„თქმა-ლანკანის“ რიგით მეორე კოლექცია „ჰაიდეგერი და ჰანნა“ ნამდვილად უფრო საინტერესოს გახდის წყვილების ცხოვრებას, რომელთა ყოველდღიურობაც COVID-19 -ს გლობალური გამოწვევის გამო, იზოლაციასა და კარანტინში მიმდინარეობს.
საუზმე, ლანჩი, სადილი, ვახშამი თუ Coffee ან Tea Time შეგვიძლია გავატაროთ ჰანნა არენდტის და მარტინ ჰაიდეგერის ამაღელვებელ, 50 წლიან მიმოწერასთან ერთად, რომლიდანაც ამონარიდები დატანილია „თქმა-ლანკანის“ სუფრის სერვირების ელემენტებზე – ყავის/ჩაის ფინჯნები, ჩაიდანი, საშაქრე, თეფშები და ა.შ);
ამონარიდები ასახავს გერმანელი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის და ებრაული წარმოშობის ჰანნა არენდტის (ტოტალიტარიზმის თეორიის ფუძემდებელი) საოცარი მეგობრობის და სიყვარულის ამბავს, რომელიც მიმდინარეობდა თითქმის 50 წლის განმავლობაში, ვიდრე ჰანნას გარდაცვალებამდე.
მათი იდუმალი სასიყვარულო ისტორია ბევრი ადამიანისათვის დღემდე შთამბეჭდავია, სწორედ იმიტომ რომ ისინი პირველ რიგში იყვნენ ინტელექტუალური მეწყვილეები, მეგობრები ძლიერი სულიერი კავშირით, რომელსაც ვერაფერი დააკლო პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა, ვალდებულებებმა სხვა ადამიანებთან, ატლანტის ოკეანემ, დროსა და სივრცეში დისტანციამ. თავად ჰაიდეგერი ამ რომანს აღწერდა როგორც ყველაზე ამაღელვებელს, კონცენტრირებულს და ბობოქარს, რომელიც ორივე მათგანის შემოქმედებას ჰკვებავდა.
ეს ურთიერთობა საინტერესო იყო გენდერული თვალსაზრისითაც (ამიტომაც აღმოჩნდა „თქმა-ლანკანის“ ახალი კოლექციის ინსპირაცია) – მარტინი ცდილობდა ჰანნა, როგორც ქალი გაეძლიერებინა: „იყავით ბედნიერი – მხოლოდ ესაა ჩემი სურვილი. როცა თავს ბედნიერად იგრძნობთ, მხოლოდ მაშინ გახდებით ქალი, რომელსაც შეუძლია ასხივებდეს ბედნიერებას, იყოს მტკიცე, თავდაჯერებული და მადლიერი ცხოვრების მიმართ. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ, მოემზადოთ სათანადოდ იმ ცოდნისთვის, რითაც უნივერსიტეტმა მომავალში უნდა უზრუნველგყოთ.“
მსოფლიოში დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საინტერესოა ჰაიდეგერის მოსაზრება იზოლაციასა და დისტანციაზე, რომელიც მართალია მხოლოდ მათ ეხებოდათ, მაგრამ რომელშიც ფაქტობრივად მრავალი წელი იცხოვრეს.
“შემოქმედებითი მოღვაწეობის მსხვერპლად ყოველივე ყოფითისგან გარიდება, ნებისმიერი კავშირისგან თავის არიდება არის ყველაზე დიადი ადამიანური გამოცდილება. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციებს, ეს არის ყველაზე საძაგელი გამოცდილება, რომელსაც შეიძლება ადამიანი შეეჯახოს. ადამიანის გული გაპობილია მისივე სხეულით. ყველაზე რთული კი არის ის, რომ ამგვარი იზოლაცია არ გაძლევს გარანტირებული შედეგის იმედს, რადგან არ არსებობს იმის საზომი, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი ეს გადაწყვეტილება. ადამიანური ურთიერთობების აკრძალვა არ არის პანაცეა წარმატების მისაღწევად. აუცილებელ იზოლაციაში მე ვგულისხმობ არა ახალი ფარული ურთიერთობების დაწყებას, არამედ აბსოლუტურ გამიჯვნას და იმ ძალის შენარჩუნებას, რომ იყო მუდმივად დისტანცირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის გამართლებული ასეთი მსხვერპლის გაღება. მაგრამ ეს მტანჯველი სურვილი არის არა მხოლოდ მიუღწეველი, არამედ დავიწყებულიც კი, იმდენად, რამდენადაც ცხოვრებისეულად ყველაზე საჭირო ადამიანური ურთიერთობები ისევ ცოცხლდება და იკრებს ძალებს, რომლებიც კიდევ ერთხელ იზოლაციისკენ უბიძგებენ. ასეთი სიცოცხლე მომავალში ხდება აუცილებლობის საკითხი, რასაც არ აქვს გამართლება. ამ ყველაფერთან შერიგება პოზიტიური გზით – არ შეაფასო ეს მდგომარეობა გაქცევად, აი, რას ნიშნავს იყო ფილოსოფოსი.“
თავის მხრივ ჰანნა პასუხობს: “მე მიყვარხარ ისე, როგორც პირველ დღეს. შენ ეს იცი და მეც ყოველთვის ვიცოდი. გზა, რომელიც მაჩვენე, უფრო გრძელი და რთულია, ვიდრე მეგონა. ამ გზის მარტო გავლა ინდივიდუალური არჩევანია და მე მხოლოდ ასე ცხოვრება შემიძლია. მხოლოდ შენ გაქვს ამის გააზრების შესაძლებლობა, რადგან ეს ისედაც იცი“.
მიმოწერის ეს ნაწილი, რომელიც 1925-1975 წლებში გრძელდებოდა, დატანილია „თქმა-ლანკანის“ ახალ კოლექციაზე.