ცხოველთა მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. კანონი ცხოველის მოკვლის ან წამების შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცლილებებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კანონის ამოქმედების შემდეგ, ცხოველის არასათანადო მოპყორბის შემთხვევაში, ჯარიმა 100-დან 500 ლარამდე იქნება. ახალი კანონპროექტის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.
ის, რომ ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, კანონი უნდა გამკაცრდეს, ამას მოქალაქეებიც ეთანხმებიან. თუმცა, მათივე თქმით, უსახლკარო ძაღლები, რომელებიც სკვერებსა და ქუჩებში არიან, ხშირ შემთხვევაში დისკომფორტს ქმნიან.
ცხოველთა უფლებების დამცველები კი ამბობენ, რომ კანონის გამკაცრება ცალსახად კარგია, თუმცა ამ კანონპროექტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები, ცხოველთა უფლებების დამცველები და ვეტერინარები ჩართულები არ ყოფილან, შესაბამისად, მათი შეფასებით, ამ კანონში ბევრი შეუსაბამობაა. რაც შეეხება ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს, ცხოველთა უფლებების დამცველი თამარ საგინაშვილი ამბობს, რომ პოპულაციის შემცირების ერთადერთი გზა კასტრაცია და სტერილიზაციაა.
ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობა სისხლის სამართებრივი დანაშაული გახდება, პარლამენტმა გაზაფხულის სესიაზე უნდა მიიღოს.