სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და „არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი“.
„ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს. ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს – „მაუწყე მე უფალო გზაი რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და და განგეღოს თქვენ“, ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს, ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი. ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობის დღესასწაულს. იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა“,- ბრძანა პატრიარქმა.