სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრო. მისი განცხადებით, პატრიარქის ეპისტოლეში ყურადღება განათლების პრობლემაზე იყო გამახვილებული, მათ შორის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე.
„ვულოცავ ყველას ქრისტეშობის დღესასწაულს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის სერიოზული პრობლემა. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. მინდა ამ გზავნილებისთვის მას დიდი მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა კობახიძემ.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.