LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატული პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!“ – 3 საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

239
საჯარო მოხელეები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს.

როგორც განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი, კობა ბარამია სოციალურ ქსელში წერს, პირველი თებერვლიდან ემშვიდობება სამსახურს, რომელსაც ცხოვრების 10 წელი მიუძღვნა. მისი თქმით, მას სჯერა, რომ სწორ მხარეს დგას:

„მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს, 20:37 საათზე, თურმე, კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება.
ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
დიახ, პირველი თებერვლიდან ვემშვიდობები საქმეს, სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მივუძღვენი უმაგრეს პროფესიონალებთან ერთად და ძალიან მიყვარს. 2014 წელს ამ სისტემაში ასისტენტის პოზიციაზე დავსაქმდი და ამ ათი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა, დაწინაურებებით 2020 წელს დავინიშნე დეპარტამენტის უფროსად. ახლა კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი მისი გამოქვეყნებიდან მე-2 დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე.

უნდა მოგიყვეთ რა მაგარ საქმეს ვაკეთებდით. ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს, ბავშვს ვეხმარებოდით და ვამაყობ რომ ბევრი ბავშვის ცხოვრება სწორი მიმართულებით შევცვალეთ (ზრდასრულებისაც). მეტიც, მე იმ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, რომელმაც მკვლელობის საქმეზე ჩაატარა მედიაცია, ერთმანეთს შეახვედრა გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მსჯავრდადებული, შედეგად კი შურისძიების რისკები ისე დაწია, წლებია არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
გული მისკდება იმის გაცნობიერებით, რომ ჯამში სამი დეპარტამენტის საქმეზე თავგადადებულ უფროსს გვიშვებენ სამსახურიდან. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსს Natia Aliashvili და მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსს – Tkeshelashvili Nino.დიახ, ვამაყობ რომ პროფესიონალი ვარ, მაქვს პრეტენზია რომ ვარ კომპეტენტური იურისტი, მაგრამ ვაღიარებ, ამ უსამართლობამ დამანგრია, დროებით, მაგრამ მაინც.

რა მანერვიულებს?

უსამართლობის შეგრძნების გარდა ის, რომ მეშინია წყალში არ ჩაიყაროს ეს შრომა. დაე ვიყო ბოლო ამ უსამართლობის მსხვერპლი, ოღონდ ეს დაწყებული საქმე გაგრძელდეს უმაგრესი შედეგებით, განვითარდეს და სხვამ იამაყოს იმით, რაც მე არ დამცალდა.

რა საქმეს ვაკეთებდი?

ვხელმძღვანელობდი მიმართულებას, რომელიც შეზღუდული რესურსებით, ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხებზე (და არა მხოლოდ) მუშაობს, ყველაზე ჰუმანურია და ყველაზე აღდგენითი. მარტივად რომ ვთქვათ, სიკეთეს აკეთებს, ადამიანებს ეხმარება შერიგებაში, დიალოგში და ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ეეჰ რამდენი იყო კიდევ გასაკეთებელი და როგორ გულუბრყვილოდ მჯეროდა რომ ისტორიას დავწერდი ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად.
მქონდა მთავარი მიზანი, „აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისთვის მიმეღწია და შემდეგ თავაწეული, ამაყი წავსულიყავი სისტემიდან რომ შვილებისთვის მომეყოლა, რომ ისტორია დავწერე უმაგრეს ადამიანებთან ერთად. ახლა კი ქრონიკულად იმედიან გულუბრყვილო ჩემს თავზე მეცინება.

რატომ მიშვებენ?

დიახ, სწორად მიხვდით. შეგნებულად არ დავწერ იმ ორ სიტყვას, რომელიც ასე მეზიზღება და უსამართლობის, უსუსურობის შეგრძნებას მიჩენს. გასული ერთი თვე იყო ჯოჯოხეთური და ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი სამსახური განსხვავებული იყო და არ გადამაყოლებდა ჩემი აზრის გულწრფელად გამოხატვას და იმ 3 თანამშრომლის დაცვის მცდელობას, რომლებსაც ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ.

ვის კარგავს სისტემა?

  • თანამშრომელს, რომლის გადამზადებაშიც ასიათასობით ლარია ჩადებული სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროპის საბჭო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს INL პროგრამა) მხრიდან.
  • თანამშრომელს, რომლის სამსახურებრივ ტაბელს თუ შეხედავთ, თანამდებობის და ზოგადად მასთან ასოცირებული პრივილეგიების მიუხედავად, 9 საათზე სამსახურში იყო.
  • თანამშრომელს, რომელიც უშუალო უფროსისგან საუკეთესო, 4 ქულით შეფასდა დეკემბრის თვეში (მერე მოგაწერინებთ გაცნობის ფურცელზე ხელსო და იმედია არ გაქრება ეგ დოკუმენტი).
  • თანამშრომელს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, 27 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფო ფურცელი ეკუთვნოდა და საქმის და ადამიანების გამო ფურცელი თავისი ინიციატივით 23 დეკემბერს დახურა. 24 დეკემბერს კი გუნდში მსჯელობდა ყველაზე ინფორმაციული ანალიტიკური დოკუმენტის და აქამდე რომ არ გაკეთებულა ისეთი საქმიანობის ანგარიშის გაკეთებაზე.
  • თანამშრომელს, რომელიც ორჯერ დაჯილდოვდა განსაკუთრებით წარმატებული საქმიანობისთვის და ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ჰქონია.
  • თანამშრომელს, რომელიც დავალებებს იღებდა და ასრულებდა დღე და ღამე, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, შვებულებაში ჩალმიჩას კოშკიდან, თუ ზღვის სანაპიროდან.
  • თანამშრომელს, რომელიც ამაყობს რომ სისტემიდან ისე მიდის, არცერთი ბავშვის საქმე არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე და რეაგირებდა იქ, ისე, როგორც საჭირო იყო.
  • თანამშრომელს, რომელმაც თავის სხვა თანამშრომელთან ერთად დაწერა კანონის პროექტი, ისეთი მაგარი, რომ საერთაშორისო ექსპერტთან განხილვაზე ერთი შინაარსობრივი ხარვეზიც არ დაფიქსირებულა.
  • თანამშრომელს, რომელიც ხელმძღვანელობდა შეზღუდული ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, მაგრამ ენთუზიაზმითა და საქმის ირგვლივ გაერთიანებით ხშირად იმსახურებდა შექებას, ეს შექება კი პატარა ბავშვივით უხაროდა და მოტივაციას იორმაგებდა.
  • თანამშრომელს, რომელიც ბოლომდე უფრთხილდებოდა სამსახურის რეპუტაციას და მთელი თავისი ინტელექტის, გამოცდილების გამოყენებით წარმოაჩენდა მას ქვეყნის შიგნით, თუ საზღვარგარეთ. ამასთან, არ ერიდებოდა გამოწვევების დანახვას, მის აღიარებას და გამოსავლის ძიებას.
  • თანამშრომელს, რომელსაც საქმე გაკეთებული ჰქონდა დავალების მიღებამდე, ან დავალების გარეშე იწყებდა ახალ საქმეს თავის გუნდთან ერთად, როცა ხედავდა რომ საქმე იყო გასაკეთებელი.
  • თანამშრომელს, რომელიც თავის წვრილმან შეცდომებსაც აღიარებდა, არათუ მალავდა და აქეთ ამშვიდებდნენ უფროსები.
  • თანამშრომელს, რომელსაც ეზიზღებოდა ტყუილები და მუშაობდა ოქროს წესით „თუ გინდა უფროსის ნდობა გქონდეს, არ უნდა მოატყუო“.
  • თანამშრომელს, რომელიც არ არის უმადური და მიუხედავად ამ უსამართლობისა, ხაზს არ გადაუსვამს იმ ბევრ კარგს, რომელიც ამ სისტემაში მას გაუკეთეს, მათ შორის მან, ვინც უშვებს.
    რა გეგმა მაქვს?
    ჯერ აზრზე უნდა მოვიდე და დავლაგდე. მხოლოდ ერთი ვიცი, უსამართლობის შეგრძნებას არ შევეგუები. მჯერა, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ადამიანს ცხოვრება აგებინებს პასუხს თავის ცუდ საქციელზე.
    მეტი?
    2024 წელს ჩემ ირგვლივ მყოფმა უცხო ადამიანებმა ისეთი სიკეთე მაჩვენეს, ერთმანეთის და ქვეყნის ისეთი სიყვარული გამოავლინეს, მჯერა რომ სწორ მხარეს ვდგავარ, სარკეში ამაყად ვუყურებ ჩემს თავს და ცხოვრებისეულ მიზნად ვიქცევ სიყვარულის, სიკეთის ფრქვევას და ჩემი ქვეყნის ერთგულებას.
    [ვინც მიცნობს, ჩემი სიძლიერის იციან, მაგრამ ვინც არ მიცნობთ, სისუსტეში არ ჩამითვლით იმედია იმის თქმას, რომ ქვემოთ დაწერილი წინადადების წერისას ხელები მიკანკალებდა, ცრემლებს ვებრძოდი და დიახ კაცებიც ვტირით (არადა, 1 თვეც არ გასულა ჩემი ოპერაციიდან, არ შეიძლება ჩემი ასეთ დღეში ყოფნა, ტირილი მით უმეტეს, მაგრამ აინტერესებს ვინმეს?   ).]
    მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც ვუგულშემატკივრებ ჩემს აწ უკვე (პირველი თებერვლიდან) ყოფილ სამსახურს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის სააგენტოს. გულწრფელად მინდა ამ ყველაფერმა არ დააზიანოს მისი რეპუტაცია, იყოს ისევ ის სააგენტო, რომლის თანამშრომლობითაც 10 წელზე მეტი ასე ვამაყობდი და წარმატებულ 2025-ს ვუსურვებ, ჩემ გარეშე.
    მანამდე კი, ვეძებ სამსახურს“ – წერს კობა ბარამია.

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს, 20:37 საათზე, თურმე, კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება….

Posted by Koba Baramia on ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2025

„ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს“ – ამის შესახებ კი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ სამსახურიდან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გაუშვეს:

„წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.
მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან თავისუფალი ვარ.
აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე რიტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს.

სისტემაში მუშაობა 22 წლის ვიყავი როდესაც დავიწყე, თავდაპირველად ვმუშაობდი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. წლების განმავლობაში არაერთხელ დავწინაურდი, გავხდი პროფესიული ზედამხედველი, შემდეგ კი ცენტრის უფროსი. ცალკე საკითხია ის, რომ ამ პერიოდში არაერთი სიტყვიერი შექება, ოფიციალური ჯილდო და სერტიფიკატი მაქვს მიღებული. პარალელურად ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწვეული ტრენერი და დაახლოებით 3 თვეში ერთხელ სააგენტოს ახალ თანამშრომლებს ვაცნობდით საქმიანობის სპეციფიკას
მას შემდეგ რაც არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დიდი დრო და რესურსი ჩავდე იმისთვის, რომ რთული ქცევის მოზარდებთან მეტად ეფექტიანი და ხარისხიანი საქმისწარმოება გვქონოდა.

ამ პერიოდში გუნდის მხარდაჭერით, შევძელი და სააგენტოს ყველაზე სუსტი მიმართულება – დანაშაულის პირველი დონის პრევენცია ავამუშავე, აქტიურად ვმუშაობდი კურსზე, რომელიც მასწავლებლებისთვის მომზადდა. რაც შეეხება ცენტრის მიზნობრივ ჯგუფს, სააგენტოს და დონორების ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, როგორიც არის ახალი შეფასების ინსტრუმენტი, სარეაბილიტაციო პროგრამები, გაიხსნა რეგიონული ცენტრები, გაიზარდა ცენტრის მიზნობრივი ჯგუფები, აქტიურად ავამუშავეთ უწყებათშორისი კოორდინაციის პროცესი.

დიდი შრომა გვაქვს ჩადებული კანონპროექტში, შემთხვევის მართვის ბრძანების პროექტში, ინსტრუმენტების დახვეწაში. თუმცა, დეკემბრის ბოლოს ჯერ ჩემს სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუწყვიტეს ხელშეკრულება და მთელი იმერეთის რეგიონი დატოვეს კვალიფიციური კადრების გარეშე, ხოლო მე 31 დეკემბერს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემატყობინეს, რომ 1 თვეში მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას.

მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს ჩემს კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემს ტოლფას პოზიციას იკავებდნენ წლების განმავლობაში და ორივე ხელმძღვანელის როლი რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროცესში შეუცვლელია!
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ბევრი არაფერი შეგვიძლია, მე საჯარო მოხელის გარდა ჯერ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პროფესიით სოციალური მუშაკი და აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიანობისთვის!“ – წერს ალიაშვილი.

წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების…

Posted by Natia Aliashvili on ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2025

საკითხზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ტყეშელაშვილი.

ტყეშელაშვილის თქმით „ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას“:

„ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას!
2009 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, ჯერ სკოლაში, შემდეგ პენიტენციურ სისტემაში, 2014 წლიდან კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ყველგან მხოლოდ განათლება და გამოცდილება იყო ჩემი „პატრონი“, ასევე საქმის ერთგულება, პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია, ჯერ, როგორც ფსიქოლოგი, დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ იმედი, მხარდაჭერა და ემპათია ამ სამყაროს მიმართ.

შემდეგ 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსის, 2019 წლიდან კი მსჯავრდადებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან მემუშავა პოლიტიკის დოკუმენტებზე, მსჯავრდადებულთა უფლებების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების ჰუმანური, მხარდამჭერი პროცესების შემუშავებასა და დანერგვაზე. ამ წლების მანძილზე, ჩემს ერთგულ, უჭკვიანეს და პროფესიონალ გუნდთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან ერთად, შევიმუშავეთ და დავნერგეთ პროფესიული სტანდარტები, გავაუმჯობესეთ რისკის და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტები და ელექტრონული ბაზა, შევქმენით 30-მდე სარეაბილიტაციო პროგრამა,

რომელშიც 2016 წლიდან დღემდე ჩართული იყო 12513 პრობაციონერი, განრიდებული და ყოფილი პატიმარი (ეს უნიკალური რიცხვია და მომსახურებებით სამჯერ შეგვიძლია გადავამრავლოთ) 2016 წლიდან მოვამზადეთ 4500 წინასასამართლო ანგარიში და ამ პროცესში, სოციალური მუშაკები შეისწავლიან, არასრულწლოვანის განვითარების დონის, აღზრდის, განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა გარემო პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხასიათს და ქცევის თავისებურებებს, რაც თავის მხრივ შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეფასება კი მოსამართლეებს/პროკურორებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული რეკომენდაციების შემუშავებასა და სასჯელის გამოტანაში უწყობს ხელს.


ამის პარალელურად, 2015 წლიდან ვმუშაობდი ჯერ სასჯელაღსრულების შემდეგ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტრენინგებს ვატარებდი სუიციდის, ეფექტური კომუნიკაციის, ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის თემებზე. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი „პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის“ დანერგვასა და განხორციელებაში და „მასწავლებელთა კურსის“ მოდულში, როგორც ერთ-ერთი ავტორი.
საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ, ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი, რაც ჩემს გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოგვივიდოდა, რომ არა საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი. განსაკუთრებული მადლობა ყველას, რომლებიც ჯერ ჩვენს საჭიროებებს იკვლევდნენ, შემდეგ კი ჩვენს მხარდამხარ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენს უწყება, ჩვენს სამინისტროს, ჩვენს ქვეყანას გაცილებით კარგი მომავალი ჰქონოდა, შემცირებული დანაშაულით და საზოგადოებაში ინტეგრირებული ბევრი კარგი ადამიანით.

და ამ ყველაფრის შემდეგ, 31 დეკემბერს სასწრაფოდ გააუქმეს ჩემი შტატი ( ახალი კაბალური კანონის თანახმად, რადგან ამ დრომდე სამჯერ კონკურს გავლილი უვადო საჯარო მოხელე გახლდით) 1 იანვარს საქმის წარმოების სისტემაში შემთხვევით შესული მე და ჩემი ორი კოლეგა – განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამია და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი – ნათია ალიაშვილი ვიგებთ, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებენ, თან „კეთილი ნება“ გამოიჩინეს და 1 თვით ადრე შეგვატყობინეს. აქვე აღვნიშნავ, რომ 15 წლის მანძილზე, არასოდეს არ მიმიღია არც საყვედური, არც გაფრთხილება, 2-ჯერ მაქვს მადლობის ჯილდო აღებული და ყოველთვის მოწინავე რიგებში ვიყავი სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრის დროს.

ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების განთავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ! აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, და არ გავჩერდებით იმ დრომდე სანამ ჩვენი ქვეყანა თავის ევროპულ გეზს არ დაუბრუნდება!“ – წერს ტყეშელაშვილი.

ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას! 2009 წლიდან…

Posted by Tkeshelashvili Nino on ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g