LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება მონღოლეთში, საზამთროს გარეშე დარჩენილი პატარა ბიჭი და ოლენა – სკოლის გამოსაშვებ საღამოზე დანახული მარადიული სიყვარული – უცნობი ფაქტები პრეზიდენტ ზელენსკიზე

4605
275519835_501625061588335_7700833443133277640_n

მაღაზიის კონსულტანტი, რომელმაც პატარა უკრაინელი ბიჭი საზამთროს გარეშე უკან გააბრუნა და უთხრა, რომ 1 თვის შემდეგ დაბრუნებულიყო, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის წინ თავისუფალი სამყაროს ახალი, სრულიად განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული ლიდერი იდგა. დიახ – ეს ბიჭი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო – კაცი, რომელმაც მსოფლიო ღრმა ძილიდან გამოაფხიზლა, მთელი ცივილიზებული სამყარო კომფორტის ზონიდან გამოიყვანა და კაცი, რომელმაც 21-ე საუკუნის გადამწყვეტი ომი უნდა მოიგოს.

„მხოლოდ პრეზიდენტს ქვეყნის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია სხვებს მაგალითი მისცეს. მინდა ჩემი მაგალითით ხალხს პოლიტიკოსების მიმართ განწყობა და დამოკიდებულება შევუცვალო;

თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია და უკრაინის ღირსებაზეც თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს;

პრეზიდენტი არ არის ის, ვინც უნდა გააღმერთოთ;

იცით რისი მწამს, დღეს ისე უნდა იცხოვრო, რომ ხვალ არ შეგრცხვეს – აი რა არის ჩემი პრინციპი;

ასეთი თვისება მაქვს, თუ რაღაცისთვის ვიბრძვი უკან არასდროს ვიხევ, შეიძლება წავაგო, მაგრამ გაქცეულს ვერასოდეს მნახავთ, თეთრ დროშას არავის ავუფრიალებ;

თუ პრეზიდენტად ამირჩევენ დარწმუნებული ვარ ჯერ ტალახს მესვრიან, შემდეგ ჩემ მიმართ პატივისცემით განეწყობიან, ბოლოს კი ტირილით გამაცილებენ;

ძვირფასო უკრაინელებო, მთელი ცხოვრება ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ თქვენს სახეზე ღიმილი დამენახა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ – უკრაინელებმა, არაფერზე იტიროთ!“ – ყველა ეს ფრაზა სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის, კაცს, რომლის თითოეულ ინტერვიუში იგრძნობა მისი პროგრესულობა და აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა პოლიტიკისა, თუ დამოუკიდებლობის მიმართ, კაცი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ტაშითა და ოვაციებით ხვდებიან.

 

ბავშვობა და გზა პრეზიდენტობამდე

 

 

ყველაფერი კი 1978 წლის 25 იანვარს, უკრაინის ინდუსტრიულ ქალაქ კრივოი როგში დაიწყო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი დაიბადა. ამ ქალაქში წლების განმავლობაში უკრაინელი ებრაელები ცხოვრობდნენ, მათ შორის: ზელენსკის მშობლები. ბავშვობის ფრაგმენტების გახსენების დროს, ზელენსკი სწორედ კრივოი როგს და მონღოლეთს იხსენებს ხოლმე, სადაც მშობლებთან ერთად, 4 წლის განმავლობაში ცხოვრება მოუწია.

„მონღოლეთში გატარებული წლები უცნაურად მახსენდება, ჯერ კიდევ ბინდი იყო, როცა ვიღვიძებდი და მაღაზიაში პურზე გავდიოდი, ყველა მაღაზია ერთმანეთს ჰგავდა, მივდიოდი, გზა და გზა მათენდებოდა, თოვდა. ამის შემდეგ უკვე უკრაინა მახსენდება და საზამთროს რიგი, სადაც მოთქმით ვიტირე იმიტომ, რომ უკანასკნელი საზამთრო, რომლის ლოდინშიც საათები გავატარეთ მე და დედამ, ჩემ თვალწინ გაიყიდა. დედას უთხრეს, 1 თვეში გვექნებაო და უკან გამოგვაბრუნეს“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პირველ პირს, სხვათა შორის, იმ ქალაქშიც უცხოვრია, რომლის ბოროტ მბრძანებელთან დღეს ხელჩართულ ომშია: „მოსკოვშიც მიცხოვრია და იცით რატომ არ მიყვარს, სადაც არ უნდა დააკაკუნო კარს არსად გიღებენ, ჩაკეტილები არიან. მე კი პატარა, მყუდრო და თბილი პროვინციები მიყვარს, სადაც გახსნილი და ლაღი ხალხი ცხოვრობს. სწორედ ასეთია კრივოი როგი, სადაც ყოველთვის სიხარულით მხვდებიან, განა იმიტომ რომ ცნობილი ვარ, უბრალოდ. ასეთები არიან და სულ ასეთები იყვნენ. ეს ქალაქი ჩემი სული და გულია“.

