ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ცნობით, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი, ლევან ცუცქირიძე.
მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1957 წელს, 1960 წელს კი – სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1960-1963 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, ფერწერის კათედრაზე. 1967-1975 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტად. 1975-2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (პროფესორის წოდება მიენიჭა 1990 წელს).
1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“. ამ ილუსტრაციებით პოემა ორგზის (1970, 1980) გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის („შუშანიკის წამება“), ვაჟა-ფშაველას („სტუმარ-მასპინძელი“, „გიგლია“, „გველისმჭამელი“ და სხვა), გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის („ხევისბერი გოჩა“), გრიგოლ ორბელიანის („სადღეგრძელო“) თხზულებებისათვის.
მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს „შოთა რუსთაველი“ და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. აღსანიშნავია ცუცქირიძის მიერ 1960-იანი წლების დამლევს შესრულებული ესკიზები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პანოსთვის (ეს პროექტი ვერ განხორციელდა).
ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.
ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს გაიმართა თბილისში, მოსკოვში, აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია ვაიმარში (გერმანია), გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი ტილოები გამოფენილია, აგრეთვე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არაერთ კერძო კოლექციაში. 2007 წელს ცუცქირიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში.
საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის მიღებული აქვს ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი (1974).