LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცნობილ კომპოზიტორთან მივედი, რომელმაც რუსეთში სწავლისგან თავის შეკავება და საფრანგეთში გამგზავრება მირჩია” – ნიკა ნიკვაშვილის წარმატების გზა ,,არტ-Fm”-ში

25
nikanikvashvili

გადაცემის ლაივი LIVE

30 მარტს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” კომპოზიტორი და თეორეტიკოსი, საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი ნიკა ნიკვაშვილი სტუმრობდა საკუთარი კომპოზიციის პრემიერით.

– ნიკა, როგორ მიგიღეს წლების წინ პარიზში?

– ზოგადად, ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში ინტეგრირება, მით უფრო საფრანგეთში, რადგან ფრანგები საკმაოდ მძიმე ხალხია. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ენაც არ ვიცოდი და მხოლოდ მეგობრების დახმარებით შევეგუე იქაურობას.

– ვისი იდეა იყო თქვენი პარიზში გამგზავრება?

– კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ჩემი პედაგოგი ბიძინა კვერნაძე ფრანკფურტის კონსერვატორიაში ერთ-ერთი კათედრის ხელმძღვანელს ბატონ შჩედრინს დაუკავშირდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო გერმანიაში ვერ წავედი. სამაგიეროდ, მოსკოვში გავემგზავრე, კონსერვატორიაში ცნობილ კომპოზიტორთან ვლადიმერ ტორნოპოლსკისთან მივედი, რომელმაც რუსეთში სწავლისგან თავის შეკავება და საფრანგეთში გამგზავრება მირჩია, სადაც საოპერო მომღერლის ნონა ჯავახიძის რჩევით კერძო კონსერვატორიაში ჩავაბარე, რადგან ენის არცოდნის გამო ძალიან რთული აღმოჩნდა სახელმწიფო სასწავლებელში ჩაბარება. თუმცა, არც კერძო კონსერვატორიაში გამიმართლა, რადგან პირველ წელს ისევ ენის პრობლემების გამო დავრჩი კურსზე. მახსოვს, რექტორმა, რომელსაც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნად წარმოედგინა საქართველო, ისიც კი, მითხრა, “რისთვის ჩამოხვედი, რაც ისწავლე ისიც საკმარისია შენს ქვეყანაშიო”. ძალიან მატკინა გული მისმა სიტყვებმა, რადგან ჩემთან ერთად მთელ ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა, თუმცა სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდი დაწყებულ საქმეს და მონდომებით შევუდექი მუშაობას. ძალიან მძიმე რეჟიმი მქონდა ან კონსერვატორიაში ვესწრებოდი ლექციებს ან ფრანგული ენის გაკვეთილებს. მართალია, რთული პერიოდი იყო, მაგრამ მაინც წარმატებით დავძლიე და სასურველ შედეგსაც მივაღწიე. მეტიც, ჯგუფიდან, რომელშიც 10 სტუდენტი ვიყავით, მხოლოდ ორმა შევძელით კონკურსის გავლა და კურსის დახურვა. მერე კი, სახელმწიფო კონსერვატორიაში გადავედი და სწორედ იქ გავიარე ასპირანტურა.

– რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის პროფესორის ხარისხის დაცვა?

– ხარისხი სულ ცოტა ხნის წინ დავიცავი. სექტემბერში, პანდემიის დროს გამომიძახეს პარიზში, სადაც ჩემი სიმფონიური ნაწარმოებები შესრულდა, მეორე დღეს კი, ისევ კარანტინის გამო ჩაიკეტა პარიზი. მართალია, კონსერვატორიაში დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ჯერ აქტიურად საქმიანობა, მუსიკის შექმნა და კონცერტების მოწყობა მინდა.

– ძალიან საინტერესო ტელეპროექტში “ავტოგრაფში” მონაწილეობთ, რომელმაც ცნობილი ქართველი ხელოვანები აღაფრთოვანა,

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაკურ ბაკურაძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი პროექტი მოიფიქრა. “ავტოგრაფი” მართალც საინტერესო წამოწყებაა, რადგან ნამდვილ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ წამოწყების მონაწილე ვარ. ამასთანავე, ძალიან მადლიერი ვარ იმ შემსრულებლების, ვინც ჩემთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, რადგან მართლაც უზარმაზარი ბედნიერებაა, როცა შენს მიერ შექმნილი დადებით ემოციებს იწვევს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გვაქვს, რადგან ერთად ვეძებთ ახალ ჟღერადობას, ახალ გადაწყვეტილებებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი არაჩვეულებრივი ორკესტრის მუშაობა და მუსიკოსების მაღალი პროფესიონალიზმი, ვისთან მუშაობაც ნამდვილი ბედნიერებაა.

– რამდენად განებივრებდნენ მშობლები ბავშვობაში?

– რა თქმა უნდა, მეც და ჩემი დაც დიდ სითბოში, სიყვარულში გავიზარდეთ. სხვათა შორის, ჩემს დას უკვე დიდი შვილები ჰყავს. ერთი 11-ის, მეორე 18 წლისაა. ორივესთან უშუალო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ძალიან თანამედროვე ახალგაზრდები არიან და არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ, ამიტომ ყოველთვის მათთან ვათანხმებ ჩემს ჩაცმულობას.

