LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცხოვრება ლამაზად გაატარე და ღირსეული ადამიანი იყავი. არ იდარდო, დედა, მე სულ შენთან ვიქნები” – წერილი, რომელიც დედამ გარდაცვალებამდე არასრულწლოვან შვილს დაუტოვა

179
დედაშვილიიაკობიძე

მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე დედა-შვილის სევდიან ამბავს ჰყვება, რომელიც სამშობიაროში გაიცნო. ქალს გოგონა გარდაცვლილი ჰყავდა და ერთადერთ ბიჭს ზრდიდა. დედამ შვილს გარდაცვალებამდე წერილი დაუტოვა, სადაც სულ მასთან ყოფნას ჰპირდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ასრულებს კიდეც.

როგორც ჟურნალისტი წერს, მშობლის გარდაცვალების შემდეგ, ბიჭსაც მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა მან შეძლო დამარცხება.

„…მინდა დაამტკიცო, რომ ნამდვილი ადამიანი გაგზარდე. ცხოვრება ლამაზად გაატარე და ღირსეული ადამიანი იყავი. არ იდარდო, დედა, მე სულ შენთან ვიქნები. 2011.27.08 “

ასე მთავრდება წერილი, რომელიც ერთმა ქალმა დაუტოვა შვილს 11 წლის წინ – ჯერ კიდევ ბავშვს, 17 წლისას.

„სიცოცხლეს დავთმობდი, რომ შემძლებოდა 11 წუთი შენთან ერთად ყოფნა“ – დაწერა გუშინ ამ ბავშვმა, უკვე კაცმა და დღეს და გუშინ ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე, ვერაფერზე ვერ გადავერთე ვერც ფიქრით და ვერც საქმით, მივხვდი, რომ ეს ისტორია უნდა მომეყოლა.
და არა იმიტომ, რომ ღვთისმშობლის დღეა დღეს. არც იმიტომ, რომ ისტორიაა ლამაზად სევდიანი. ესაა ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობდა წასასვლელად გამზადებული დედა, მიწის ზემოთ დაეტოვებინა ცოცხალი მაშველი რგოლები – თავისი ერთადერთი შვილისთვის.

დედური უტყუარი ინტუიციის ამბავია ეს, რომელიც იმ სამშობიაროში დაიწყო, სადაც ჩემი 4-ივე შვილი გავაჩინე. ჩემს უცვლელ ექიმთან ექთნად მუშაობდა ის ქალი. წესით, ჩვენი ურთიერთობაც ამ ექიმის კაბინეტის მიღმა არ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ პროცედურებისას, ხუთწუთიან დიალოგებში, ვგრძნობდი მის სურვილს – გაგრძელებულიყო ეს დრო, მცოდნოდა მის შესახებ მეტი და მას – ჩემგან, შესაბამისად.

ასე შევიტყვე, რომ პატარა გოგო ჰყავდა ავარიით დაღუპული, რომ ერთადერთ ბიჭს ზრდიდა და მის ირგვლივ ტრიალებდა მისი ყველა ფიქრი და საზრუნავი. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო და გამიკვირდა კიდეც, ერთ დღეს რომ მთხოვა: თუ შეიძლება, რომ თქვენთან იაროს, კომპიუტერული პროგრამები რომ ისწავლოს, გამოადგებაო. მოიყვანა: მასავით ლამაზი, ზრდილობიანი, ორმეტრიანი ბიჭი. საოცარი დედა-შვილობა რომ ჰქონდათ, იგრძნობოდა მათ ყველა მზერაში, სიტყვაში, ჟესტში.

ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა – არასოდეს მშორდებოდა ორბიტიდან ეს საოცარი ქალი. სულ ცდილობდა, ყურადღება გამოეხატა ზარით, მოკითხვით, მოსაკითხით. ჩემზე საკმაოდ უფროსი, რჩევებისთვისაც არ თაკილობდა დარეკვა-შემორბენას – 24 საათი შვილის ირგვლივ ტრიალებდა მისი გონება, მის განათლებაზე, მომავლის დაგეგმვაზე. „კარგი ბიჭია, ყველაფერს შეძლებს, ნუ ღელავ ასე ძალიან“-მეთქი, ვეუბნებოდი და: „სანამ შემიძლია, მინდა მაქსიმუმი გავუკეთოო“ – მპასუხობდა. ცხადია, არც ერთხელ არ მიფიქრია, რომ „სანამ“-ში სხვა რამეს გულისხმობდა. თუმცა მართლა მიკვირდა: რატომ მომენდო ასე, რატომ ცდილობდა, ოჯახში მიგვეღო, შეგვეყვარებინა, დაგვემეგობრებინა მისი შვილი.

ამასობაში მოვიდა ზაფხული, გამოცდების პერიოდი, მოვიდა შემოდგომაც. ყოველდღიურ რუტინაში ვიყავი ჩაფლული და რაღაცნაირად ვერ მოვიკითხე დედა-შვილი, თუმცა კი მახსენდებოდნენ ხშირად.

ერთ დღეს ბიჭი მოვიდა, მარტო, და მითხრა, რომ ჩააბარა; რომ დედა გამოცდების შედეგების გაგებიდან მალევე, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა; რომ ოპერაციაზე შესვლამდე წერილი დაუტოვა…

ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა ბიჭი: საკმაოდ მძიმე დიაგნოზით თვითონაც; თუ დროულად არ დაიწყებდა მკურნალობას, დაავადება გადავიდოდა იმ ფორმაში, რომელიც ძნელად იკურნება.

და დაიწყო ბიჭმა ბრძოლა სიცოცხლისთვის და ცხოვრებისთვის. პერიოდულად ჩნდებოდნენ მის ცხოვრებაში დედამისის დატოვებული მაშველი რგოლები და აძლევდნენ სასიცოცხლო ძალას. პარალელურად უნდა ესწავლა, ემუშავა – ჰაერივით სჭირდებოდა რაღაც სტაბილური, რაც მისცემდა ყოველდღიურობასთან გამკლავების საშუალებას. „იქნებ რამე შევძლოთ“-მეთქი, ბოლო შეხვედრისას ვუთხარი, “არ იღელვო, ყველაფერს ისე შეძლებ, როგორც იმ წერილშია-მეთქი.

რამდენიმე დღეში:

„მე დუბაიში ვმუშაობ, კარგი ხელფასი მაქვს და სანამ სამსახური მექნება, მინდა, საქართველოში დავეხმარო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება. ვის მირჩევთ?“ – მკითხა ერთმა კაცმა, ეგვიპტელმა კოპტმა, რომელთანაც უძრავი ქონების თემით გადავიკვეთე.

და მაშინ მივხვდი, თუ რატომ მეჭიდებოდა ასე ბიჭის ლამაზი და ჭკვიანი დედა: მისი შეუმცდარი ინტუიციით, მეც ერთ-ერთი მაშველი რგოლი ვიყავი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ საჭირო დროს შემოვიდოდა „სცენაზე“ – შემოიყვანდა ახალ პერსონაჟს.
იმ ახალმა პერსონაჟმა, ორ სხვა ბენეფიციართან ერთად, აიღო ბიჭის პატრონაჟი – თითოეულზე ყოველთვიურად 265 ლარის ოდენობით (რაც იმ დროის კურსით 165 დოლარი იყო). დაფინანსება დაიწყო 2014 წლის ზაფხულში და შეწყვიტა 2021-ში, სამსახურის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

ბიჭმა ინსტიტუტი დაამთავრა, რაც მთავარია, გამოჯანმრთელდა და ისე ცხოვრობს და ისეთი ადამიანია, როგორც იმ წერილში წერია – დედის დატოვებულ წერილში.

პ.ს. ცხადია, მეგობრებში მყავს, მაგრამ არ ვნიშნავ: ეს მისი ცხოვრებაა, მისი ამბავია. მე, უბრალოდ, დედის ამბავი მოვყევი: დედის, რომელმაც წასვლამდე დაგეგმა, როგორ ყოფილიყო სულ შვილის გვერდით”, – წერს ნანა აკობიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g