ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ მღებრიშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებულად სცნო და 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა“, – აღნიშნულია დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილმა მოსმენის შემდეგ სასამართლოს „ჰუმანურობისა და ობიექტური განაჩენისთვის მადლობა გადაუხადა.“
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალად დასდეს “წითელ წიგნში” შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის “ვიდეოაღიარებაც” გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.