LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი უსახელოური და ცოლიკაური ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოებია მთელ მსოფლიოში” – როგორ მოხვდა „ხომლის მარანი“ ლონდონში

27
ანა-ბაქრაძე

24 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ღვინის მწარმოებელი კომპანიის „ხომლის მარანი“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მთავარი იურისტი ანა ბაქრაძე სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის ისტორიაზე, მის უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ანა, „ხომლის მარანი“ უკვე 12 წლისაა. საინტერესოა, რა ეტაპები გაიარა კომპანიამ ამ პერიოდის მანძილზე?

– „ხომლის მარანი“ ჩემი მეუღლის ოჯახური ბიზნესია, რომელსაც მე მოგვიანებით, 2015 წელს შევუერთდი. ბიოღვინის ჩამოსხმის იდეა ჩემს მამამთილს – თამაზ ომანაძეს ეკუთვნის, რომელმაც უძველესი ქართული ტრადიციებით გადაწყვიტა საბარძიმე ღვინის წარმოება და წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში მოაწყო მარანი, რომელმაც ხომლის მთის წყალობით შეიძინა სახელი. ჯერჯერობით ქართული ყურძნის 525 ჯიშია აღმოჩენილი, უსახელოური კი, რომლისგანაც ჩვენი ღვინო მზადდება – უიშვიათესი ჯიშების კატეგორიას მიეკუთნება. სწორედ ჩემმა მამამთილმა წამოიღო ყურძენი ოყურეშიდან – იმ მიკროზონიდან, სადაც ჯიში ხარობს და აქტიურად შეუდგა ახალი სახეობის ღვინის „ქვევრის უსახელოურის“ წარმოებას. სხვათა შორის, 2016 წელს დასავლეთ საქართველოში, სწორედ ჩვენ ავიღეთ პირველებმა ბიოსერტიფიკატი ღვინოზე, წელს კი, იგივე სერტიფიკატი მივიღეთ ჭაჭაზე.

– რამდენად ფართოდაა გავრცელებული ბიოღვინის წარმოება საქართველოში?

– საბედნიეროდ, დღეს ყველა ხვდება ხარისხიანი პროდუქციის უპირატესობას, ამიტომ კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ბიოლოგიური ღვინის წარმოებაზეა გადასული.

– რა ინვესტიციის ჩადება მოგიხდათ საწყის ეტაპზე?

– საწყის ეტაპზე საკმაოდ მცირე თანხა დაიხარჯა, რომელიც მეტწილად მარნის ძველი ტრადიციებით მოწყობას და ქვითკირით მოპირკეთებას მოხმარდა, რისი წყალობით ქვევრმა ბუნებრივი ფილტრაციის უნარი შეინარჩუნა. შესაბამისად, ჩვენ ღვინოს არა კასრებში, არამედ ქვევრიდან პირდაპირ ბოთლებში ვასხამთ.

– თქვენ პროფესიით იურისტი ბრძანდებით, რატომ დაინტერესდით ღვინის წარმოებით?

– რა თქმა უნდა, ჩემი მამამთილის წყალობით, რომელსაც ისე ძალიან უყვარს, ისეა გატაცებული ამ საქმით, რომ შეუძლებელია არ დაინტერესდე. ზოგადად, ძალიან რთულია ღვინის წარმოება, ის კი, თოთო ბავშვივით უვლის და ისე აღფრთოვანებით საუბრობს, რომ ნებისმიერს გაიტაცებს.

– ამბობენ, ღვინოს ხასიათი აქვსო. საინტერესოა, თქვენს ღვინოს რა ხასიათი აქვს?

– ჩვენთვის ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ ყოველ წელს გემოთი და ბუნებრივი მახასიათებლებით განსხვავებული, აბსოლუტურად უნიკალური ღვინო ვასხამთ. ზოგადად, ღვინის ხასიათს ამინდი, მოსავლის აღების პერიოდი და უამრავი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს.

– რა ხასიათზე დგებით, როცა საკუთარ ღვინოს აგემოვნებთ?

– ყოველთვის განსხვავებული განწყობა მაქვს. თუმცა, ვაღიარებ, რომ ახლა უფრო მეტ ღვინოს მივირთმევ, ვიდრე გათხოვებამდე. რა თქმა უნდა, უამრავი კარგი ღვინო იწარმოება საქართველოში, ჩვენი მაინც საუკეთესოა.

– როგორ მოხვდა „ხომლის მარანი“ ლონდონში?

– კომპანია „გარდაბან-ჯგუფი“ დიდი ხანია ცდილობს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას  მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ კომპანიის მესვეურებმა ჩაიტანეს ჩვენი ღვინო ლონდონში, სადაც ექსპერტებმა მისი ფასი განსაზღვრეს. სხვათა შორის, ჩვენი უსახელოური, რომელიც 900 ფუნტი სტერლინგი, ცოლიკაური კი, 500 ფუნტი სტერლინგი ღირს, ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოებია მთელ მსოფლიოში.

– რა არის კომპანიის მთავარი მოტივაცია?

– ვფიქრობ, მთავარი უკვე მიღწეულის გააზრება და გამოცდილების გათვალისწინებით წინსვლაა. ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ბაზარზე ულტრა-პრემიუმ ღვინოების სეგმენტში საკუთარი თავის დამკვიდრებაა.

– სამომავლოდ რომელ ქვეყანაში გეგმავთ თქვენი ღვინის ექსპორტს?

– ჯერ არ დავკონკრეტდები, რადგან რამდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, თუმცა სიამოვნებით შევთავაზებდით ჩვენს ღვინოს ფრანგებს, იტალიელებს და ესპანელებს.

– სად შეიძლება თქვენი ღვინის შეძენა საქართველოში?

– ჩვენი ღვინის შეძენა პირველ რიგში ჩვენს მარანში, ასევე ბარ–მაღაზიაში „8 ათას მოსავალი“ და ღვინის გალერეაში შეიძლება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მცირე მეწარმეები ვართ, ამიტომ ღვინოსაც მცირე რაოდენობით – მაქსიმუმ 500-1000 ბოთლს ვაწარმოებთ.

– რას თვლით თქვენს უპირატესობად სხვა კომპანიებთან კონკურენციაში?

– ჩვენ უიშვიათესი ჯიშის ყურძნით ვაწარმოებთ ბიოორგანულ, ულტრა-პრემიუმ კლასის საკოლექციო ქვევრის ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ძალიან ვამაყობთ, ჩვენი ჭაჭითაც, რომელიც უსახელოურისა და ცოლიკაურისგან მზადდება.

– როგორ მუშაობს „ხომლის მარნის“ გუნდი?

– „ხომლის მარანი“ ოჯახური ბიზნესია, ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრები ვსაქმიანობთ, თუმცა გაფართოების შემთხვევაში აუცილებლად დავასაქმებთ ადგილობრივებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნესს ბატონი თამაზი ხელმძღვანელობს, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრებიც ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ.

 

ბლიცკითხვები

– რა სლოგანი აქვს „ხომლის მარანს“?

– „არ გაჩერდე, ყველაფერი შესაძლებელია!“

– რომელი ღვინო გიყვართ ყველაზე მეტად?

– პირადად მე უსახელოური უფრო მიყვარს, ვიდრე ცოლიკაური.

– რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?

– ბოსტნეულის რაგუს.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– მიხარია, რომ ფესტივალში Jazz and Wine მივიღე მონაწილეობა, რადგან სწორედ მისი წყალობით მოვხვდი თქვენს გადაცემაში. საერთოდ მსგავს ფესტივალებში ნაკლებად ვმონაწილეობთ, რადგან არ გვაქვს სადეგუსტაციო ღვინო, თუმცა სიამოვნებით მივიღეთ კახეთში მიწვევა. რამდენიმე წლის წინ ბიოპროდუქტის ფესტივალზეც მიგვიწვიეს, თუმცა პანდემიამ ყველა გეგმა ჩაშალა.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „არ დანებდე!“

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი საკუთარი საქმის სიყვარული, დაუღალავი შრომა და სირთულეების შიშის გარეშე დაძლევაა, რადგან შეუძლებელი არაფერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები