ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება და ჰქონდეს მორალური ინიციატივა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამების წინააღმდეგ კანონის შესაძლო შემოღებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ისეთი საკითხია, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და საჭიროებს დაწყნარებას.
“მე მესმის, რომ აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი ცნება მოყვანილია დაპირისპირებაში. თუმცა, არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს პრობლემა გადაწვყიტეს. ბოლო მაგალითი იყო საფრანგეთი, სადაც არა თუ მიიღეს კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ, საარჩევნო პერიოდში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს კანონი არ მოდიოდა წინააღმდეგობაში, არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის უფლებების დეკლარაციასთან, ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ გვაქვს მზა ტექსტი. ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი და ჩვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მზად ვართ საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან, საკანონმდებლო ორგანოსთან გქვოდნეს დისკუსიები ამ თემაზე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ცილისწამების შემთხვევები, ხშირად სოციალურ ქსელებში ხდება და ამ კუთხით აუცილებელია მუშაობა.
“კანონმდებელმა უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც არ დაარღვევს სიტყვის თავისუფლების პრინციპს. სოციალურ ქსელებში ცილისწამება უფრო მარტივია და რა დროსაც პასუხისმგებლობის განცდა უფრო ნაკლებია. მედიას აქვს თავისი ქცევის წესები და ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო დაცულია. როცა საქმე გვაქვს სოციუალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ ანონიმურია, ზოგჯერ სხვა ქვეყნის მიერ მართული, აქ ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარებს. საჭიროა ვიფიქროთ ამ კუთხით,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.