტო განაკვეთში 14 %-ს. შესაბამისად ადგენს, რომ ჩვენ 1000 ლარით და 10 წლიანი სესხით 14%-ში, შეგვიძლია გამოვიტანოთ პირობითად 70 ათასიანი ლარი.
როდესაც აღნიშნული რეგულაცია შევა ძალაში, ნიშნავს, რომ ბანკი 14%-ზე ვეღარ დაითვლის პოტენციურ სესხს და დაითვლის 14-ს +3 %-ზე.
ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 70 ათასი ლარი კი არ შეგვიძლია მაქსიმალური სესხი ავიღოთ, არამედ შეგვიძლია, ავიღოთ 65 ათასი ლარი. ეს რიცხვები არის ნომინალური და რა თქმა უნდა, იცვლება.
ჩვენი მაქსიმალური სესხის მოცულობა, რაც შეიძლება, რომ ჩვენი შემოსავლით გამოვიტანოთ, მცირდება. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური დაკრედიტების დონე მცირდება.
აქ ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შემთხვევაში არსებობს შემოსავლის სხვა წყაროები, რომლის გათვალისწინებაც ვერ ხერხდება.
შეიძლება ეს იყოს ჩრდილოვანი ეკონომიკიდან შემოსავალი, შეიძლება იყოს შემოსავალი, რომელიც არც ყოველთვიური და არც სტაბილური არაა და ეს შემოსავალი ბანკმა ვერ გაითვალისწინოს.
შესაბამისად, მე შეიძლება ვიყო გადახდისუნარიანი ჩემი არანორმირებული შემოსავლებით, მაგრამ რთულია, რომ ამის მიხედვით ბანკმა მომცეს სესხი.
ახალი რეგულაციაც ამცირებს პოტენციური დაკრედიტების დონეს. შესაბამისად, შემცირდება გაცემული სესხების ზრდის ტემპი.
რამდენით შემცირდება, ეს უკვე სხვა საკითხია. ამ ეტაპზე განსაზღვრა რთულია, მაგრამ ამის გარკვეული დათვლა მომავალში შესაძლებელი იქნება.
– ხომ შესაძლებელია, რომ უფრო გრძელ ვადაზე გავანაწილოთ ეს სესხი და ის ჩვენი ყოველთვიურ შენატანთან თანაფარდობაში დარჩეს?
– ეს გამოსავალი არსებობს, მაგრამ როდესაც მაქსიმალურ მოცულობაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება, რომ შეიძლება, იმ პიროვნებამ ვისაც სურს სესხის აღება, ისედაც გრძელ ვადაზე ჰქონდეს სესხი გადანაწილებული. როდესაც იპოთეკური სესხს ვიღებ, შეიძლება, 20 წელზე დავაგეგმარო და არა ნაკლებ დროზე, რომ უფრო მეტი გამოვიტანო და უკეთესი ქონება შევიძინო.
იმის გათვალისწინებით, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია ბოლო 2 წლის განმავლობაში და რეფინანსირების განაკვეთი თავის ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამ პირობებში ეს რეგულაცია სესხების გაცემაზე მკვეთრად იმოქმედებს.
თუ ვთქვათ, 2 წლის წინ სესხის დაგეგმარება ხდებოდა 8, 9, 10 %-ზე, ახლა მოხდება დაგეგმარება 14, 15 და უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთზე.
– ასევე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ეკონომიკასთან. იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი რომ შემცირდება, ეს თავისთავად უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ნაკლები ფული იმოძრავებს, ნაკლებ უძრავ ქონებას შეიძენენ ადამიანები, საპირწონედ ხომ არ დავდოთ ეკონომიკური ზრდა და პლუს მომხმარებლის უფლებების დაცვაც?
ამ ეტაპზე თქვენ რამდენად მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?
– ორი ალტერნატივის წინაშე ვდგავართ. ერთი არის ეკონომიკური ზრდა, მეორეა ფინანსურ რეფორმებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ამ ხელმისაწვდომობასთან ერთად რისკებიც მაღალია, რომ შემდეგ უკვე ვერ შევძლო გადახდა.
