LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც 2019 წლიდან ამოქმედდა

1 MTAVARI

საქართველოში 2019 წლის დადგომისთანავე სხვადასხვა ცვლილებები და რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც მოსახლეობას ახალ ვალდებულებებს აკისრებს.

  1. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებაა

ამოქმედებული რეგულაციებიდან ერთ-ერთი, ავტომობილებისთვის ტექინსპექტირების გავლაა. მთავრობამ გამოაქვეყნა დეტალური ტექნიკური რეგლამენტი , რომლის დაკმაყოფილებაც ავტომობილებს მოუწიათ. რეგლამენტი ეხება ავტომობილის გამართულობის ყველა კრიტერიუმს, დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით.

მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო ყველა სხვა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის – 100 ლარი ეღირება.

  1. პარკირების ზონალურსაათობრივი საფასური

სწორედ ავტომფლობელთათვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან, საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირების ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, პარკირების სისტემის ეფექტური რეგულირების პოლიტიკა, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

  1. ტაქსების ერთიანი ვიზუალური სტანდარტი

რაც შეეხება ტაქსებს, ტაქსების რეფორმის ფარგლებში:

„ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული და ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ეცოდინებათ თუ როგორი იქნება ეს მოთხოვნები,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ.

  1. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

2019 წლიდან, საპენსიო რეფორმის სახით, მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა ძალაში 40 წლამდე დასაქმებული პირებისთვის. დასაქმებულებს საპენსიო ანგარიშზე საკუთარი შემოსავლის ორი პროცენტის გადარიცხვა მოუწევთ, ორ პროცენტს დამსაქმებელი, ორს კი, სახელმწიფო გადაიხდის.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თვიური შემოსავალი 1000 ლარია, 2% (20 ლარი) ჩაირიცხება საპენსიო ფონდში. დარჩენილი თანხა, 980 დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მოქალაქე ხელზე აიღებს 784 ლარს (მანამდე 800 ლარს იღებდა). საპენსიო ფონდში კი, ჯამში 60 ლარი ჩაირიცხება (20 დასაქმებულის, 20 დამსაქმებლის, 20 სახელმწიფოს).

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში.

პენსიონერებისთვის 2019 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო პენსია 20 ლარით გაიზარდა – ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად, 200 ლარს მიიღებს.

  1. ყაზტრანსგაზ თბილისისაბონენტებისთვის გაზის ტარიფი შემცირდა

კარგი სიახლეა „ყაზტრანსგაზ თბილისის“ აბონენტებისთვის. პირველი იანვრიდან თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით შემცირდა. ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრია. აღნიშნული ტარიფი 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

  1. თბილისის გენერალური გეგმა იანვრიდან ძალაში შევიდა

ქაოტური განაშენიანების პრობლემა, ვერეს ხეობასთან დაკავშირებული საკითხები – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არის განხილული.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, გენგეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, დასახელდა 11 ადგილი, სადაც ქაოტური განაშენიანების პრობლემა არის და მისივე განცხადებით, ქაოტური განაშენიანება აუცილებლად შეჩერდება.

ასევე ცნობილია, რომ ვერეს ხეობასთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა.

  1. დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულოა

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო გახდა.

პირობები, რომლითაც კომპანია დასაქმებულს დააზღვევს, სადაზღვევოსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

აუცილებელია, უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და გააჩნდეს აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.

ჯარიმების ოდენობა დარღვევების სიმძიმისა და საწარმოს სიდიდის მიხედვით განისაზღვრება და 100-დან 50 ათას ლარამდეა.

 

 

  1. სოციალურად დაუცველი ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ

პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ.

სოციალურად დაუცველთა ოჯახში 16 წლამდე ბავშვებისთვის დაფინანსების 10-დან 50 ლარამდე გაზრდა “გაეროს” ბავშვთა ფონდის კვლევაზეა დაფუძნებული. საქართველოში 143 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია. მათი გარკვეული ნაწილი შიმშილს განიცდის. ამიტომ, “იუნისეფმა” სახელმწიფოს, ბავშვებში შიმშილობის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

  

  1. გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

პირველი ივნისიდან გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, ზაფხულიდან შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს. ამ ეტაპზე კი დოკუმენტი ითვალისწინებს ვალდებულებას, მშობელმა სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.

საქართველოში მოქმედი აცრების ეროვნულ კალენდარში 10 ვაქცინაცია შედის. ესენია: B ჰეპატიტი (ჰეპ B / HepB); ბცჟ (BCG); დიფთერია + ტეტანუსი + ყივანახველა + ჰეპ B +ჰიb + იპვ (ჰექსა/DPat+HepB+Hib+IPV); პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV); როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურა; დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა; პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა; დიფთერია-ტეტანუსი; ტეტანუსი-დიფთერია.

 

  1. ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება

საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისებისთვის, პირველი იანვრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება ამოქმედდა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდა სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი მოქალაქეების ჭარბვალიანობისგან დაცვაა, თანაც ისე, რომ დაცული იყოს თავად სესხის გამცემი ორგანოს ინტერესიც. დებულების თანახმად, სესხის გაცემისას, ბანკმა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციამ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ყველა ის ფაქტორი უნდა გაანალიზოს, რამაც შეიძლება შემდგომში გავლენა იქონიოს მათ საქმიანობაზე.

  1. დამრგვალების მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორებისას 1 და 2 თეთრიანების სიზუსტით დაანგარიშების პრინციპი – „დამრგვალების მეთოდით“ შეიცვალა.

ფასის დამრგვალება მოხდება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც თავის მხრივ, ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე  ფასების ცვლილებას გამორიცხავს.
 

  1. საგრანტო პროგრამააწარმოე უკეთესი მომავლისთვისამოქმედდა

ახალი წლიდან ახალი საგრანტო პროგრამა “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა.

პროგრამა გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.

“ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა,” – აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

 

 

 

 

  1. თამბაქო გაძვირდა

უფილტრო სიგარეტზე აქციზის 1,7 ლარამდე ზრდა, ფილტრიანზე კი, ადვალური გადასახადის გასამმაგება – ეს ის მიზეზებია, რომლებმაც საქართველოში თამბაქოზე ფასების გაზრდა გამოიწვია.

უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით გაძვირდა, ფილტრიან სიგარეტზე ფასმა 40-50 თეთრით მოიმატა.

 

  1. აკრძალვა რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

ქვეყანაში რძის და რძის პროდუქტების ხარისხის, კეთილსაიმედოობის გასაზრდელად, პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს, რძის შეძენა იმ ფერმერებისგან ეკრძალებათ, რომელთა ცხოველები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არ არის იდენტიფიცირებული.

“გაეროს” სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, „ცვლილების შემდეგ ცნობილი იქნება, რომ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, ის ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ზოონოზური, ანუ ცხოველისგან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი.“

მისივე თქმით, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება, სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერს სრულიად უფასოდ მიეწოდება.

 

  1. პლასტიკის პარკები აპრილიდან აიკრძალება

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში კანონით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

რაც შეეხება, ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოებას, იმპორტს და გაყიდვას, ის 2019 წლის აპრილიდან, საქართველოს მთავრობის მიერ იქნება აკრძალული. აკრძალვა ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე არ ვრცელდება.
 

 

 

 

 

 

 

 

  1. ცვლილება ნარჩენების მართვის კოდექსში

2019 წლის 1 დეკემბრიდან, გარკვეული პროდუქტების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, საკუთარი პროდუქტის ნარჩენის გადამუშავება თავად მოუწევთ.

„მწარმოებლის ვალდებულების გაფართოება ეხება სპეციფიურ ნარჩენებს. ეს არის სხვადასხვა ნაკადი, მაგალითად შეფუთვის ნარჩენები, როგორიცაა პლასტმასი, მუყაო, ქაღალდი და ა.შ. ასევე ეხება ელქტრონულ ნარჩენებს, ხმარებიდან ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ზეთებს, აკუმულუტორებს,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მონისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

 

  1. ახალი საბაჟო კოდექსი ამოქმედდა

იანვრიდან დადებითი ცვლილებები განხორციელდა საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით. სიახლეებს, ახალი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

  1. უფასო ფაკულტეტები გაუქმდა და ახალი მოდელი ამოქმედდება

განათლების სამინისტრო 2019 წელს აბიტურიენტების მიღებისთვის სიახლეს გეგმავს. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების არსებული ფორმა შეიცვლება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, არ სჭირდება საქართველოს ამდენი ეკონომისტის დაფინანსება უფასო ფაკულტეტებზე, ეს რაოდენობა სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ უნდა იყოს, გაცილებით მნიშვნელოვანია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ბევრი სხვა მეცნიერების დაფინანსება გაზრდილი ოდენობით.

ახალი მოდელი ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს პრიორიტეტებზე, ასევე იმაზე, რასაც სახელმწიფო ინტერესები და ბიზნესი მოითხოვს.

 

ნათია ხარებაშვილი  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g