დუეტ „ლეონის“ წევრები, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე შვილს ელოდებიან. მათი უფროსი ვაჟი, ნოე წამოიზარდა და მშობლებთან ერთად ახალი სიცოცხლის დაბადებას ელოდება. ნოეს გაჩენას წინ მრავალი წელი უძღოდა, როცა ლევანმა და ნინიმ უამრავი დაბრკოლება გადალახეს იმისთვის, რომ პირველი შვილი შესძენოდათ. დღეს კი ამ ბედნიერებას უკვე მეორედ გაიზიარებენ ერთად. ნინის სწორედ ამ ემოციებზე ვესაუბრეთ.

ნინი, ულამაზესი ორსული ხარ… ახლახან ფოტოსესია გაუზიარე გამომწერებს, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
ორსულობის კადრები მოგონებად მინდოდა, რომ დამრჩენოდა და გადავწყვიტე, ლამაზი ფოტოსესია გამეკეთებინა, ოჯახურად, რა თქმა უნდა, ყველას ჩართულობით.
როგორი ორსული ხარ?
ვხუმრობ ხოლმე, ვერ ვიგებ, ორსულად რომ ვარ-მეთქი. ნოეზეც მარტივი ფეხმძიმობა მქონდა და ახლაც, არ მიჭირს გადაადგილება, ფრენა, ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები არ მაქვს და შესაბამისად, მეც კარგად ვგრძნობ თავს.

საზოგადოებამ იცის, რა რთული და გრძელი გზა გაიარეთ, სანამ პირველი შვილი შეგეძინებოდათ. რას გწერენ ხოლმე და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ამდენ თბილ კომენტარს იღებთ?
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს – იმდენი ესემესი და სასიყვარულო წერილი მოდის ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე. მეც მინდა, მაქსიმალურად მოვეფერეო და ჩავეხუტო ყველას, ვინც ასეთ სიტყვებს იმეტებს ჩვენთვის. ამ დღემდე ადამიანების სიყვარულმა მომიყვანა. დღესაც ასე გრძელდება – რომ არა ადამიანების მხარდაჭერა და დიდი სიყვარული, წინ ვერ წავიდოდით ნამდვილად.

თუ გწერენ ადამიანები, ვისაც თქვენნაირი გზა აქვს გავლილი, შვილის მოლოდინში წლები რომ გაატარეს?
რა თქმა უნდა, გვწერენ და ბევრი ადამიანი მივიყვანეთ ჩვენი ნინო ექიმის, ნინო მუსერიძის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში. ის ისეთი ადამიანია, არ შემიძლია, მასზე ორი სიტყვა არ ვთქვა. ნინო ექიმი ყველაზე მეტად გრძნობს ასეთი ადამიანების გაჭირვებას, თავად ის გზა აქვს გავლილი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 10 წლის განმავლობაში. ნინო ექიმმა გაიგო ჩემი ტკივილი, რასაც 10-წლიანი უშვილობა ერქვა. 24 საათის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგა – არ ჰქონდა მნიშვნელობა, ღამე მივწერდი თუ დღე, გულში რაც გაქვს, ექიმისთვის ყველაფრის თქმა გინდა, რომ ამომწურავად გიპასუხოს. არ უნდა დაიტოვო გულში ის ემოციები, რასაც ვერავის სხვას ვერ უზიარებ…
მეორე შვილის შემთხვევაშიც იგივე გზა გაიარეთ, რაც ნოეს შემთხვევაში?
ნოეს შემთხვევაში ინსემინაციით გაგვიმართლა, პატარა ასაკი მქონდა და ვცადეთ ბუნებრივი გზა, კვერცხუჯრედებიც შევინახეთ მაშინ და ახლა უკვე ხელოვნური განაყოფიერება გავაკეთეთ. კვერცხუჯრედები კიდევ მაქვს შენახული და ვაპირებთ მესამე შვილსაც, გოგო გვინდა… ნინო ექიმი მამისამართებს, ეგ შენს რეპროდუქტოლოგს უთხარი, თამარასო (იღიმის).
ნოე როგორ ემზადება და ვის ელოდებით?
ჩვენ ველოდებით ნოესნირ ბიჭს, მეორეს. ექოზე რაც დავინახე, ძალიან ჰგავს ნოეს. აბა, ვნახოთ, თუ გაამართლებს ჩემი მოლოდინი და მიმსგავსება. ნოეს მოლოდინს რაც შეეხება, ძალიან უნდოდა ძმა. რომ ვეუბნებოდით, შეიძლება, გოგო იყოსო, ჩხუბობდა, მე ბიჭი მინდაო. ძალიან უყვარს ბავშვები, განსაკუთრებით ბიჭები, რადგან მათთან საერთოს მეტად ნახულობს. მას რომ საჩუქარს რომ ვყიდულობთ, თავისი ძმისთვისაც იღებს ხოლმე. წინაპირობას ვუქმნით, რომ კარგი რეაქცია ჰქონდეს…

სახელი შეურჩიეთ უკვე?
ბოლომდე არა, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილი გვაქვს. მე, ლევანი და ნოე ვფიქრობთ ერთად სახელზე. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – რამდენიმე სახელი გვაქვს შერჩეული, ლევანს აქვს იდეა, რომ დოლურაში ჩავყაროთ სახელები და ამოვიღოთ. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ამ იდეის განხორციელებას.
მერამდენე თვეში ხარ?
მეშვიდეში. უკვე ფინალისკენ გავდივართ.

ლევანის მოლოდინზეც ვთქვათ – რამდენად ჩართულია ნოეს აღზრდაში და ახლაც თუ ელოდები მისგან მხარდაჭერას?
სულ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ნოეც სულ მთლიანად ჩვენი გაზრდილია, თუ გასტროლებს არ ჩავთვლით, როცა ვტოვებთ ხოლმე. მე ცოტა სიმკაცრეს ვიჩენ, ლევანთან კი ყველაფერი შესაძლებელია, ნოეს გულმხურვალე მხარდამჭერია. ბავშვს ხომ უნდა აუხსნა, რა შეიძლება და რა არა? ლევანი კი უარს ვერაფერზე ეუბნება.
ახლა როგორი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში? შენი და ლევანის ურთიერთობამ დიდი გამოცდა გამოიარა, ახლა კი დიდი ბედნიერების მოლოდინში ხართ, უკვე მეორედ…
ჩვენმა ურთიერთობამ და სიყვარულმა მართლაც ძალიან ბევრს გაუძლო. ყველას, ვისაც ასეთივე პრობლემა აქვს, მინდა ვუსურვო, რომ ეს საკითხი არ გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი. 21-ე საუკუნეა და დღეს ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, არ დავნებდეთ და ყველაფერი გამოვა. დიდ ფინანსებესაც უკავშირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ფინანსების ქონის შემთხვევაშიც, შეიძლება, რაღაც არ გამოვიდეს, ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადებაც არის საჭირო, რომ არ დანებდე. მეუღლეები ერთმანეთს გვერდით უნდა ედგნენ…
რაიმე ნატვრა გაქვს?
ჩემი ნატვრა უკვე ახდა. უფლის წყალობით, რასაც გამოიმეტებს ჩვენთვის, ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას…
