LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რესტორატორის დატვირთული ცხოვრება და კარგი ხასიათის საიდუმლო: „ჩემს ქმარსა და შვილებს მოსწონთ ჩემი აქტიურობა“

1444
ქეთი სალაყაია

პოპულარული რესტორატორი და „რუსთავი 2“-ის კულინარიული შოუს „შეფების ლიგის“ ჟიურის უცვლელი წევრი, ქეთი სალაყაია თბილისში გემრიელად მირთმევასთან ასოცირდება. მის მიერ შექმნილი სხვადასხვა საინტერესო კულინარიული ლოკაცია უამრავ გურმანს იზიდავს. „ლე მარე“

როდესაც თქვენ დაიწყეთ ამ სფეროში მუშაობა, მაშინ კულინარია ასეთი პოპულარული არ იქნებოდა…

18 წლის წინ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა დიდი კულინარიული პროექტის მენეჯერობა. ყოველდღე უნდა შეგვექმნა 3000 ადამიანისთვის აუცილებელი ლანჩ ბოქსი, სახლში ვამზადებდით, დედაც და ბებიაც საუკეთესო კულინარები იყვნენ, განსაკუთრებით ბებია. ამ შეთავაზებაზე დავთანხმდი, რა პროფესიაც მანამდე მქონდა, მისთვის თავი მქონდა დანებებული, ბავშვები კი უკვე გაზრდილები იყვნენ. როცა მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, „ლე მარეს“ წილი ვიყიდე, ჩემი მეგობრის დაძალებით ვიყიდე.

როგორც ვხვდები, რისკიანი ადამიანი ხართ…

რისკიანი ვარ? არ ვიცი. ეს საქმე არ დამიწყია ფულის გამო. უფრო გულის გასახარებლად დავიწყე, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და საჭმლის კეთებაც.

პირველი წარმატება როდის მოვიდა? აი, სარკეში რომ ჩაიხედავ და მიხვდები, რომ ნამდვილად გამოგივიდა რაღაც…

სხვათა შორის, დღესაც კი არ ვიხედები ასე სარკეში… მაშინ ვიფიქრებ, რომ რაღაც გამომივიდა, როცა კიდევ უფრო დიდს გავაკეთებ რამეს… ეს არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. საქმე რომ გამოვიდა, მაშინ მივხვდი, როცა რესტორანთან რიგი იდგა და დასაჯდომი ადგილები არ იყო.

საქართველოში, ერთი მხრივ, ადვილია კვების ობიექტის გაკეთება, მეორე მხრივ – რთული… ადამიანებს ძალიან მალე ჰბეზრდებათ ერთი და იგივე ადგილები. თქვენი წარმატების საიდუმლო რა არის?

რაც უნდა ძვირდებოდეს პროდუქტი, რესტორანში ხარისხი უნდა შეინარჩუნო. ვიღაც თვლის, რომ იაფით ჩანაცვლება ჯობს, მაგრამ ეს შედეგს აუარესებს. ჩემი ამომავალი წერტილი არა ფულის შოვნა, არამედ ხარისხიანი ადგილების შექმნა იყო. ჩემიც და ჩემი მეგობრებისაც. ბაკურიანში „პონჩიკი“ შედარებით დაბალბიუჯეტიანი ლოკაციაა, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ერთი ფუნთუშა ჭამოს და ყავა დალიოს. ხალხი ძალიან კმაყოფილია, იქ მაღალ კულინარიულ ნამუშევრებზე არავის აქვს პრეტენზია. რაც შეეხება თბილისში არსებულ რესტორნებს, მეგობრებთან ერთად მაქვს რამდენიმე რესტორანი, ერთი „ალუბალია“, სადაც ქართული სამზარეულო გვაქვს, მარტო ვერ მივიწერ ამ წარმატებას, მე და ჩემს მეგობრებს ერთად დიდი შრომა გვაქვს ჩადებული, ძვირიან პროდუქტს ვყიდულობთ და ხარისხს არ ვაფუჭებთ. მეორე არის „ლე მარე“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, მუშაობს – ეს გახლავთ ფრანგული რესტორანი. თან ვხალისობთ, თან გვიყვარს ერთმანეთი, ვურთიერთობთ, ბევრი ადამიანი გავიცანი…

თქვენ კი ყველას იცნობთ, მაგრამ ახლა თქვენ გაგიცნოთ ყველამ, როდესაც „შეფების ლიგის“ ჟიურის წევრი გახდით…

არ მეგონა, რომ ეს საქმე ჩემი გახდებოდა. ჩემი დის და დეიდაშვილის მეგობარმა, ნუცა ბაიაძემ, დაიჩემა, გინდა თუ არა მიდი ერთხელ მაინცო. ნუცას დამსახურებით, რომელიც ჩვენი შოუს ერთ-ერთი პროდიუსერია, აღმოვჩნდი „შეფების ლიგაში“. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, თავისთავად ხდება ხოლმე სიახლეები. ჩემი აქ მოსვლა „რუსთავი 2“-ის სტუდიაში, ხალისთან და მხიარულებასთან ასოცირდება.

კულინარიის მიღმა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

ჩემს ცხოვრებაში ჩემი ქმარი, შვილები, მეგობრები არიან, მიყვარს მოგზაურობა. მყავს მეგობრები, რომლებთანაც 30-35 წელია ვურთიერთობ. არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, თვეში ორჯერ რომ ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს, ყოველდღიურად კონტაქტზე ვართ…

ოჯახს როგორ მოსწონთ თქვენი აქტიური გრაფიკი?

მუდმივად აქტიური ვიყავი და არ უკვირთ, მაგრამ ვგიჟდები კოტრიალზეც. ჩემს შვილებს მოსწონთ, ჩემს ქმარსაც არასდროს ჰქონია პრობლემა. დედაჩემი ფიქრობს, რომ ძალიან უტიფარი ვარ, კამერასთან ასე რომ ვურთიერთობ (იცინის). მამაშენს ჰგავხარო, მეუბნება. მამის მხრიდან გამომყვა არტისტულობა. ბაბუაჩემი „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ თამაშობდა ეპიზოდურ როლში, ეს ხალხი კი სულ ჩვენთან იკრიბებოდა. გიგა ლორთქიფანიძის და თემიკო ჩირგაძის გაზრდილი ვარ, მახსოვს, როგორ მიდიოდა ქართული სუფრები, ეს თავისუფლება, ალბათ, იქიდან მოდის.

ქეთი სალაყაიას აქვს რაიმე საოცნებო?

ტრივიალურად ვიტყვი, საოცნებოა, რომ ყველა ჯანმრთელი უნდა იყოს და კარგ ხასიათზე. კარგი ხასიათი არის ის, როცა დილით გაიღვიძებ და ჩიტები ჭიკჭიკებენ, ბედნიერი უნდა იყო. ამას წინათ ბაკურიანში ვიჯექი და სწორედ ამაზე ვფიქრობდი. დანარჩენი თავისით მოვა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g