LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცნობილი სიმღერის ახალ ვერსიაზე მე და ნიკა ნიკვაშვილმა ვიმუშავეთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა“ – გიორგი სუხიტაშვილი სიმღერის „ვერხვის ფოთოლთა“ პრემიერით „არტ-FM“-ში

930
გიორგი-სუხიტაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს გიორგი სუხიტაშვილი სტუმრობდა შემოქმედებითი სიახლეებითა და ახალი სიმღერის „ვერხვის ფოთოლთა“ პრემიერით.

ცნობილი სიმღერის ახალ ვერსიაზე მე და ნიკა ნიკვაშვილმა ვიმუშავეთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ მომწონს და კმაყოფილი ვარ. სიმღერის პრემიერა ივნისის თვეში, ჩემს სოლო კონცერტზე შედგა და უკვე მიიღო დადებითი შეფასება, რაც ძალიან სასიამოვნოა. მართალია, მცირე ცვლილებები შევიტანე გალაქტიონის ლექსში, მაგრამ მაინც მაქსიმალურად შევინარჩუნე ავთენტურობა.

2018 წელს, სოფელში პაპასთან ერთად გადავიღე რამდენიმე ვიდეო, რომელთაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა. ყველას ძალიან გვინდა ევროპელობა, ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპისგან განსხვავებით საქართველოში ძალიან ბევრი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული მოხუცია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი საყვარელი პაპისთვის ბოლო წლების გალამაზება.

მართალია, პაპა 2022 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მანამდე დავინტერესდი სოფლის ცხოვრებით, დავიწყე რაღაცეების დარგვა, რათა კავშირი შემენარჩუნებინა მშობლიურ მიწასთან. ახლაც ძალიან ხშირად ჩავდივარ სოფელში და ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ დიდი ხნით ვრჩები, რადგან ძალიან მსიამოვნებს ბავშვობის გახსენება და წინაპრების მიწის პატრონობა. ჩვენმა რეგიონმა ორი ომი გამოიარა, ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება მოვლა და პატრონობა. სხვათა შორის, ქართლელების ჩაკეტილობა არა გენეტიკური ხასიათი, არამედ იმ სიდუხჭირის, ყაჩაღობების და ომების შედეგია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ვფიქრობ, საჯარო ფიგურებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და პოპულარიზაცია გავუწიოთ მშობლიურ რეგიონებს. თქმა უნდა, ძალიან კარგია აგარაკი თბილისთან ახლოს, თუმცა ბევრად ფასეულია მამა-პაპის მიწა, რომლის შენარჩუნება ყველას ვალია.

წლების წინ სოფელში პატარა ხის სახლი ავაშენე, რადგან ძალიან მინდოდა მცირე საფესტივალო სივრცის მოწყობა, სადაც მუსიკაც იქნებოდა, შეხვედრებიც და რეპეტიციებიც. პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო სახლის აშენებით, რადგან ყოველდღე ახალი იდეა, ინიციატივა და მუსიკა იბადება. იმედი მაქვს ერთ დღეს უცილობლად განვახორციელებ ჩანაფიქრს, თუმცა არ ვჩქარობ. არ მაქვს მკაცრად განსაზღვრული დრო და ვადები, რადგან არ მინდა გავხდე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ტყვე. მირჩევნია ყველაფერი ნელა ვაკეთო და კეთების პროცესითაც  მივიღო სიამოვნება.

სტუდენტობის დროს თავისუფალ თეატრში ვთამაშობდი სპექტაკლებს, თუმცა საქართველოში ძალიან რთულია სახელოვნებო სფეროთი თავის რჩენა, მით უფრო, რომ მსახიობი ყოველთვის იდეალურ ფორმაში უნდა იყოს. დღეს უპირატესობას სიმღერას ვანიჭებ, რადგან ვთვლი, რომ სიმღერით დავიბადე და სწორედ ესაა ჩემი უპირველესი პროფესია.

რა თქმა უნდა, ბევრჯერ მიფიქრია სიმღერისთვის თავის დანებება, რადგან ძალიან არ მინდა მხოლოდ შემოსვლისთვის მუშაობა და იმ ჟანრის, სტილის კომპოზიციების ჩაწერა, რომლებიც პოპულარული და შემოსავლიანია. ამ შემთხვევაში საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ, რადგან მთელი ცხოვრება უხარისხობას და ზედაპირულობას გავურბივარ. ნამდვილად არ ვაპირებ კომპრომისზე წასვლას, ვიღაცის სურვილებს მორგებას და მხოლოდ ვიღაცეების დაკვეთის შესრულებას. მე ჩემი მსმენელი მჭირდება, რომელიც ჩემს მუსიკას გაიგებს და მნიშვნელობა არა აქვს დიდი იქნება აუდიტორია თუ მცირე.

ახლა ივნისში გამართული კონცერტის ვიზუალურ და აუდიო მასალას ვამუშავებ, რათა ერთიან კონცერტადაც გამოქვეყნდეს და ცალკეულ სიმღერებადაც. სამწუხაროდ, რამდენიმე კომპოზიტორის კონცერტი გადაიდო, იმედი მაქვს გაზაფხულზე მაინც გაიმართება, რადგან ძალიან გვაკლია ფუნდამენტური მნიშვნელობის კონცერტები სადაც გაჟღერებული სიმღერები დიდი ხნით შეინარჩუნებენ აქტუალურობას და პოპულარობას. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g