ციმბირში ბოლო გამყინვარების პერიოდის გიგანტური მგლის თავი იპოვეს. 40 000 წლის წინ გაყინული ცხოველის თავი შესანიშნავად არის შენახული.
გიგანტური თავი 2018 წელს ადგილობრივმა მამაკაცმა აღმოაჩინა იაკუტიაში, მდინარე ტირეხტიახის ნაპირებზე. სიგრძეში 40 სანტიმეტრია და არ ჰგავს ამჟამად არსებული მგლის არც ერთ სახეობას.
სახის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგის, ალბერტ პროტოპოპოვის განცხადებით, აღმოჩენა უნიკალურია, რადგან წარმოადგენს პლეისტოცენის ეპოქის ზრდასრული მგლის ნაშთებს, რომელიც ქსოვილებსაც შეიცავს.
მისივე თქმით, მოხდება ნამარხის შედარება თანამედროვე მგლებთან, რათა გავიგოთ, რამდენად შეიცვალნენ ისინი დროთა განმავლობაში.
მგლის თავი მართლაც საოცრად კარგ მდგომარეობაშია – ხელუხლებელია მისი ბეწვი, ეშვები, კანის და ტვინის ქსოვილებიც კი. იაკუტიის ამავე რეგიონში რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მღვიმის ლომის გაყინული ბოკვერებიც.
შვედ და იაპონელ მეცნიერებთან ერთად, პროტოპოპოვი ამჟამად ნამარხს აქტიურად სწავლობს და დარწმუნებულია, რომ ის ზრდასრულ, 2-4 წლის მგელს ეკუთვნის.
კვლევის ფარგლებში ჩატარდება უძველესი ცხოველის დნმ-ის ანალიზი, თავის ქალის შიდა ნაწილების დასანახად კი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გამოიყენებენ.
პროტოპოპოვის განცხადებით, ციმბირის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგებში მგლის ჩონჩხის პოვნა არც ისე იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ ასე კარგად შემონახული ნამარხი ხშირი ნამდვილად არ არის.
გარდა მგლის თავისა, მეცნიერები ასევე სწავლობენ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ მღვიმის ლომის ბოკვერს. მკვლევართა აზრით, ის მდედრი იყო, დაბადებიდან მალევე მოკვდა და ყინულმა შთანთქა.
ბოკვერს სახელად სპარტაკი უწოდეს და ისიც საოცრად კარგად არის შემონახული, რაც მეცნიერებს ამ უძველესი სახეობის უკეთესად შესწავლის საშუალებას აძლევს.
მომზადებულია The Siberian Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.