– ”ბრავო რეკორდს” უპრეცედენტო პროექტი აქვს, ეს არის ერთგვარი ანბანი თუ როგორ უნდა შევიძინოთ მუსიკა, როგორ უნდა ვრცელდებოდეს ის კულტურული ფორმით და არა მეკობრული, როგორც დღეს არის მიღებული. როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა და როგორ გარისკეთ საქართველოში ამ პროექტის დანერგვა?
– სანამ ამას გადავწყვეტდით ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით, როგორ მოვქცეულიყავით. იდეა უკავშირდება მსოფლიო ტენდენციას, რაც თანდათანობით ფიზიკური გაყიდვების გაქრობას უკავშირდება. საქართველო ისედაც პატარა ბაზარია და იმისათვის, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია, მხოლოდ ფიზიკური დისკების წარმოება არ აღმოჩნდა საკმარისი. ამისთვის საჭირო იყო, რომ ელექტრონულადაც გვქონოდა საშუალება მიგვეწოდებინა მსმენელისთვის ჩვენი პროდუქცია. ასე გაჩნდა და განვითარდა bravisimo.ge-ს იდეა. მსმენელს ექნება საშუალება სულ რამდენიმე საათში იხილოს ”ბრავისიმოს” პრეზენტაცია. საშუალება მიეცემათ შევიდნენ საიტზე და ნახონ, რომ გარდა მუსიკისა აქ არის ძალიან ბევრი პროექტი წარმოდგენილი, მათ შორის ფან აქსესუარები, ანუ ცნობილი მომღერლების ნაქონი ნივთები.
– თქვენი საიტი რას თავაზობს მსმენელს და დაახლოებით თუ გაქვთ ერთი სიმღერის ღირებულება დათვლილი, თუ არის გათვლები გაკეთებული?
– კი გაკეთებულია. სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან დიდ პრობლემას, რასაც ჰქვია ”მეკობრეობა” საქართველოში. სწორედ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ნელ-ნელა არ დავიწყოთ პირდაპირ ომი სხვადასხვა საიტებთან და ხალხთან ვინც ამას ტვირთავს, არამედ შევცვალოთ ხალხის ცნობიერება და დავანახოთ, რომ მუსიკის არალეგალურად გადმოქაჩვა ისეთივე ქურდობაა, როგორც ნებისმიერი ნივთის მოპარვა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გვაქვს მოლაპარაკებები პროვაიდერებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ თანდათანობით შესაძლებელი გახდეს რეალურად აიკრძალოს ის რაც კანონში წერია.
ჩვენ გვენიჭება უფლება თითოეული იმ მომღერლისგან ვისი კონტენტიც ჩვენთან საიტზე იდება. ყველა ის სიმღერა, რაც ჩვენთან იქნება, ბუნებრივია ვეღარ დაიდება ვერცერთ არალეგარულ საიტზე. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. ჩვენი ნებართვით შეიძლება დაიდოს სხვაგანაც, მაგრამ უფასოდ გაყიდვის უფლება არ ექნება არავის.
– მოდი ვისაუბროთ 23 მაისზე…
– შოუ ბიზნესის თითქმის ყველა წამყვანი წარმომადგენელი საქართველოში დაპატიჟებულია ამ ღონისძიებაზე. ტელევიზიები, რადიოები აქტიურად გააშუქებენ ამ ღონისძიებას და ყველას საშუალება ექნება, რომ მომდევნო პერიოდში იხილოს თუ რა მოხდა ამ პრეზენტაციაზე. განხილული იქნება საიტის ფუნქციონირება, რაში მდგომარეობს მისი არსი.
– თქვენ ფიქრობთ რომ ეს ბიზნეს იდეა მუსიკოსისთვის შემოსავლიანი იქნება?
– პირდაპირ საიტიდან შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი თითოეულ მუსიკოს-შემსრულებელთან გადაირიცხება მის პირად ანგარიშზე. აქამდეც იყო რაღაც მცდელობები, რომ არ დაიკარგოს მთლიანად ეს თანხა. საავტორო უფლებების ასოციაცია არეგულირებს ამას, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო მარტივად დათვლადი იქნება.
