2019 წლის პირველი იანვრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის მწარმოებლებს აქციზური და ადვალური გადასახადები გაუზარდა. შედეგად, უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.10 ლარით გაძვირებას ნიშნავს.
ამასთანავე, აქციზის საბაზო ზრდამ უფილტრო სიგარეტის ადვალური გადასახადის 11 თეთრიანი ზრდაც გამოიწვია, რაც ჯამში უფილტრო სიგარეტის კოლოფს 1.21 ლარით აძვირებს. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი კი, გასამმაგდა და 10%-დან 30%-მდე გაიზარდა, რაც კოლოფი სიგარეტის ფასს საშუალოდ 20%-ით აძვირებს.
მიღებული ცვლილებები ძალაში 3 დღეში შევიდა. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აღიარებს, რომ უმჯობესი იქნებოდა მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს უფრო ადრე ცოდნოდათ ამის შესახებ. თუმცა დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ცვლილება მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის თამბაქოზე აქციზის ოდენობა ევროკავშირში მოქმედ განაკვეთს გაუთანაბროს.
სხვაგვარად ფიქრობენ თამბაქოს ინდუსტრიაში. როგორც „ფორტუნას“ შპს „ფილიპ მორის საქართველოში“ განუცხადეს, ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესინდუსტრიასთან კომუნიკაციის გარეშე პრობლემას წარმოადგენს, არა მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიისთვის, არამედ ზოგადად, ცუდი სიგნალია ბიზნესისთვის.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს დაგეგმავ, სახელწმიფოს შეუძლია 24 საათში შეუცვალოს მთლიანად ყველა გათვლა და გარემო ბიზნესს.
3 დღეში შევიდა გადაწყვეტილება ძალაში, ფაქტის წინაშე გაყენებენ. გადაწყვეტილებები, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ერთ დღეში არ უნდა მიიღებოდეს და უნდა იყოს ბიზნესინდუსტრია ჩართული დისკუსიებში. არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა ჩვენთან.
ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და უნდა იყოს ჩართული ის ინდუსტრია, რომელზეც ზეგავლენას ახდენს. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვღებულობთ პროცესში მონაწილეობას, კომუნიკაცია ჩვენთან არ მომხდარა,“ – ამბობს კომპანიის კორპორატიული განყოფილების ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი.
შენიშვნები სახელმწიფოსთან მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიას არ აქვს. ამავე პრობლემაზე მიუთითებს ბიზნესომბუდსმენიც.
„კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად სჭირდება პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესისთვის წინასწარ შეტყობინების და კონსულტაციის გარეშე, გადასახადის განაკვეთის ცვლილება, აზიანებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს,“ – აღნიშნავს ბიზნესომბუდსმენი და დასძნეს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპრატი იზიარებს თამბაქოს იმპორტიორების პოზიციას და მიზანშეწონილად მიაჩნია, შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი და გათვალისწინებული იქნეს ბიზნესის ინტერესები, ასევე ის რისკები, რაც შესაძლოა, თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას.
შენიშვნებს იზიარებენ საექსპერტო წრეებშიც. ეკონომისტი გიორგი პაპავა “ფორტუნასთან” ამბობს, რომ აქციზის ზრდა რაც შეიძლება თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ უნდა მოხდეს და კომპანიებმა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დიდი ხნით ადრე უნდა იცოდნენ. პაპავა ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში აქციზის ზრდა ნეგატიურ გავლენას მოახდენს მომხმარებლებზე, განსაკუთრებით კი, ნაკლებად შეძლებულ და ღარიბ მოსახლეობაზე, გაჩნდება კოტრაბანდისტული რისკებიც. თუმცა, პაპავა მიუთითებს, რომ უარყოფითი ეფექტების დაძლევა გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია.
„გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანია და უკეთესია აქციზის ზრდა, ვიდრე სხვა რაიმე ტიპის რეგულაციის შემოღება, რადგან გავლენა ექნება იმაზე, თუ რამდენი ახალი ადამიანი დაიწყებს მოწევას. თუმცა, ეს არ იქნება 1 და 2 წლის შედეგი, რადგან მომხმარებლის დიდი ნაწილი უფრო მდარე ხარისხის და იაფფასიანი პროდუქტით ჩაანაცვლებს მას,“ – აღნიშნავს გიორგი პაპავა.
რაც შეეხება თამბაქოს აქციზის გაძვირების გავლენას ეკონომიკაზე, პაპავა ამბობს, რომ ამას არსებითი გავლენა არ ექნება.
„თამბაქოს დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ზოგადად საქართველოში თამბაქოს წარმოება არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგი. შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ მასზე აქციზის ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს,“ – აღნიშნავს გიორგი პაპავა.
ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციაში კი მიიჩნევენ, რომ თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და პროდუქტიულობის კლების გამო, საქართველოს მშპ ყოველწლიურად 2.4%-ს კარგავს, რაც დაახლოებით 825 მილიონი ლარია.
“2017 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოში თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა საქართველოში 15 წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით,” – აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას.
ორგანიზაცია თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტსაც ეხმაურება. საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, თამბაქოზე ფასების ზრდით, უკანონო ვაჭრობა არ გაიზრდება, როგორც ამას თამბაქოს ინდუსტრია ირწმუნება.
“მრავალი ფაქტი და მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ქვეყნებს, სადაც თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები და კანონის ძლიერი ადმინისტრირებაა, საკმაოდ მცირე უკანონო ბაზარი აქვთ ან ის უმნიშვნელოდ იზრდება, საქართველო ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამ მხრივ. 2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდისა და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა, მაგრამ მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე პრაქტიკულად რამდენჯერმე გაზარდა გადასახადები და ზოგადად, კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, ძალიან მალე არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი, შესამჩნევად გაიზარდა,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.