LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა პოლიციელებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს – შს მინისტრი

143
Untitled design - 2024-04-19T130533.289

ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მათ შეურაცხყოფას მიაყენებს.

„ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს და ესროლოს სხვადასხვა საგანი, სცადონ მათი ღირსების შელახვა. ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის. მაშინ, როცა 24 საათის განმავლობაში შენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან მართული მოქალაქეებისგან ისმინო შეურაცხყოფები. თითოეული პოლიციელის უკან დგას მათი ოჯახები, შვილები, მშობლები. დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთულია ამ ყოველივეს მოსმენა.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და ვთქვა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს, მიაყენებს მათ შეურაცხყოფას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, თქვენ ყველას, ვინც მხარს უჭერდა პოლიციელებს იმ მძიმე ღამეს“, – განაცახდა ვახტანგ გომელაური.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

ფოტო აქციიდან: „რადიო თავისუფლება“