LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა“ – აჭარაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

425
fot

ქობულეთის სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიება ერთ პირს – უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, რომელმაც შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ ქვეყანა დატოვა, დაუსწრებლად შეეფარდა.

ამასთან, სამი პირიდან ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, ერთი კი – დაფარვაში.

პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ მომხდარის დამალვის მიზეზი მუქარა და შიში იყო, რის გამოც ალექსანდრე ახვლედიანმა სამართალდამცავებს არ აცნობა.

მისი თქმით, მუქარას მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მხრიდან განიცდიდნენ.

პროკურორ თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

მისივე ინფორმაციით, მიმალვაში მყოფმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მომხდარის კვალის დაფარვის მიზნით ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა.

გამოძიების ცნობით, მომხდარს ბრალდებულები დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცავებს მომხდარი არ შეატყობინეს.

მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ლონდონში სწავლობს, ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა და მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები.

„შემთხვევა 16 მაისს, ღამე მოხდა, მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირის დახმარებით ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა, თვითონ კი 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა. სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს, მათ იცოდნენ ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს მკვლელობის მონაწილეები უმტკიცებენ, რომ ის სახლიდან ტაქსით გააცილეს,“ – განაცხადა პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა.

გარდაცვლილს დღეს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი დედოფლისწყაროში საკუთარ სახლში გადაასვენეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ივლისისთვის ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები