“ორი გამოსავალია – ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება, იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან პოლიტიკოსი,” – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და თქვა, რომ ორივე შემთხვევაში, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, იქნება სერიოზული საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის.
როგორც მელიამ თქვა, თუ მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პარტნიორებმა თანხა მისი ბრალეულობის დასადასტურებლად გადაიხადეს, ამ შემთხვევაში, უსაგნო კამათს აზრი არ აქვს:
“მე თვალყურს ვადევნებდი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული დასაქმებულების კომენტარებს. რაც უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით დაადასტურეს ჩემი ბრალეულობა, ამ უსაგნო კამათს განა აზრი აქვს?
ორი შედეგია, ან “ქართულ ოცნებაზე” დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს “ქართული ოცნების” კარზე დასაქმებულ კრიმინალებს და ესეც არ მგონია, მათთვის იყოს სასიამოვნო. ეს ნახევრად ხუმრობით. ან მეორე – ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება, იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან და საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის.” – თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.