– ვისი შთაგაგონათ მუსიკოსობა?

– ინიციატივა დედას ეკუთვნოდა, სწორედ მან აღმოაჩინა ჩემი მუსიკალური ნიჭი, მამა კი, ყოველთვის ხელს მიწყობდა. თუმცა, მათი შექება არასდროს მომისმენია. მეტიც, ერთ-ერთ კონცერტზე შევამჩნიე, რომ დედა ტაშსაც არ მიკრავდა. ძალიან კარგად მახსოვს ის კონცერტი, თამრიკო ჭოხონელიძის საღამო იყო ფილარმონიაში, მე კი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და დიდი პატივი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ასე ახალგაზრდას მენდო და საკუთარ კონცერტში მონაწილეობა შემომთავაზა. სხვათაშორის, პირველად 3 წლის ასაკში დავუკარი, ძალიან მომწონდა ტელევიზორში მოსმენილის გამეორება. მაშინ შენიშნა დედამ ჩემი მუზიცირება და სერიოზულად დაინტერესდა ჩემი შესაძლებლობებით. საბედნიეროდ, ჩვენს ოჯახში ყოველთვის განათლებაზე კეთდებოდა აქცენტი, ამიტომ მშობლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს, რათა მე და ჩემს დას საუკეთესო განათლება მიგვეღო.

– ფილმში მონაწილეობის შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ?

– პეტერბურგში პაველ ლუნგინმა ბორის პასტერნაკს მიმამსგავსა და შემპირდა, ფილმს თუ გადაიღებდა, აუცილებლად მთავარ როლზე მიმიწვევდა. პირადად მე ვერანაირ მსგავსებას ვერ ვამჩნევ, მაგრამ უამრავი ფოტო მაჩუქეს, რომელზეც თურმე ერთმანეთს ვგავართ.

– როგორ ათავსებთ კარიერას და პირად ურთიერთობას?

– ძალიან რთულია შეთავსება, ამიტომ პირადი ურთიერთობა ჩემთვის მეორე პლანზეა. საქმეში პროფესიონალად ჩამოყალიბება დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ პირადი ცხოვრებისთვის დრო ნაკლებად რჩება.

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, თქვენი სიყვარული რომ დაიმსახუროს?

– ძალიან რთულია კონკრეტული თვისებების ჩამოთვლა, რადგან ყოველთვის მოულოდნელად გიყვარდება.

– ახლა თუ ხართ შეყვარებული?

– ჯერ არა.

–  რამდენადაც ვიცი, იტალიაში გეგმავდით გამგზავრებას?

– პანდემიის გამოცხადებამდე “ლა სკალაში” მუშაობის შანსი მქონდა. მართალია, ძალიან მიყვარს იტალია და ყველაფერი იტალიური, მაგრამ მაინც თავი შევიკავე, რადგან ჯერ არ ვარ მზად შევიზღუდო ვალდებულებებით.

– ბიძინა კვერნაძის არაჩვეულებრივი კონცერტი მოეწყო ოპერაში, რომელსაც სწორედ თქვენ გაუწიეთ ორგანიზება,

– ძალიან დიდი პატივი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მსგავსი კონცერტის მოწყობა შევძელი. ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით გავიზარდე, კარგი მეგობრები ვიყავით და მთელი გულით ზრუნავდა ჩემზე, უამრავი რამ ვისწავლე ბატონი ბიძინასგან და ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. სიამოვნებით გავაკეთებდი კიდევ ერთ კონცერტს, რადგან პირველმა საღამომ პუბლიკის აღფრთოვანება დაიმსახურა.

– მთავარი შეკითხვა, რომელსაც მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს?

– ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, ამიტომ ყოველთვის ვეკითხები რა გავაკეთე არასწორად და რა უნდა გამოვასწორო.

– რაში დახარჯეთ პირველი ჰონორარი?

– სიმართლე ვთქვა, არ მახსოვს.

– რას თვლით საკუთარ სისუსტედ და სიძლიერედ?

– ძლიერ მხარედ მოთმინებას ვთვლი, რადგან ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში გამგზავრება და ცხოვრების თავიდან დაწყება. ამასთანავე, სწორედ მოთმინებით გამოვიმუშავე შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა.

– საქციელი, რომლის გახსენება ძალიან გრცხვენიათ?

– რამდენჯერმე გამიკეთებია ისეთი რამ, რისიც მერე ძალიან შემრცხვენია.

– ვისგან მიიღეთ ყველაზე ღირებული რჩევა?

– რა თქმა უნდა, პედაგოგებისგან, მშობლებისგან და ახლობლებისგან.

– რას იტყვით ახალ კომპოზიციაზე, რომლის პრემიერასაც ჩვენს მსმენელს შესთავაზებთ?

– რამდენიმე კომპოზიტორი მიყვარს, მათ შორის ერთ-ერთი ენიო მორიკონეა. დღეს სწორედ მის კომპოზიციას წარმოგიდგენთ, თუმცა საკუთარი გაორკესტრებული ვერსიით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები