18 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” მუსიკალური შოუს ,,ვოისის” მონაწილეები – კონკურსის გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი და ,,ფორტუნას” რჩეულის ტიტულის მფლობელი ვიოლეტა მგალობლიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც საკუთარ ემოციებსა და შოუში მონაწილეობით შეძენილ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
– მაგდა, რას ნიშნავს შენთვის კონკურსში გამარჯვება?
– ბოლომდე ჯერ ვერ გავიგე რა მოხდა. ალბათ ცოტა დრო დამჭირდება ყველაფრის გააზრებისა და საკუთარი გამარჯვების სრულად გაცნობიერებისთვის. სატელეფონო ზარების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და ძალიან გამიკვირდა, რადგან ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავდა, რომელსაც ასე ძალიან უნდოდა ჩემი გამარჯვება.
,,ვოისში” fortuna.ge-ს რჩეული გახდა ვიოლეტა მგალობლიშვილი
– ვიოლეტა, შენთვის რას ნიშნავდა Voice-ში მონაწილეობა?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს უზარმაზარი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, რადგან არაჩვეულებრივი მენტორი მყავდა, ვისთანაც გულდასმით ვმუშაობდი ყველა სიმღერაზე. უზარმაზარი ცოდნა შევიძინე და ძალიან გავიზარდე მუსიკალურად.

– მაგდა, რამდენადაც ვიცი, საკუთარი მუსიკალური პროექტითაც ხარ დაკავებული?
– ჩემი ბენდი მყავს და საავტორო მუსიკაზე ვმუშაობ. ვფიქრობ, მალე ქართველი შემსრულებლებიც უარს იტყვიან უცხოური ჰიტების ქავერვერსიების შექმნაზე და უფრო პოპულარული გახდება საავტორო მუსიკა.
– ვინ გირჩია პროექტში მონაწილეობა?
– თვითონ გადავწყვიტე. მართალია, მშობლები წლების მანძილზე მთხოვდნენ კონკურსებში მონაწილეობას, მაგრამ ყოველთვის უარზე ვიყავი. Voice კი, სწორედ ის პროექტი აღმოჩნდა, რომელშიც ძალიან მომინდა მონაწილეობა.
– ვიოლეტა, შენ რას საქმიანობ, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– მართალია, წელს ვამთავრებ სამართლის ფაკულტეტს, მაგრამ უკვე სერიოზულად დავფიქრდი საკუთარ მომავალზე. სავარაუდოდ, ისევ მუსიკალურ ინდუსტრიაში მოვსინჯავ შესაძლებლობებს, მით უფრო, რომ, ძალიან საინტერესო იდეები მაქვს. იმედია მაქვს, ჩემს კოლეგა-მეგობრებთანაც გავაგრძელებ თანამშრომლობას და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ,,ვოისში” მონაწილეობით არ დასრულდება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი