16 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” მომღერალი რატი დურგლიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.
– რატი, ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ. როგორ ახერხებთ ყოველთვის კარგი განწყობის შენარჩუნებას?
– ბავშვობაში ვისწავლე საკუთარ თავზე მუშაობა და სწრაფად მივხვდი, რომ არასდროს არ ღირს პრობლემებს დანებება. ნერვიულობას ყოველთვის საღად აზროვნება, პრობლემის ობიექტურად შეფასება და მის გადაწყვეტაზე ზრუნვა ჯობია, რადგან მჯერა, რომ ნებისმიერი სირთულის მოგვარება შეიძლება. ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი ადამიანებს არა მატერიალურად, არამედ მორალურად და ვფიქრობ, კარგად გამომდის. ბევრს გავუწიე მხარდაჭერა და ბედნიერი ვარ, რომ უამრავ ადამიანს ვუქმნი პოზიტიურ განწყობას.
– რა არის თქვენი მთავარი დევიზი?
– დევიზი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა მჯერა, რომ ნებისმიერი წამით უნდა ისიამოვნო, რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ნამდვილად არ ღირს უსიამოვნებებზე დროის დაკარგვა.
– ბავშვობიდავნე გიტაცებდათ ხატვა, ძერწვა და სიმღერა, წერდით ლექსებს და მცირე ნოველებს, რისი კეთება მოგწონდათ ყველაზე მეტად?
– ყველაფერი ძალიან მომწონდა, რადგან ფანტაზიის სამყაროში ვცხოვრობდი. ძალიან მომწონდა კოსმოსური ისტორიები, თუმცა ყოველთვის გავურბოდი სერიოზული დრამების კითხვას, რადგან ზღაპრული სამყარო უფრო მიზიდავდა. შესაძლოა, მუდამ პოზიტიური განწყობაც იმ არარეალური სამყაროს დამსახურებაა, რომელშიც საკუთარი თავი გავზარდე და დღემდე სიამოვნებით ვცხოვრობ.
– რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ ბავშვმა გააფორმეთ ნატო გოგიშვილის ლექსების ორი კრებული. თავად გაგიჩნდათ მსგავსი სურვილი თუ ქალბატონმა ნატომ შემოგთვაზათ?
– ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ, ამიტომ არასდროს ვახვევ საკუთარ თავს სხვებს. ქალბატონმა ნატომ თვითონ მთხოვა კრებულების გაფორმება, როცა ჩემი ნამუშევრები ნახა. მართალია, თავიდან უარზე ვიყავი, რადგან არ მეგონა, რომ შევძლებდი, მაგრამ დამარწმუნა და მეც სიამოვნებით შევუდექი მუშაობას.
– განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2007 წელი, როცა დუეტი Georgia შეიქმნა და რამდენიმე სერიოზული გამარჯვება მოიპოვეთ. თავად როგორ იხსენებთ პირველ წარმატებას?
– სიმართლე ვთქვა, ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან მარცხი არასდროს განმიცდია. ძალიან ბედნიერი ვიყავი სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, როცა ბარში ვმღეროდი და როცა ლელა წურწუმიასთან ერთად ჩავწერე ალექსანდრე ბასილაიას არაჩვეულებრივი სიმღერა. ძალიან ვემადლიერები ლელას, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მაქსიმალურად მეხმარებოდა.
– რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ პრიზებს?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი პრიზი შენი საქმიანობის დაფასებაა.
– დღემდე აქტუალურია კონრონავირუსი და მის მიერ გამოწვეული პრობლემები. პირადად თქვენ როგორ დაძლიეთ პანდემია?
– ყველაზე მეტად შოუბიზნესი დაზარალდა და ტურიზმი. გაჩერდა ყველა ბიზნესი, მთელი ჩემი ოჯახი შოუბიზნესშია ჩაბმული, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით მძიმედ გადავიტანეთ, თუმცა ყველაფერს შევეგუეთ, რადგან სხვა გზა არ გვქონდა. ვფიქრობ, მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას შოუბიზნესზე სერიოზული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, ჩვენ კი, მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.