LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ლამაზმანები ზურა ბურჯანაძის ობიექტივში – როგორ იმუშავა ნეკა დოროყაშვილის კლიპზე და რას ამბობს პოპულარულ სახეებზე: „საზოგადოებას თავისი წარმოდგენა აქვს ცნობილ ადამიანებზე, რაც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება…“

1742
ზურა ბურჯანაძე

ფოტო და ვიდეოგრაფი, ზურა ბურჯანაძე fortuna.ge-მ მცირე ხნის წინ ახლოს გაგაცნოთ. ის მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა და მის ობიექტივში მოხვდნენ მსოფლიო ვარსკვლავები, მათ შორის „ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტური და მსახიობი დემი მური. მისი გადაღებული ვიდეომასალა კი ცნობილმა სახეებმა საკუთარ სოციალურ ქსელებში გადაიტანეს…

ზურა, წარმატებული საერთაშორისო კარიერის პარალელურად, საქართველოში ცნობილ სახეებთანაც აქტიურად თანამშრომლობს, მათ შორის არიან ალექსანდრა პაიჭაძე
რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე, მარიამ კუხალაშვილი, ნინიკო კახაძე, ნანუკა გოგიჩაიშვილი
დეა არაყიშვილი, რუსკა ქარქაშაძე, თი მაჭავარიანი, ნუკი კოშკელიშვილი, თამო ვაშალომიძე, ნეკა დოროყაშვილი…

fortuna.ge ამჯერად სწორედ ქართველ სახეებთან კოლაბორაციულ პროექტებზე ესაუბრება ვიდეოგრაფს, რომელიც სულ მალე ნეკა დოროყაშვილის პირველ კლიპზე დაასრულებს მუშაობას. საუბარი ამ თემით დავიწყეთ:

ნეკას ვიცნობ უკვე ოთხი წელია. მასთან მუშაობა ჩემთვის არის ძალიან დიდი სიამოვნება და საინტერესო პროცესი. მუდმივად ვცვლით იდეებს. როგორც ჩემთვის – მისი, ასევე მისთვის ჩემი იდეები მნიშვნელოვანია. სასიამოვნო ფაქტი იყო, როცა ერთ-ერთ გადაღებაზე გამომიცხადა, რომ მე უნდა გადამეღო მისი კლიპი. მანამდე მქონდა კლიპი გადაღებული, მაგრამ ნეკასგან ამ შეთავაზებას არ მოველოდი. თავიდან ამან შემაშინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შემიძლია და რატომაც არა-მეთქი. დავიწყეთ მუშაობა. ჯამში 11 ლოკაცია იყო და კიდევ უფრო მეტი ლუქი ამ ლოკაციებზე. ვაპირებთ, რომ ერთი ლოკაცია კიდევ დავამატოთ. კლიპზე მუშაობა არ არის დასრულებული, ერთ-ორ თვეში გვექნება სრული მასალა.

როგორია ნეკასთან თანამშრომლობა?

ორივე ხარისხზე ორიენტირებული ტიპაჟი ვართ, რაც არ გვაძლევს უფლებას, რომ არ დავდოთ მაღალი ხარისხის კონტენტი. ეს მომწონს, როცა მოდელიც მომთხოვნია და მეც. ყველაზე საინტერესო გამოვიდა ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გადაღება, გადაღება დავიწყეთ შუაღამის 4 საათზე, ნახევარ საათში ისე შევცვალეთ იქაურობა, რომ ტუალეტიც კი გადაიქცა უნიკალურ გადასაღებ მოედნად. ისე მოვაწყვე განათებებით, რომ ძალიან შთამბეჭდავად სანახავი გამოვიდა. ჩემთვის ამ კლიპში ყველაზე საუკეთესო მომენტები სწორედ იქ არის გადაღებული.

ხშირად მისვამენ ხოლმე ნეკაზე კითხვებს, როგორია, საზოგადოებას ხომ თავისი წარმოდგენა აქვს მასზე, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება – საოცრად კარგი ადამიანია, უკეთილშობილესი. ხანგრძლივად ვერც ვითანამშრომლებ ისეთ ადამიანთან, ვინც ნეგატივს აფრქვევს.

თამო ვაშალომიძეც მოხვდა შენს ობიექტივში…

თამო ვაშალომიძესთანაც მიმუშავია. როცა ვითანამშრომლე, ინბოქსი ამევსო ესემეს შეტყობინებებით, თუ როგორ ვთანამშრომლობ ორ გოგოსთან, რომელთაც წარსულში ჰქონდათ უთანხმოება. თამოს და ნეკას ვგულისხმობ. სიმართლე გითხრათ, ეს არც ვიცოდი, მერე გავიგე, ამ შეტყობინებებით და შემდეგ მოვიძიე ეს ინფორმაცია, ვნახე, რაშიც იყო საქმე და რატომ აინტერესებდათ ამ თემაზე ჩემი აზრი. რეალურად, მე მათთან მაკავშირებს საქმიანი ურთიერთობა და ორივე მათგანთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება. თუ მათ შორის რაიმე გაურკვევლობა იყო, ეს მე არ მეხება, არ ვერევი მათ პირად ურთიერთობებში. არ მინდა, ღრმად შევიჭრა სხვა ადამიანების პირად სივრცეებში, თუმცა ვისურვებდი, რომ მათ შორის ყველა უთანხმოება დალაგდეს.

ალექსანდრა პაიჭაძესთანაც ხშირად თანამშრომლობ…

ალექსანდრას გაცილებით დიდი ხანია, რაც ვიცნობ. მაშინ გავიცანი, როცა ამ პროფესიას ვიწყებდი. ჩემთვის საინტერესო იყო მისი ნახვა სხვადასხვა პლატფორმაზე, მინდოდა, რომ შევმდგარიყავი ისეთ ფოტოგრაფად, რომელიც შეძლებდა მისთვის კონტენტის გაკეთებას. დავიწყე ჩემს თავზე სერიოზულად მუშაობა და განვითარება და ეს გახდა ერთ-ერთი მოტივაცია. საბოლოოდ კი, მივედი იმ შედეგამდე, რომ დღეს მისთვის მე ვარ ერთ-ერთი საყვარელი ფოტოგრაფი, ჩემთვის კი – საყვარელი მოდელი. ძალიან კომფორტული, ადამიანური და გულწრფელია, ასევე უშუალო და უბრალო… ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასთან მუშაობა არის ერთი დიდი გამოცდილება. დამატებით ახალი გამოცდილებაა ყველა ჩვენი საქმიანი გადაკვეთა. სულ ვართ განვითარების პროცესში ერთად, მე მასთან ვმუშაობ და ის – ჩემთან. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ფოტოების გადაღება – ფოტოების მიღმა არის ბევრი ისტორია, მოგონება…

ანუკი არეშიძესთან თანამშრომლობა რა პროექტს უკავშირდება?

მცირე ხნის წინ ავტვირთე ანუკისთან ერთად გადაღებული სთორი. ბევრი კითხვა დამისვეს, სად იყო გადაღებული და რასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ ვასაჯაროებ, რიგი მიზეზების გამო…ანუკი არის უსაყვარლესი ადამიანი… როცა მასთან მქონდა პირველი შეხვედრა, პირველივე შეხვედრიდან ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. საერთოდ, საზოგადოებას თავისი წარმოდგენა აქვს ცნობილ ადამიანებზე, რაც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მათთან მუშაობისას მივხვდი…

magti 5g