LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლი არაა ქმრისთვის მშობელი, შესაბამისად ცოლის და დედის ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს“ – ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე

3491
magdaferadze201118

რატომ არის აუცილებელი მკაცრად გაიმიჯნოს წყვილის ურთიერთობაში ცოლისა და მშობელი დედის ფუნქციები და რა შეცდომას უშვებენ ამ კუთხით მშობლები. „ფორტუნას“ ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.

„ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი შემდეგი ფრაზები: ,, ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ”, “ჩვენ სიარული დავიწყეთ” და მრავალი ,,ჩვენ”. უფრო რთულად არის საქმე, როდესაც დედა რეკავს, რომ შვილი კონსულტაციაზე ჩაწეროს ფსიქოლოგთან, ტექსტით: ,,ბავშვის მოყვანა მინდა თერაპიაზე”, ამასობაში კი აღმოჩნდება, რომ ,, ბავშვი” 25 წლის ზრდასრული მამაკაცია. აქ საუბარია ძლიერი დედობრივი სიყვარულის შედეგად განვითარებულ დამოკიდებულებაზე, მიჯაჭვულობაზე.

როდესაც ბავშვი იბადება და გამოეყოფა დედის საშვილოსნოს იჭრება ფიზიკური ჭიპლარი, არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლებისთვის ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრაც. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილი ვერ შედგება ცალკე პიროვნებად. არ მოხდება მისი პიროვნების ინდივიდუალიზაცია.

შვილი, რომელიც მიჯაჭვულია მშობლებს, უჭირს მათგან გამოყოფა,ზრდასრულ ასაკშიც კი. ასეთი მშობლების ხელში ბავშვი მხოლოდ ფიზიკურად იზრდება, ფსიქოლოგიურად ინფანტილურია და არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. იქნებ იმიტომ, რომ მის ცნობიერებაში დედ-მამა ნებისმიერ ასაკში იზრუნებენ მასზე. პასუხისმგებლობა თავის დროზე მის მაგივრად აიღეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ქალს დედობის გარდა სხვა სტატუსიც ჰქონდეს ცხოვრებაში, პირველ რიგში არ დაავიწყდეს რომ ქალია, სასურველი ქალი. არის პიროვნება, ჰყავს ოჯახი, პარტნიორი, მეგობრები, აქვს პროფესია, ჰობი, ნიჭი და .. თუ ამ ყველაფერს უგულვებელყოფს და მხოლოდ დედის სტატუსს ირჩევს ცხოვრებაში, ესეც მისი არჩევანია. მაგრამ არის კი ეს არჩევანი გაცნობიერებული?

მშობელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რაღაც ასაკში შვილი უნდა გაუშვან. თუმცა ხშირად ზრდასრული შვილის გაშვებას თან ახლავს გულისტკენა, სევდა, ხშირად ბრაზიც და იმედგაცრუება. ასაკის მატებასთან ერთად შვილის ცხოვრებაში მშობლის როლი მცირდება და ეს ნორმალურია. როდესაც საუბარია ასეთ დამოკიდებულებაზე, ამ დროს მშობელი  ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ამ ფაქტს, რადგან ფაქტობრივად უფუნქციოდ რჩება.

საქართველოში ერთ-ერთი მტკივნეული თემაა, როდესაც დედა-შვილის ურთიერთობაში მესამე ადამიანი შემოდის. საუბარია ამ შემთხვევაში ცოლზე, დედას შფოთვა იპყრობს. თუ რამდენად კარგად „მოუვლის“ უცხო ადამიანი მის შვილს, რამდენად იქნება ის იდეალური მეუღლე მისი შვილისთვის. ერთია, რომ შვილი უნდა გაუშვას და მეორე, ამ დროს უნდა „გადააბაროს“ მისთვის უცხო ადამიანს. ამ დროს შემოდის ქალური კონკურენციაც. ეს ყველაფერი კი წყვილის ურთიერთობაში ბზარს აჩენს. მამაკაცი რომელიც წლების განმავლობაში იზრდებოდა და „იხარშებოდა“ მსგავსს ცხოვრებისეულ სცენარში, იგივეს ითხოვს ცოლისგანაც, რადგან თავის დროზე ასე ასწავლეს, ასე მიაჩვიეს. ანუ ცოლი ანაცვლებს დედას. რაც ჩანასახშივე არასწორია. როდესაც ცოლი დედის როლს ითავსებს, კიდევ ერთ შვილს იმატებს ქმრის სახით. როგორც ქალი ის რჩება იგნორირებული, მისი სურვილები და მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი. ასეთი ტიპის ურთიერთობები განწირულია დაშლისთვის. დაშლას ხელს უწყობს ის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომელიც ქალისგან ქმრისთვის დედის როლის შეთავსებასას ითვალისწინებს.

გახსოვდეთ, წყვილის ურთიერთობაში ქმარი შვილი არაა, შესაბამისად, არ არის საჭირო დედის ფუნქციები შეითავსოს ცოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g