კრიზისის პერიოდებში როგორც წესი, ხდება რეგულაციების შერბილება. როგორც წესი რეგულაციების გამკაცრება მკვეთრად არ ხდება, რომ მოხდეს კრიზისული პერიოდის გადალახვა. შესაძლოა, პანდემია კი დამთავრდა უკვე, მაგრამ მეორე გამოწვევა გვაქვს რეგიონულ ჭრილში, ამიტომ ამ ეტაპზე შეფასება რთულია, გაკეთდეს.
ერთი კუთხით, ეს ეკონომიკაზე იმოქმედებს, თუმცა ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იღებს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ მეორეს მხრივ რისკები შემცირდება, რომ გარკვეული შეფერხებები შეიქმნას.
ამ ეტაპზე,ეროვნული ბანკის ადგილზე, მე ავიცილებდი ამ რეგულაციებს და შეიძლება, გარკვეული დროით გადამედო, იმისთვის, რომ ეს პერიოდი მოსახლეობამ უკეთესად დაძლიოს და შემდეგ, როდესაც უკვე გვექნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და რეგიონის პრობლემები მოგვარებული იქნებოდა, მერე ვიფიქრებდი, რომ უფრო მეტად გამკაცრებულიყო, რადგან სესხის ამღები, როგორც წესი, არის გადახდისუნარიანი და გადახდის პრობლემა მომდევნო ერთ წელში არ შეიქმნება.
ეს რეგულაცია რისკიანობას ამოქმედებისთანავე არ შეამცირებს და უფრო შემდგომ პერიოდებზეა გათვლილი.
– უნდა გავითვალისწინოთ, რომ იპოთეკური სესხები, როგორც წესი ეს არის გრძელვადიანი სესხები.
მესმის, რომ გრძელ ვადაზე გაცილებით მეტი დაზღვევა უნდა არსებობდეს, შესაძლო ფინანსური რისკის და სწორედ ამით არის განპირობებული, ეს ნაბიჯი. პირობითად ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი პირობითად არის 8% და შემდეგ 2 წელიწადში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს არის 11%, ანუ 3%-ით გაგვიძვირდეს და ყოველთვიურად ვეღარ დავეწიოთ ამ ჩვენს გადახდებს. მარტივად რომ ვთქვათ.
– ნამდვილად მხოლოდ ის ფაქტორი არაა რისკი, რომ შეიძლება, გაიზარდოს. ასევე შეიძლება შემცირდეს, თუმცა შემცირება ჩვენს სასიკეთოდ არაა. მით უფრო როდესაც მოსალოდნელია, რომ შემდგომ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ რამდენად საჭირო იყო ამ ეტაპზე ამ რეგულაციის დანერგვა, ვერ გეტყვით.
ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებდი მისი დანერგვისგან. როგორც ვხედავთ, სავალუტო სესხებში შეზღუდვა დავუწესეთ მომხმარებლებს და ახლა დამატებითი შეზღუდვები, ლარში გაცემულ სესხებზე აისახება.
ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის კი სესხები მნიშვნელოვანია.
– ეს არის ეროვნული ბანკის ამჟამინდელი მენეჯმენტის ერთგვარი პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც მათი მიმართულება ძირითადად იყო სხვადასხვა ტიპის და სასესხო პორტფელების ზრდის ტემპის შემცირება.
ეს განსაკუთრებით შეეხო სამომხმარებლო დაკრედიტებას და ახლა უკვე იპოთეკური სესხების მიმართულებითაც ვნახეთ მსგავსი ნაბიჯები.
– რეგულაციები ნაბიჯ-ნაბიჯ შემოდის და ვფიქრობ, ეს შემდგომი ნაბიჯია, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– იმედია, მნიშვნელოვანი რეგულაციები დამატებითი ფაქტორი არ იქნება, რომელიც შემდგომ ხელს შეუშლის ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.
თუმცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის სხვა ბევრი პარამეტრის დაკმაყოფილებაც საჭიროა. ეს მხოლოდ სესხებზე არაა დამოკიდებული.