როგორც ჩანს, კრივოი როგი მართლაც მთავარი ქალაქი იყო მომავალი პრეზიდენტისთვის – სწორედ ამ ქალაქის ქუჩებში სეირნობდა, დედასთან ერთად, ხშირად პატარა ბიჭი და უკრაინის უკეთეს მომავალზე ოცნებობდა.

პირველი მიზანი, რომელსაც ვოლოდიმირმა მშობლიურ ქალაქში მიაღწია, კრივოი როგის იუმორისტული დასი იყო. ის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა და სახელი საკუთარი უბნის, 95-ე კვარტლის მიხედვით დაარქვა. ამის შემდეგ „კვარტალი 95“ იყო ყველგან, სადაც ზელენსკი ჩნდებოდა. ეს სახელი მომავალი პრეზიდენტისთვის წარმატების ფორმულად იქცა. იუმორისტული დასით ზელენსკიმ პოპულარობას მთელ უკრაინაში მიაღწია და შემდეგ უკვე, საპროდიუსერო კომპანია დაარსა, რომელსაც ასევე „კვარტალი 95“ დაარქვა. მიუხედავად იურისტის დიპლომისა, ზელენსკიმ ცხოვრების აბსოლუტურად სხვა გზა აირჩია და ადამიანების გაღიმება თავის მთავარ მისიად აქცია.

 

უკრაინის მომავალმა პრეზიდენტმა წლების განმავლობაში არაერთი პროექტი მოიგო, ითამაშა არაერთ ფილმში, თუმცა პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე, გადამწყვეტი მაინც სერიალი – „ხალხის მსახური“ აღმოჩნდა, სადაც ზელენსკიმ სწორედ პრეზიდენტის როლი მოირგო და შემთხვევით, ერთი ჩვეულებრივი სკოლის ისტორიის მასწავლებელი უკრაინის პრეზიდენტი გახდა. სერიალში, პრეზიდენტის რანგში გატარებული რეფორმების შემდეგ, უკრაინაში სულ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ზელენსკისგან ნამდვილად კარგი პრეზიდენტი გამოვიდოდა და ეს ასეც მოხდა… 2018 წლის 31 დეკემბერს, ზელენსკიმ ახალი წლის ღამეს უკრაინელებს ახარა, რომ მათი საყვარელი სერიალი მალე რეალობად გადაიქცეოდა და მათი ფავორიტი პერსონაჟი ვასილი პეტროვიჩი, პრეზიდენტობას რეალურ ცხოვრებაშიც ცდიდა. ასეც მოხდა, მან არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო, 2019 წლის 20 მაისს, კიევის დროით დილის 9 საათზე, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი უკრაინა ჩაიბარა… ზელენსკის მმართველობის პირველივე წლებში, ხალხი ცვლილებებს გრძნობდა, ახალგაზრდები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, კორუფცია მცირდებოდა, სისტემური რეფორმები იწყებოდა, თუმცა…. ამასობაში, პუტინი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთვის ემზადებოდა….

 

პირველი სიყვარული

 

„მგონი მაშინვე შემიყვარდა, უზომოდ, უგონოდ და უპირობოდ. ზოგადად, ადამიანს ყველაზე მეტად მაინც თავისი თავი უყვარს, ამიტომ, ჩემს სიყვარულს ასე ვხსნი – ოლენას გარეშე ისე ვარ, როგორც ხელების გარეშე ვიქნებოდი. როცა ჩემ გვერდით არ არის, მგონია, რომ ყველა სუპერძალას ვკარგავ. ერთმანეთს არაფერში ვზღუდავთ – ჩვენი სიყვარული თავისუფლებაა, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე. ამას ორივენი განსაკუთრებულად ვაფასებთ და ვუფრთხილდებით“, – ასე ახასიათებს უკრაინის გმირი პრეზიდენტი და დღეს, მსოფლიოს ნომერ პირველი, ყველაზე სასურველი მამაკაცი თავის მეორე ნახევარს. როგორც ამბობენ, ოლენა ვოლოდიმირის პარალელურ კლასელი იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ შენობაში სწავლობდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათი ურთიერთობა მხოლოდ სკოლის გამოსაშვებ წვეულებაზე დაიწყო. ამბობენ იმასაც, რომ იმ საღამოს ზელენსკიმ ერთი ნახვით სიყვარული ისწავლა.

2003 წელი ოლენასა და ვოლოდიმირის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, სწორედ ამ წელს შექმნეს მათ ოჯახი და სხვათა შორის, ეს წელი ზელენსკისთვის კარიერულადაც მნიშვნელოვანი იყო, ამ დროს დაფუძნდა საპროდიუსერო კომპანია „კვარტალი 95“.