– თქვენ შემთხვევაში აქ არის საუბარი არა მარტო ქართულ მუსიკაზე. ჩვენ შევძლებთ ქართულ საიტზეც უცხოური მუსიკის შეძენას? როგორ შეძელით უცხოურ მუსიკაზე გასვლა?
– საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პროექტზე, დაახლოებით სამი წელია და ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი აღმოჩნდა უცხოური მუსიკის მოპოვება ჩვენი საიტისთვის. დღეისათვის სამი წამყვანი ”რექორდ ლეიბლი” ფლობს უცხოური მუსიკის თითქმის 80 პროცენტს. აქედან ჩვენ ერთ-ერთ წამყვან ლეიბლთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. საკმაოდ რთული იყო თავიდან მათი დაყოლიება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარა ბაზარია საქართველოში და პატარა თანხებთან არის შესაბამისად ეს ყველაფერი დაკავშირებული. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მოვახერხეთ მათი დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა საინტერესო გამხდარიყო. ”SONY PMG” არის ასეთი კომპანია, ძალიან ბევრი მუსიკოსის წარმომადგენელია და მათი მუსიკა იქნება ჩვენს საიტზე პირველ ეტაპზე წარმოდგენილი. მიდის მუშაობა სხვა ლეიბლებთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მალე გვექნება უფრო დიდი არჩევანი. დაახლოებით ნახევარ მილიონ ტრეკზეა საუბარი მსოფლიო მასშტაბით, აქ შედის ყველა დროის მუსიკა.
– ფასი თუ არის დადგენილი რა ღირს ესა თუ ის სიმღერა, ყველა სიმღერას ერთნაირი ფასი ექნება თუ არის განსხვავებები?
– კი, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ უნიფიცირება მოგვეხდინა და უნდა აღინიშნოს რომ ბევრად უფრო იაფია ჩვენთან მუსიკალური ტრეკები I-tunes თუ შევადარებთ. თუ მათი მუსიკალური ტრეკის ღირებულება 99 ცენტია, ჩვენ შემთხვევაში ქართულ ტრეკებზე იქნება 50 თეთრი, ხოლო უცხოურზე 90 თეთრი, რაც საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ორჯერ იაფი გამოდის.
– როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რომ ამ საიტმა ქართულ ბაზარზე ფეხი მოიკიდოს?
ზაზა შენგელია: – პირადად ჩემი აზრით, ვინც ერთხელ შევა ამ საიტზე, ის აუცილებლად მუდმივი მომხმარებელი გახდება ნებისმიერი ასაკისა და მიმართულებების მოყვარული ადამიანებისთვის, ეს იქნება მელომანების თავშეყრის ადგილი. ამ შემთხვევაში სპონსორები არ არსებობენ, ეს არის მთლიანად კომერციული პროექტი, რომელიც დააფუძნა ”ბრავო რეკორდსმა”, ”კავკასუს ონლაინმა” და ბრენდინგ.ჯი-მ. ამ სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა პროექტის შექმნაში. ეს არის დღევანდელობისთვის ფეხის შეწყობა, უბრალოდ საქართველო ცოტათი გვიან ერთვება ამ მიმართულებაში.
– რამდენად არის კანონმდებლობა ამითვის მზად?
– როდესაც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გახლდით, ვიყავი ამ კანონის ავტორი. მთავრობის მხრიდან მე ვიყავი ამ საკითხის კოორდინატორი, პარლამენტის მხრიდან კი ელდარ შენგელაია, მაშინ ვიცე-სკიპერი გახლდათ. მას შემდეგ კანონი არ შეცვლილა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა, რადგან ბევრი ახალი ტექნოლოგიური რეალიები გაჩნდა, რაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობაშია ასახული. მუსიკის სფეროში დასაქმებული ადამიანების კონსტიტუციური უფლებები ირღვევა. ეს არის კატასტროფა, რომელიც არავის არ აღელვებს.
მოისმინეთ გადაცემის სრული ჩანაწერი და გაიგეთ როგორ უნდა შეიძინოთ სიმღერა კანონიერად, რა სისტემით იმუშავებს ახალი სისტემა, რას ნიშნავს კარაოკე, ზუმერები, მემორადილია და როგორ უნდა დავაფასოთ მუსიკა.
გადაცემის ჩანაწერი
ფოტო