19 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ცირა ბზიშვილი და არსენ ჯამალაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის, „ვერა“ პრემიერა შედგა.
ცირა, მოგვიყევი შენი და არსენის თანამშრომლობაზე და ახალ ერთობლივ ნამუშევარზე.
ცირა ბზიშვილი: ნამდვილად გამორჩეული სიმღერა გამოვიდა, ალბათ, იქიდან გამომდინარეც, რომ არსენთან წლების უკან რაღაც მაკავშირებდა, ვძმაკაცობდით, მეგობრები ვიყავით. შემდეგ ისე მოხდა, რომ არ გვქონდა ხშირი შეხება, კი, მომწერდა, მომიკითხავდა, მეც მოვიკითხავდი და ა.შ. , მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი შეხება მოულოდნელად მოხდა. მინდა ვთქვა, რომ მაშინაც, როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, არსენს დიდი პოტენციალი ჰქონდა, ისეთი ნიჭიერი ბიჭია, ისეთი კარგი მომღერალია და ისეთი ენერგია მოდის მისი ნამღერიდან… ადრე არც დავფიქრებულვარ, რომ არსენს თავისი საავტორო სიმღერა არ ჰქონდა და სულ სხვადასხვა სიმღერებს მღეროდა. ახლა, როდესაც ამხელა პაუზის შემდეგ, სტუდიაში მესტუმრა და ჩემი სიმღერის შესრულების სურვილი გამოთქვა, უბრალოდ ვუთხარი, წამიმღერე-მეთქი და რომ წაიმღერა, ისეთი ენერგია წამოვიდა, რომ როგორც ჩანს, გააცოცხლა ჩემი ადრინდელი მოგონება და სურვილი, რომ ყოფილიყო მისი სამღერი სიმღერა და საკუთარი თავი მთლიანად გამოევლინა. ხომ არის ისეთი მომენტი, როცა უცებ მიხვდები, რა უნდა გააკეთო, ზუსტად ასე უცებ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. მართლა ველოდები, რომ ხალხის საყვარელი სიმღერა გახდება. ეს ნამუშევარი ძალიან არის არსენზე მორგებული, მინდოდა, რომ ამ სიმღერით ბოლომდე გამომეხატა მისი პოტენციალი და მიმეცა მისთვის იმის საშუალება, რომ ამ ერთი სიმღერით ეთქვა ის, რაც აქამდე უნდოდა ეთქვა და ვერ ამბობდა. ძალიან ბევრმა იცის არსენის სახელი და გვარი, ძალიან ბევრს მოუსმენია მისი შესრულება, თუმცა ეს მისი პირველი საავტორო სიმღერაა. მუსიკა, ტექსტი და არანჟირება ჩემი გახლავთ, ბექ ვოკალს ასრულებს გიორგი წიკლაური, ჩასაბერი კლარნეტი და დუდუკი ლევან კურტანიძეს ეკუთვნის.
არსენ, ვისაუბროთ თქვენს კარიერაზე და საქმიანობაზე.
არსენ ჯამალაშვილი: 25 წლის განმავლობაში ვმღეროდი, მაგრამ მაშინ ცოტა ისეთი სიტუაცია იყო, ფილარმონიაში არ ტარდებოდა კონცერტები. ვაკეთებდი მომღერლების, პოლიტიკოსების პაროდიებს და ძირითადად რესტორნებში ვმღეროდი ბენდებთან, მეგობრებთან ერთად. ბოლო სამი წელი ისეთი სიტუაცია იყო, რომ გავჩერდი, არ ვმღეროდი. ჩემი ბიძაშვილი არ მომეშვა, გინდა თუ არა, უნდა იმღეროო, მეც დავთანხმდი და პირდაპირ, ისე, რომ არც დავფიქრებულვარ, ცირას დავუკავშირდი და ვუთხარი, სიმღერა მინდა-მეთქი.
როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც პირველად მოისმინეთ ეს სიმღერა?
არსენ ჯამალაშვილი: შოკში ჩავვარდი. ძალიან მაგარი იყო ტექსტობრივადაც და მელოდიურადაც.
როგორი იყო სიმღერის ჩაწერის პროცესი?
არსენ ჯამალაშვილი: ცოტა ისეთი მომენტი იყო, მაინც მიუჩვეველი ვიყავი, თან ამდენხნიანი პაუზის შემდეგ. ცირას ნაცვლად სხვასთან რომ ვყოფილიყავი, ალბათ, თვეები მოვუნდებოდი ჩაწერას.
კლიპის გადაღებას თუ გეგმავთ?
არსენ ჯამალაშვილი: კლიპი აუცილებლად იქნება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში და მას ზურა ციციშვილი გადაიღებს.
არსენ ჯამალაშვილი – ვერა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
არსენ ჯამალაშვილი & ცირა ბზიშვილი. ვიდეო კოლაჟი