 

თავმდაბალი მილიონერი

 

ყოველთვის გახსნილი, პირდაპირი და პროგრესულად მოაზროვნე ბიჭი, საკუთარ შემოსავალს თავდაუზოგავი შრომით გამოიმუშავებდა. „კვარტალი 95“ უკრაინაში უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ახალ როლებთან ერთად, იზრდებოდა ზელენსკის შემოსავალიც. სწორედ გაზრდილმა შემოსავლებმა და ფინანსურმა წარმატებამ მისცა შესაძლებლობა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ომში მყოფი სამხედროებისთვის მილიონი გრივნა გადაერიცხა, რაც რუსმა პოლიტიკოსებმა და ხელოვანებმა პირად დარტყმად მიიღეს და რუსეთში მისი ნამუშევრების აკრძალვა მოითხოვეს. ამის შემდეგ, ზელენსკიმ უფრო აქტიურად დაიწყო იმის ხაზგასმა, რომ უკრაინა რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, კორუფციით გაჟღენთილი რეალობისგან თავის დაღწევას, ახალგაზრდებისთვის მეტი პერსპექტივის შექმნას და უკეთეს მომავალს იმსახურებდა. სწორედ ამ ფიქრებმა მიიყვანა სერიალამდე „ხალხის მსახური“,  რომელმაც მხოლოდ უკრაინა კი არა, თავად „ნეტფლიქსიც“ აალაპარაკა.

 

ზელენსკი და საქართველო

 

უკრაინის პირველი პირი საქართველოში პირველად 2010 წელს ჩამოვიდა. როგორც ამბობენ, მას ძალიან უყვარს ქართული კულტურა, სამზარეულო და რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ზელენსკის შესახებ ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი, რატი აბზიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს: „საქართველოში ზელენსკი პირველად 2010 წელს ჩამოვიდა და ბატონ ბუბაზე ფილმი გადაიღო. ამის შემდეგ მასა და მის გარემოცვასთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. საქმიან ურთიერთობებს მეგობრობა დაემატა. მე თვითონ დღემდე ვმუშაობ უკრაინაში მის კომპანიაში, რომელიც კონცერტების ორგანიზებას უზრუნველჰყოფს. ჩვენი დაგეგმილია „მგზავრების“ ტური უკრაინაში, ბატონი ბუბას საგასტროლო და ასევე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტები. ნებისმიერ უკრაინელს უყვარს საქართველო და ქართველები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ ადამიანის დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მისი მშობლები ძალიან ხშირად ისვენებენ საქართველოში. თვითონ ბოლოს რომ ჩამოვიდა, პირველ რიგში, ენგურის ხიდთან მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ზელენსკი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამბობს რატი აბზიანიძე.

ზელენსკისთან ურთიერთობას იხსენებენ 2000-იანების ქართველი “მანსანკანელები”, ირაკლი საღინაძე და გოჩა თანდარაშვილი ambebi.ge-სთან. ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ზელენსკი თავიდან სოჭში 1999 წელს გაიცნეს, ფესტივალზე. როგორც ისინი ახასიათებენ, ვოლოდიმირი უშუალო ადამიანია, ჭკვიანი და ინტელექტუალი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა რომ სასცენო და საეკრანო ვარსკვლავი გახდებოდა. „თავისი გუნდის კაპიტანი იყო, გამორჩეული ლიდერი“ – ამბობს გოჩა თანდარაშვილი.

და ბოლოს

 

ცოტა იუმორიც: ბოლო დღეებში საქართველოში გავრცელებული პოპულარული ქარდის არ იყოს: „შენ შეგიძლია ომიდან დადო პოსტები? ყველაფერი აკონტროლო და ცოლს ყვავილები მიართვა? – არ შეგიძლია, აი ზელენსკის კი შეუძლია“ – მთელ უკრაინას სჯერა და დანარჩენ მსოფლიოსაც გვჯერა, რომ უკრაინის პირველ პირს მისი ქვეყნისთვის და ცივილიზებული სამყაროს ნათელი მომავლისთვის, ამ ომის მოგება შეუძლია. კაცს, რომელსაც ყველა ტრიბუნაზე ტაშით და ოვაციებით ხვდებიან; კაცს, რომელიც მთელ მსოფლიოს არა მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგს კარნახობს, არამედ – ჩაცმის სტილსაც (ემანუელ მაკრონიმ რომ მიბაძა, ნუ დაგვავიწყდება); კაცს, რომელსაც არც ერთი წამით ფარ-ხმალის დაყრა და საკუთარი ხალხის დატოვება არ უფიქრია, აუცილებლად შეუძლია რომ სიბნელე და სიბოროტე, სიკეთით და სიყვარულით დაამარცხოს.

#დიდებაუკრაინას

#დიდებაგმირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები