LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერისთვის ემზადება – თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია

926
and-we-dance-news

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს. ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.

Cavea Cinemas (City Mall)-ში, რომელიც ძალიან მალე ამუშავდება, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფი ჟურნალისტებს შეხვდა. საქართველოს კინოთეატრებში გამხმაურებული ფილმი ორი მამაკაცი მოცეკვავეს სიყვარულის ამბავზე, რომელიც ლევან აკინმა გადაიღო, 8-9-10 ნოემბერს გავა. თითქმის ყველა ბილეთი უკვე რეალიზებულია. ერთადერთი, რამააც წარმატებულ პრემიერას შეიძლება ხელი შეუშალოს, არის საზოგადოების ნაწილის პროტესტი ფილმის მისამართით…

ქართულ პრემიერამდე მცირე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი მასზე დასწრებას არ აპირებდა და ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების საკითხების გამო მიიღეს. ფილმის პროდიუსერთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

ქეთი დანელია, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, პროდიუსერი:

მაისში გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს კინოთეატრებში ეს ფილმი ნოემბერში გვეჩვენებინა. აგვისტოში კი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ასევე ნოემბერში ლოს ანჯელესში ჩვენი გამგზავრება გადაწყდა. შესაბამისად, შემოქმედებითი ჯგუფი უბრალოდ, აქ არ იქნება. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების დაცვა გვჭირდება, როცა კინოში მივდივართ ფილმის სანახავად. ეს კითხვა რომ დაისვა, ძალიან კარგად ჩანს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ელოდებოდით ბილეთების დიდი ნაწილის რეალიზებას?

ასეთ ამბავს ნამდვილად არ ველოდით, რამდენიმე დღეში ყველა სეანსი გაიყიდა. გვიხარია ხალხის დაინტერესება და მხარდაჭერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ კარგისკენ, სიკეთისა და სიყვარულისკენ.

ქართველი მაყურებლის რა ტიპის რეაქციას ელოდებით?

დახურულ ჩვენებაზე უამრავი სტუმარი გვყავდა და მათ გვითხრეს, რომ საოცრად მოეწონათ ფილმი. იმედი გვაქვს, რომ მაყურებელს მოეწონება. მონეტას ორი მხარე აქვს. არსებობს ხალხი, ვისაც არ მოსწონს ჩვენი ფილმი ისე, რომ ნანახი არ აქვს და მას უპირისპირდება. მეორე კატეგორიაც არის, ვისაც ფილმის იდეა მოსწონს და მას მხარს უჭერს ისე, რომ არ უნახავს. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ფილმს ნახავენ, იმედები არ გაუცრუვდებათ.

„ქართული მარში“ ამბობს, რომ არ დაუშვებენ ქართულ კინოთეატრებში „სიბილწის პროპაგანდას“. ასეთ შეფასებებს როგორ ხვდებით?

რას ნიშნავს სიბილწე? ყველაფერს შეგიძლია, სიბილწე დაარქვა. პროპაგანდაც შეუსაბამო სიტყვაა. რისი პროპაგანდაც ნამდვილად მიმდინარეობს, იმაზე პროტესტი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. გული მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემის ფონზე, საზოგადოებაც და სახელმწიფოც აყენებს უმნიშვნელოვანეს პრობლემად კითხვას, არის თუ არა ადამიანი გეი. ძალიან სევდიანი რეალობაა. გული მტკივა… რუსეთი კართან მოგვადგა და თურმე ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, ვინაა გეი და ვინ არა.

კულტურის სამინისტროსთან გაქვთ გაუგებრობა…

ნამდვილად არ ვუყვარვარ კულტურის სამინისტროს (იღიმის). მათ ორჯერ მივმართე, პირველ შემთხვევაში კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებელი თანხა, სულ 2500 ლარი გვჭირდებოდა, უარი მივიღეთ ისეთი მიზეზით, რაც ჩვენთვის მიუღებელია. კანის კინოფესტივალზე ქართულ ფილმს ყოველ წელს არ აჩვენებენ. ამ სამინისტროს ვადანაშაულებ იმაში, რომ ჩვენი კულტურა ვერაფრით გაგვაქვს ვერც ერთ პლატფორმაზე. როცა ამის საშუალებას იძლევა კერძო პროექტი, რომელშიც სახელმწიფოს მინიმუმი აქვს ჩადებული, ფაქტობრივად, არაფერი, ხელს კი არ გვიწყობენ, პირიქით… რაღაც მუხლებს გვისახელებენ და იმის გასაგებად, რა მიზეზია, უნდა გამოვიძიო, რა მუხლებია. დიდი ბოდიში, მაგრამ ამისი დრო არ გვაქვს. თუ საჭირო იქნება, დარწმუნებული ვარ, ამასაც გავქექავთ და იქნება პროექტები, რომელთა დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილება სათუო იქნებოდა, მაგრამ მე ამას არ ვაპირებ. გამიხარდებოდა მათი ჩართულობა, მაგრამ მგონია, რომ რაღაცის ეშინიათ. კიდევ მივმართავ მესამედ, მეოთხედ. დაფინანსების სხვა წყარო კულტურის სფეროში არ არსებობს. „ოსკარის“ კამპანია ასი ათას დოლარამდე ჯდება და 90 პროცენტს შვედური მხარე აფინანსებს. ვისაც ფილმი ნანახი არ აქვს, ვეტყვი, რომ ის არის საქართველოს უდიდესი რეკლამა, ამას კი დანახვა უნდა კულტურის სამინისტროს მხრიდან…

ამ დრომდე რამდენი ჯილდოს აღება შეძლო ფილმმა?

მხოლოდ წინა ერთ კვირაში რვა პრიზი ავიღეთ. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 40 ქვეყანაშია გაყიდული და დაგეგმილია ჩვენებები სხვადასხვა ქვეყანაში. საკმაოდ წარმატებული ჩვენებები უკვე შედგა, რაც ძალიან მახარებს. ჩვენს ქვეყანას ბევრი პოზიტივი სჭირდება…

ლევან გელბახიანი, მსახიობი:

მართლა არ ველოდი, გამიკვირდა და თან გახარებული ვარ, რომ ბილეთები ასე სწრაფად გაიყიდა. ეს ნიშნავს დიდი მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან. ამ ფილმში მონაწილეობა საკმაოდ რთული იყო. პირველი იყო შიში – დავთანხმებოდი თუ არა პროექტში მონაწილეობას, საზოგადოების წნეხიდან გამომდინარე ვამბობ ამას. აქ რაღაცები საშიშია ხოლმე.

ეს შიში როგორ გადალახე?

პირველი თიზერი რომ გადავიღეთ… პირველივე სცენიდან მივხვდი, რომ ეს იყო ფილმი, რომელიც თავის საქმეს ხუთიანზე გააკეთებდა. კომფორტის ზონიდან არ გამოვსულვარ გადაღებების დროს. სხვანაირად დავიწყე ფიქრი.

რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა ეს ფილმი?

რომ დაფიქრდეს, გადახარშოს და გაიზროს ბევრი რამ. მხოლოდ უფროსმა თაობამ არ უნდა ნახოს, რომ უმცროსი ასაკის ადამიანებს უფრო მეტად გაუგოს. ასე მგონია, ფილმის ნახვის შემდეგ ყველა ასაკის ადამიანი სავსე გამოვა კინოდარბაზიდან. ძალიან მასშტაბური იდეებია. ეს არის ყველაზე ღირებული, რომ მხოლოდ ერთ თემაზე არ არის კონცენტრირებული…

„პირველი ქართული გეიფილმი“ – ამ შეფასებაზე რა რეაქცია გაქვს, როგორც მთავარი როლის შემსრულებელს?

გეიფილმის ცნება არ ვიცი, რა არის, მაგრამ თუ ასე სურთ, დაუძახონ. მთავარია, ფილმი ნახონ. ძალიან ემოციური ფილმია, რომელიც კარგ შეგრძნებებს იწვევს. მასში ცუდი და გამაღიზიანებელი არაფერია. ასე რომ, ნუ ეშინიათ…

მოკლედ, ზოგს ფილმში მონაწილეობის ეშინია და ზოგს ფილმის ნახვის…

(იცინის) ასეა.

ბაჩი ვალიშვილი, მსახიობი:

მე ველოდებოდი ხალხის ინტერესს, რადგან პირველი ანონსიდან მოყოლებული ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ. მეორე მხრივ, ბევრი კარგი ქართული ფილმი გამოსულა, მაგრამ ხალხი კინოთეატრებში არ დადის მათ სანახავად. ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ დიდ ეკრანზე სურთ მისი ნახვა.

ლევანის მსგავსად, შენც გეშინოდა როლზე დათანხმების?

იყო ეს მომენტი. მეც მქონდა ეჭვები და სიფრთხილით მოვეკიდე ამ ყველაფერს. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, თუკი ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და არსებობს ისეთი რამ, რაც მაწუხებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ ვიფიქრე, დავთანხმებოდი თუ არა ამ როლის შესრულებას, როგორც მსახიობს, პასუხისმგებლობაც მქონდა ამ როლზე დათანხმების კუთხით. ძალიან გამიმართლა, რომ მონაწილეობა გადავწყვიტე. აუცილებლად ვინანებდი. სულ ვიფიქრებდი, რომ უაზრობის შემეშინდა და არ დავთანხმდი ამ როლს.

მგონია, რომ მაყურებლის იმედებს გავამართლებთ. მასში არაფერია გამაღიზიანებელი, პოზიტიური და ნათელი, ძალიან კეთილი ფილმია. მგონია, რომ ბევრი ადამიანი გამთბარი და ბედნიერი გამოვა ჩვენებიდან…

ფოტო: მარი როსტიაშვილი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g