რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.
ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, ჰაერი ჩაისუნთქოს და მზე დაინახოს:
“სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ძალიან მეშინოდა მისი მდგომარეობის გამო.
მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ დიაგნოსტიკას უკეთებდნენ. ის, დაახლოებით, კიდევ სამი კილოგრამით გახდა. მუდმივად პალატაში იმყოფება. პოსტტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე.
ძალიან ცუდია ადამიანი ასეთ პირობებში, რადგან რეაბილიტაცია შეიძლება უფრო ცუდად მოხდეს. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით და ვფიქრობ, მას ახლა სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ახლობლების, ადვოკატებისა და ხალხის მხრიდან. ბრძოლა მისი გათავისუფლებისთვის გრძელდება.” – განაცხადა იასკომ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრიდან შიმშილობდა, 50-დღიანი პროტესტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.